1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მკაცრი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი დაიწყო. სამშენებლო სექტორი ფაქტიურად ჩამოიშალა, ხოლო საცხოვრებელი ფონდი უიმედოდ გადაივსო. ჯერ კიდევ 1989 წელს მიღებული კანონი „აივნების, ლოჯიების და ვერანდების“ ინდივიდუალურ საბინაო ერთეულებზე მიშენების უფლებას იძლეოდა. თუმცა ეს კანონი მაცხოვრებელთა მიერ საცხოვრებელი სივრცის ნაკლებობის ასანაზღურებლად, ანუ საკუთარი ბინის გასაფართოებლად იქნა ინტერპრეტირებული. შედეგად პოლიტიკური არეულობის პერიოდში, 1991-დან 1995 წლამდე, ამგვარად აგებული მიშენებები უეცრად მთელს თბილისს მოედო. მიშენებების რაოდენობა და ზომა სხვა პოსტ-საბჭოთა ქალაქებთან შედარებით უპრეცენდენტო გამოდგა.
1985 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალი მმართველის, გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებულ ე.წ. „პერესტროიკის“ გეგმა (რუს. გარდაქმნა), დასუსტებული საბჭოთა რესპუბლიკების რეფორმირებას ისახავდა მიზნად. გეგმის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობა მიენიჭა ადამიანურ ფაქტორს და შესაბამისად თითოეულის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1977 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის 44-ე მუხლი, საცხოვრებელს ადამიანის ძირითად უფლებად მიიჩნევდა,2 ცენტრალურად დაგეგმილი საცხოვრებელების მშენებლობა და ბინების გაცემის პოლიტიკა ვერ ახერხებდა, საცხოვრებლი ფონდის ნაკლებობის პრობლემის გადაჭრას - პრობლემისა, რომელიც საბჭოთა კავშირმა მთელი არსებობის მანძილზე ვერ დასძლია.
1917 წელს, ლენინის მიერ მიღებული დეკრეტით, პირადი საკუთრება გაუქმდა ისე, რომ ყოფილ მფლობელების არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. „მდიდრებს“ - რომლებიც ლენინის მიერ განისაზღვრნენ, როგორც ადამიანები რომლებიც იმდენივე ან უფრო მეტ ოთახს ფლობდნენ ვიდრე ამავე ერთეულში მუდმივად მცხოვრები ადამიანები - წაეყენათ მოთხოვნა, სასწრაფოდ და „ნებაყოფლობით“, გაეთავისუფლებინათ „ზედმეტი ოთახები“ ან „ზედმეტი ბინები“.3 ხოლო 1919 წლიდან მოქმედი ახალი სანიტარიული სტანდარტი ერთ სულ მოსახლეზე საცხოვრებელი ფართი განაწილებას აკონტროლებდა4 და თითოეულ ზრდასრულ ადამიანზე ათ, ხოლო 1926 წლის შემდეგ მხოლოდ რვა კვადრატულ მეტრს განსაზღვრავდა. 1923 წლის შემდეგ მას ვინც „გადაჭარბებულ კვადრატულ მეტრებს“ ფლობდა გადასახადი უნდა გადაეხადა. ოთახები, რომლებიც საცხოვრებელ ერთეულში როგორც სამუშაო, ბიურო, საამქრო ან სახელოსნო ოთახად იყო განსაზღვრული კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ამგვარადვე, 1920-ანი წლებიდან მოყოლებული დეკრეტის „მოსახლეობის ქმედითუნარიანი განაწილების მიზნით“5 საშუალებით, შესაძლებელი გახდა მფლობელის ბინიდან გამოძევება და გასახლება. შედეგად ჩამოყალიბდა არანებაყოფლობითი, კოლექტიური თანაცხოვრების ფორმა, რომელშიაც სრულიად განსხვავებული ადამაიანები ერთად ცხოვრობდნენ კომუნალურ, საერთო ბინაში. სწორედ ეგრეთ წოდებული კომუნალური ბინა იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საცხოვრებლის ფორმა. მხოლოდ ხრუშჩოვის მმართველობის ხანაში, 1950-ანი წლების შემდეგ, დაიწყო განსახლება არა საცხოვრებელი ფართობის კვადრტული მეტრებისა და ადამიანების რაოდენობის მიხედვით არამედ ცალკეულ ერთეულში ერთი ოჯახის შეასახლებით. ხრუშჩოვის მიერ წამოწყებულმა მასობრიივი განსახლების პროგრამამ ნაწილობრივ შესძლო საცხოვრებელი ფონდის კრიზისის დარბილება თუმცა ვერ მოაგვარა საკუთრივ ბინების ნაკლებობის მოგვარება. 1980-ან წლებში, ადამიანებს ბინის მისაღებად, საშუალოდ ოცწლიანი ლოდინი უწევდათ. მხოლოდ „განსაკუთრებლ პირობებში“ მყოფი ოჯახებისთვის - რომლებთაც ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებული საცხოვრებელი სივრცე ნორმით დადგენილზე უფრო ნაკლები ჰქონდათ - იყო გათვალისწინებული შედარებით მცირე პერიოდში ბინის გამოყოფა 1988 წელს, მოსკოვის მოსახლეობის 12 პროცენტი ანუ 334,800 ოჯახი და თბილისის 19 პროცენტი ანუ 59,000 ოჯახი6 ელოდა ახალ ბინაში განსახლებას. ერთ, ორ, სამ ან ოთხოთახიან ბინაში საცხოვრებლად სულზე სულ 10,7 კვადრატული მეტრი იყო გათვალისწინებული.
