ცნობილი ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი მარტის დასაწყისში ნორმანდიაში ჩავიდა და კარანტინის პერიოდში თავის ძაღლთან და ასისტენტებთან ერთად იქ დარჩენა გადაწყვიტა. იგი უმეტეს დროს ეზოში, ხეებისა და ყვავილების გაფურჩქნის ცქერაში ატარებს, შემდეგ კი გაზაფხულის დადგომის სცენებს iPad-ში ხატავს.
ჰოკნი მუშაობის პროცესში ნახატებს თავის მეგობრებს უგზავნიდა, სწორედ აქედან დაიბადა ნამუშევრების ფართო პუბლიკისთვის გაზიარების იდეაც. პირველად მან საზოგადოებას წარუდგინა ნახატი, სახელწოდებით Do remember they can’t cancel the spring, რომელზეც ნარცისებია გამოსახული. მუდამ ოპტიმისტი ჰოკნი ამ ნამუშევრით ცდილობდა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ მიუხედავად ჩაკეტილობისა, გაზაფხულის მოსვლას წინ ვერავინ აღუდგება. ამის შემდეგ კი მან BBC-ის ცხრა ახალი, ექსკლუზიური ნამუშევარი გაუზიარა (მათ შორის ერთ-ერთი ანიმაციაა).
არტისტის მიერ ამ ნამუშევრების შექმნის მიზანი იყო თითების (ამ შემთხვევაში, სენსორის) საშუალებით გადმოეცა ყოველივე ის, თუ რას ხედავს და განიცდის იგი ბუნებაზე დაკვირვებისას და რა როლი აქვს ხელოვნებას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს არის ჩანაწერები იმის შესახებ, როგორ აღიქვამს ჰოკნი იმ საგნებსა და სივრცეს, სადაც ცხოვრობს.
“ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, რომელიც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2 მარტის შემდეგ ნორმანდიაში ვიმყოფებით და სწორედ მაშინ დავიწყე ამ ხეების ხატვა iPad-ში. ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ასეთ რთულ პერიოდში ეს ნამუშევრები მათ შვებას ჰგვრით… ჩვენ დავკარგეთ კავშირი ბუნებასთან, რომლის ნაწილიც ვართ თავიდან ბოლომდე. ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება. და რას ვისწავლით?.. 83 წლის ვარ, მალე მოვკვდები. სიკვდილის მიზეზი დაბადებაა. ცხოვრებაში მხოლოდ ორი რამ არის მნიშვნელოვანი: საჭმელი და სიყვარული, ეს ჭეშმარიტია ჩვენთვის, ზუსტად ისე, როგორც ჩემი ძაღლი რუბისთვის. მე მართლა მჯერა, რომ ხელოვნების წყარო სიყვარულია. და მე მიყვარს ცხოვრება.”
დაწერე კომენტარი