Temple Pharmacy ქართველი არტისტების, მაქსიმე მაჩაიძის და ნიკა საბანაძის პირველი ინგლისურენოვანი ალბომია, რომელიც თავის მხრივ უფრო ფართო შემოქმედებითი პროექტის, ალტერნატიული ფენტეზი სამყაროს ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არტისტები ტანსაცმელს, სამკაულების კოლექციას და 7000-მდე NFT ავატარს ქმნიან.

მაქსიმე მაჩაიძე, ანუ Luna Flowers პოპულარული ქართული პროექტების, Kung Fu Junkies-ის, Kayakata-ს წევრი და ონლაინ ლეიბლის, LTFR-ის დამფუძნებელია. მაქსიმე მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ვიდეოთამაშებმაც: "ცხოვრებასაც ისე ვუყურებ, თითქოს ვიდეოთამაშია - ქვესთების შესრულება, მოგზაურობა, რაღაცების შეგროვება…"

მაქსიმესთვის და SABANA-სთვის მუსიკა, ისევე როგორც ზოგადად შემოქმედება, ცხოვრების გაგების მნიშვნელოვანი საშუალებაა. ნიკა საბანაძის თქმით, ბავშვობაში ძალიან ჰიპერაქტიული იყო და მხოლოდ მუსიკის ფონზე ახერხებდა ძილს. ის კომპოზიციებს 12 წლის ასაკიდან ქმნის და ბავშვობიდან უპირისპირდება “პროდუქტიულობის” საბჭოთა გაგებას, რომელიც ძალიან მკაცრ ჩარჩოში აქცევს “მუშაობის” ცნებას და მნიშვნელოვნად ზღუდავს როგორც ექსპრესიულობას, ისე სენსიტიურობას. 

ორი არტისტის კოლაბორაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული კონტრკულტურის ჩამოყალიბებაზე, ისევე როგორც სექსუალური უმცერესობების უფლებებისთვის ბრძოლაზე და “დრაკონული” ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი შთააგონა. 

Temple Pharmacy პოსტსაბჭოთა გალობაა, ერთგვარი მოგზაურობა თბილისის ქუჩებში და საბჭოთა ნანგრევებში. ალბომი სხვადასხვა ისტორიას აერთანებს და ჯამში 13 სიმღერისგან შედგება, რომლებიც ლულაქსის პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ფიქციურ და რეალურ მსოფლიოს შორის ზღვარს შლის. 

ლულაქსის და Temple Pharmacy-ის მითოლოგიაში ცენტრალური ადგილი მის პერსონაჟებს უკავიათ, რომლებიც NFT კოლექციის ავატარებად გვევლინებიან. 

პროექტის ფარგლებში Liam Aldous-ის აუდიო 4-ეპიზოდიანი დოკუმენტური პოდკასტიც გამოქვეყნდება, რომელიც Temple Pharmacy-ის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. 

 

ავტორი: ტატო ანთაძე