საცხოვრებელი 2000 (ЖИЛИЩЕ 2000)
1970-ანი წლების მეორე ნახვრიდან, მთელმა საბჭოთა კავშირმა, საქართველოს ჩათვლით, მწვავე ეკონომიკური კრიზისი გამოიარია. ამ „სტაგნაციის წლებს“ კორუფცია, ნეპოტიზმი და შავი ბაზრის გარიგებები ახასიათებდა. საცხოვრებელ ფონდს ამ კრიზისისგან განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა. დიდ ქალაქებში განსახლების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. 1986 წლის თებერვალში, გორბაჩოვის მთავრობამ გადაწყვიტა, განსახლების პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაჩქარებულ რეჟიმში მიეღო. გორბაჩოვის მიერ მიღებულმა პროგრამამ „საცხოვრებელი 2000“7 საყოველთაო ეიფორია გამოიწვია; პროგრამა 2000 წლისთვის, ყოველ საბჭოთა ოჯახს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთარ ბინას ან სახლს ჰპირდებოდა. ამავდოულად პროგრამა მიზნად ისახავდა 1985 წლის მონაცემით ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრული საცხოვრებელი სივრცის, 14,6 კვადრატული მეტრის, 2000 წლამდე თანდათანობით, 22 კვადრატულ მეტრამდე ზრდას. თუმცა საბჭოთა ეკონომიკური რეალობა და ეს პროგრამა ერთმანეთს არ ესადაგებოდა და უკვე 1987 წლისთვის ნათელი გახდა, რომ „პერესტროიკა“ თავისუფალი ბაზრის ელემენტების შემოტანის გარეშე, შეუძლებელი იყო.
პრისტროიკა (რუს.მიშენება"
1988 წელს ბალტიის და კავკასიის რესპუბლიკებში მშვიდობიანი პროტესტის ტალღამ იჩინა თავი; თბილისშიც იმატა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამ. 1989 წლის მარტში, გორბაჩოვმა წარადგინა გეგმა, რომელიც ცალკეულ რესპუბლიკებს მეტ უფლებებს ანიჭებდა ვიდრე მათ მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიის განმავლობაში ჰქონდათ, რათა „ყოველმა საბჭოთა ერმა და ხალხმა თავისი პოტენციალი მაქისმალურად განავითაროს“8. თუმცა გორბაჩოვის დაპირების მიუხედავად, რუსმა სამხედროებმა, 9 აპრილს, თბილისში ძალადობრივად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია. მოსახლეობის დასაშოშმინებლად, საქართველოს საბჭოთა ადმინისტრაციამ დეკრეტების სწრაფი სერია შეიმუშავა, მათ შორის 1989 წლის მაისის დეკრეტი, რომელიც მაცხოვრებლებს აძლევდა უფლებას პირადი სახსრების გამოყენებით „სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი თუ კოოპერატიული ნაგებობების უკანა ფასადებზე, მაქსიმუმ ცხრა სართულიან შენობებზე, ლოჯიები, ვერანდები, აივნები თუ სხვა დამხმარე ნაგებობები“ მიეშენებინათ. მთავრობის ბრძანებულების მიხედვით, ამ მიშენებების ზომა არ უნდა გასცდენოდა საცხოვრებელი ფართის ზომის 25 პროცენტს. სახელმწიფო კომპანიებმა მიშენებებისთვის ფოლადის კონსტრუქციების შენება დაიწყეს, რომლებსაც გაფართოებისათვის დაშვებული ფართის საზღვრები უნდა მოენიშნათ. საწყის ეტაპზე, სახელმწიფო ზედამხედველობას უწევდა დაგეგმარების პროცესს, შენობების პროექტირებას, მიშენების ტექნიკურ განხორციელებას, ასევე მეზობლებს შორის კოორდინირებას, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისიდან, მშენებლობების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ სახელმწიფო უწყებებისთვის შეუძლებელი გახდა მათ ზედამხეველობა.
