6 აპრილიდან კინოსტუდია Focus Features-მა პროექტი Movie Mondays წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც გაიმართა უეს ანდერსონის „ამომავალი მთვარის სამეფოს“ ონლაინ-ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს რეჟისორისთვის კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდა. კითხვებიდან ერთ-ერთი იყო: რომელ პერსონაჟს მიიჩნევს რეჟისორი ყველაზე გამორჩეულად და მნიშვნელოვნად, რომელზე პასუხი „ამომავალი მთვარის სამეფოს“ პროტაგონისტი, კაია ჰეიუორდის მიერ განსახიერებული სუზი ბიშოპი აღმოჩნდა.
„ვთვლი, რომ სუზი ჩემი პირადი გამოცდილებიდან მცირეოდენს მაინც განასახიერებს, - ამბობს ანდერსონი. - ის პოულობს წიგნს, „პრობლემურ ბავშვთან გამკლავება“, და იცის კიდეც ვინ არის ეს ბავშვი...“
რეჟისორმა ასევე ისაუბრა ფილმის გადასაღები ადგილების შერჩევაზეც. „ჩვენ ვიპოვეთ სახლი, სადაც სუზი ბიშოპს და მის ოჯახს უნდა ეცხოვრათ. სახლის პოვნის შემდეგ, ადგილის შესწავლა დავიწყეთ, სადაც უფრო და უფრო მეტ საჭირო რაიმეს ვპოულობდით. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის დავხეტიალობთ ფილმისთვის შერჩეულ ადგილებში, შევისწავლით ყველა დეტალს, რათა მათი გამოყენება მაქსიმალურად შევძლოთ და ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ დავაკავშიროთ“. - თქვა ანდერსონმა.
„ამომავალი მთვარის სამეფოს“ ონლაინ ჩვენებაზე მაყურებელს ფილმის პროტაგონისტ - სემ შაკუსკის როლის შემსრულებლის, ჯარედ გილმანის კომენტარების მოსმენაც შეეძლო, - „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენა მქონდა, თუ როგორი იქნებოდა კონკრეტული სცენები და, ცხადია, სიუჟეტიც ძალიან კარგად ვიცოდი, მახსოვს ის გაოცება, რომელიც ფილმის დასრულებული ვერსიის პირველი ხილვის შემდეგ დამეუფლა“.
„ამომავალმა მთვარის სამეფომ“ 2012 წელს კანის კინოფესტივალი გახსნა, მოგვიანებით ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, რომელიც უეს ანდერსონმა რომან კოპოლასთან ერთად დაწერა.
მაყურებელი რეჟისორის მომდევნო ფილმის - The French Dispatch-ის ხილვას ამ წლის ოქტომბერში შეძლებს.
დაწერე კომენტარი