მიშენებები უმეტესად, 1950-ან წლებში ან უფრო გვიანდელ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს აშენებულ, ტიპიურ საცხოვრებელ სახლებზე განხორციელდა - შენობებზე რომელთა არქიტექტურაც იმდროინდელი სულისკვეთების „უკეთესი, იაფი და სწრაფი“ და „რამდენიმე კვადრატული მეტრი ყველასთვის“9 გამოძახილია. ამ პერიოდში საბჭოთა მშენებლობის ახალი სტანდარტებით განისაზღვრა ერთოთახიანი ბინის მაქსიმალური ფართობი 16 კვადრატული მეტრი, ოთხოთახიანის კი 40 კვადრატულ მეტრი. სტანადარტების მიხედვით, ასევე ხდებოდა ოთახების რაოდენობის დახარისხება, ჭერის სიმაღლის 2,5 მეტრამდე და სამზარეულოს ფართობის 4,5 კვარდატულ მეტრამდე დაყვანა. 1990-ანი წლების ადეულ პერიოდში, დიდ ოჯახებს უწევდათ ძალიან მცირე ფართის ბინებში ცხოვრება. 1990-ან წლებში ქვეყანაში ადგილობრივმა პრობლემებმა იჩინა თავი, რასაც შედეგად შეარაღებული კონფლიქტები, სამართალწესრიგის არარასებობა და რეგულაციების გაქრობა მოჰყვა. სახელმწიფო კონტროლის არარსებობის გამო, მოსახლეობამ სადავეები თავადვე აიღო ხელში და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაც თვითონ იკისრა. ეს ყველაფერი სამშენებლო ქაოსში გადაიზარდა, რაც ხშირად ძალიან სახიფათო ნაგებობებს წარმოქმნას განაპირობებდა. ზოგიერთი ბინა 60 პროცენტზე მეტად გაიზარდა, თანაც ისეთ შენობებზე, რომელბიც ცხრა სართულზე უფრო მაღალი იყო. ამასობაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ადგილობრივმა პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განმუხტვა დაიწყო, თუმცა მიშენებათა უმეტესობა უკვე აშენებული იყო.
ტოტალური პრივატიზაცია
საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში ოთხი ტიპის საცხოვრებელი საკუთრება არსებობდა: სახლემწიფო საკუთრება (45 პროცენტი), გაერთიანებების და ინსტიტუციების საკუთრება (35 პროცენტი) და, 1981 წლის დეკრეტის შედეგად მიღებული, პირადი საკუთრება (12 პროცენტი). საცხოვრებელი ფონდის 8,5 პროცენტი ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებულ სამშენებლო კოოპერატვივებს - სულ მცირე 24 მხარისაგან შემდგარ ასოციაციებს - რომელბსაც საცხოვრებელი სახლების მშენებელობა, პირადი ფონდების და სახელმწიფო ვალებისგან მიღებული სახსრების საშუალებით შეეძლოთ. როდესაც, 1988 წელს, პროგრამა „საცხოვრებელი 2000“ საჯაროდ გამოცხადდა, სამშენებლო კოოპერატივებმა სახელმწიფოსგან მიღებული სესხების დაფარვა მაშინათვე შეწყვიტეს. რამდენიმე წლის შემდეგ, სამშენებლო კოოპერატივების მფლობელობაში მყოფი საკუთრება, იმ საცხოვრებელ ერთეულებად იქცა, რომელთა პრივატიზაციაც პირველ რიგში განხორციელდა.
1991 წელს, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი და კოოპერატიული საცხოვრებელი ფონდის პრივატიზაციის უფლება გასცა. იმისათვის, რომ ბინა მაცხოვრებლის პირად საკუთრებაში უფასოდ გადასულიყო, მხოლოდ განაცხადი და მინიმალური ადმინისტრაციული გადასახადის გადახადა იყო სავალდებულო. მალევე ეს პროცესი „ტოტალურ პრივატიზაციაში“ გადაიზარდა, რომელმაც შენობების შენახვის, უსაფრთხოების, დაზღვევისა და საკუთრივ საცხოვრებელზე სრული პასუხისმგებლობა მფლობელებს დააკისრა.10 თუმცა ამ პრივატიზაციის პროცესში, მიშენებები განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენდნენ; მიუხედვად იმისა, რომ ისინი კერძო ფონდების მიერ იყვნენ აშენებულნი, თანაც საბჭოთა კავშირის დროს, მაინც სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდნენ – შესაბამისად საკუთრებად, რომელიც ბინებს ოფიცალურად არ ეკუთვნოდა. ამგვარად, ისინი ბინებთან ერთად არ იქნენ პრივატიზებულნი და მათ უმეტესობას დღემდე არ აქვს ლეგალური სტატუსი, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ მიშენებები არ არსებობს. შედეგად, ისინი როგორც გეგმიური ისე საკანონმდებლო კონტროლის ძალისხმევათა მიღმა რჩებიან.
1989-1995 წლებში, მიშენებების აგება მთავრობის დეკრეტის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ისინი დღემდე არაფორმალურ ნაგებობებად განიხილებიან, მიუხედავად ამისა, რომ მხოლოდ 1991 წლის შემდეგ დაიწყო უკონტროლო მშენებლობა.
1989 წლის დეკრეტი მიშენებების შესახებ, მიზანდ ისახვდა მოსახლეობის უკეთესი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის სწრაფ პოლიტიკურ მოგვარებას. თუმცა პრობლემის ამ სახით გადაწყვეტა არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ძალისხმევას ან ხარჯებს. ამის გამო, მიშენებები, რომელბიც დღეს, თბილისის ურბანულ გარემოს ქმნიან, არ შეიძლება განხილულ იყოს იმ პოლიტიკური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, რომელშიც ისინი აშენდა. ცენტრალიზებული ძალაუფლების და კანონმდებლობის სამოცდაათ წელს, უკანონობის წლები მოჰყვა. ამავე პერიოდში მიმდინარე ტოტალური პრივატიზაციის ფარგლებშიც მაცხოვრებელები ყოველგვარი მომზადების გარეშე, უეცრად გადაიქცნენ მეპატრონეებად. საბაზისო სერვისების კოლაფსმა კი სულ სხვა პრიორიტეტების აღზევებას შეუწყო ხელი. ამიტომ თბილისური მიშენებების უსისტემო სახე ჯერ კიდევ 1990-ანი წლების კრიზისის მოგონებებს იწვევს. ისინი, საზოგადოების მხრიდან, ჩვეულებრივ მახინჯ და შეურაცხმყოფელ ნაგებობებად ითვლებიან, რომლებიც ურბანულ გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. თუმცა ეს ფაქტი მათი მოხმარების მხრივ დამოკიდებულების ცვლას სრულებითაც არ იწვევს. შენობების შიდა სივრცეში აღარ არსებობს განსხვავება მიშენებულ და პირველად საცხოვრებელ ფართს შორის. მიშენებები ბინებთან სრულად არიან ინტეგრირებულნი, იმ შემთხვავაშიც კი როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული თუ ვინ არის ამ „დამატებითი საცხოვრებელი ფართის“ მფლობელი.
მიუხედვადა იმისა, რომ ბინების ტოტალური პრივატიზაციის ბიუროკრატიული პროცესები ადრეულ 1990-ან წლებში აშკარად გამარტივდა, მიშენების დაკანონებას ჯერ კიდევ ძალიან ბიოროკრატიული ხასიათი აქვს. იმისათვის, რომ მიშენებისთვის ლეგალური სტატუსი მოიპოვო, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს მიშენების სამშენებლო უსაფრთხოება, განსახილველად წარმოადგინოს საკუთრების ტოპოგრაფიული ანალიზი და სხვა დოკუმენტაცია. თუკი მიშენება დაკანონებულია, მოსახლეს ენიჭება მიშენების სრული მფლობელობის უფლება და ამასთან ერთად მასზე სრული პასუხიმგებლობა. მაგრამ თუ, წარმოდგენილი საბუთების განხილვა ცხადყოფს რომ მიშენების კონსტრუქცია არამდგრადია, ის უნდა დაინგრეს. ამიტომ აქამდე მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ლეგალურად დაკანონებული. მიშენებების მომავალი უკანონო სივრცეებსა და დაკანონების ოფიციალური მოთხოვნის რისკებს შორის ჯერ კიდევ გაურკვეველია.
დაწერე კომენტარი