დედამიწის საერთაშორისო დღესთან - 22 აპრილთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ხელოვანებს ჩვენს პლანეტასთან. აქ წარმოდგენილია 10 ხელოვანი, რომელთა ნამუშევრები დედამიწასა და ბუნების სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ჯოან ჯონასის ბოლო ინსტალაციიდან დაწყებული, ენდი გოლდსუორტის ბუნებრივი მასალისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილებით გაგრძელებული, ბევრი ხელოვანი შთაგონების წყაროს გარემოსა და ჩვენი პლანეტისგან იღებს, რაც, მათი თქმით, ბუნებასთან კავშირის შენარჩუნებაში ეხმარებათ.
ანა მენდიეტა
ანა მენდიეტას სახელი პირველ რიგში მის ხელოვნების ნიმუშს - Siluetas (სილუეტებს) უკავშირდება. კუბელმა ხელოვანმა ბუნებრივი გარემო გამოიყენა, რათა გამოეხატა სხეულის ადგილი სამყაროში, მისი ურთიერთობა დედამიწასთან, ბუნებასა და სულიერებასთან. მისი ნამუშევრების ნახვა ნიუ-იორკის MoMA-ში, დანიის ლუჟიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ჰირშჰორნის D.C-ში არის შესაძლებელი.
კრისტო და ჟან-კლოდი
ამერიკაში სპეციფიკური ხელოვნების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები კრისტო და ჟან კლოდი იყვნენ. ისინი უზარმაზარი მასშტაბის (როგორც ურბანულ, ასევე სოფლურ) პროექტებზე მუშაობდნენ, რომლებიც დაგეგმვიდან რეალიზაციამდე მრავალწლიან შრომას მოითხოვდა. კრისტო და ჟან-კლოდი არიან ხელოვანები, რომლებსაც ერთმანეთი თავიანთმა ხელოვნებამ შეაყვარა. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად ჩარეულიყვნენ ბუნების ისედაც საოცარ ქმნილებებში, რათა დაენგრიათ სტერეოტიპები და ინსტალაციის ხელოვნება ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი გაეხადათ.
ჯოან ჯონასი
82 წლის პერფორმანსისა და ვიდეოხელოვნების პიონერი ჯოან ჯონასი ყოველთვის დაინტერესებული იყო ბუნების შეცვლით მარტივად ცვალებად გარემოში. ამჟმად MoMA-ში მისი ინსტალაცია ინახება, რომელიც არქტიკული ლანდშაფტების, ხალხური ზღაპრების, მუსიკისა და დაკიდებული შუშების იდეალური ნაზავია.
ნენსი ჰოლტი
ნენსი ჰოლტი პირველი „დედამიწის ხელოვანია“, რომელმაც გარემო გამოიყენა, როგორც პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ის ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდა მისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. „მზის გვირაბები“ (1973-76) ნენსის ყველაზე ცნობილი ინსტალაციაა. ეს მინიმალისტური გვირაბები გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ამინდისა და შუქის ცვლილებას ნამუშევრის ერთი მომენტიდან მეორეში გარდაქმნა.
რობერტ სმიტსონი
ამ ადამიანმა სახელი Spiral Jetty-ის მეშვეობით გაითქვა. რობერტ სმიტსონი არის ხელოვანი, რომელმაც XX საუკუნის ხელოვნების ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა. Spiral Jetty არის ქანდაკება, იტას დიდი მარილიანი ტბის ნაპირას, ფერად წყლებში, რომელიც ქვების მეშვეობით დიდ სპირალს ქმნის. სმიტსონი დაინტერესებული იყო ჩვენს პლანეტასთან კავშირით და ინსტალაციის შესაქმნელად მან გეოლოგია და მინეროლოგია შეისწავლა.
აგნეს დენესი
უნგრეთში დაბადებული ხელოვანის, აგნეს დენესის ნამუშევარი Wheatfields გარემოსდაცვითი ინსტალაციაა უნივერსალური კონცეფციით, რომელიც საკვებს, ენერგიას, კომერციას, ეკონომიკას, არასწორ მართვას, გამოუსადეგარ ნარჩენებს, მსოფლიოს შიმშილსა და ეკოლოგიურ შფოთვებს ეხება, ყურადღებას ამახვილებს ჩვენს არასწორ პრიორიტეტებზე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანურ ღირებულებებს.
ენდი გოლდსუორტი
ბრიტანელი ხელოვანის, ენდი გოლდსუორტის ქანდაკებები იმ ადგილებში შეიქმნა, სადაც მან აღმოაჩინა მთელი რიგი ბუნებრივი რესურსი - თოვლით, ყინულითა და ლოდებით დაწყებული, ფოთლებით, ყლორტებითა და ტალახით დასრულებული, რომლებსაც ენდი შემდეგ ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად იყენებდა. ხშირად ეს ინსტალაციები დროებითი იყო და კლიმატის ცვლილებას ექვემდებარებოდა. ამ გზით გოლდსუორტმა მიზანმიმართულად გამოიკვლია ის ეფერალურობა, რომელსაც ბუნებრივი სამყარო ადამიანს უქმნის.
იოკო ონო
პროპაგანდისტული ლექსით - „მოუსმინეთ დედამიწის ბრუნვის ხმას“, წიგნიდან „გრეიფრუტი“, იოკო ონო მკითხველს მოუწოდებს მოუსმინონ დედამიწის ხმებს და ენდონ მის მოძრაობას.
მათილდა რუსელი
გადამუშავებული მასალისგან, ნიადაგის, ხორბლისა და ბალახის თესლებისგან შექმნილი ქსოვილის მეშვეობით ფრანგი ხელოვანი მათილდა რუსელი ადამიანის სხეულის ფორმის ინსტალაციებს ქმნის, რომლის ახსნაც მეტაფორულია და შეგვახსენებს, რომ ჩვენც ბუნების ნაწილი ვართ.
ოლაფურ ელიასონი
კლიმატური ცვლილებების და საგანგაშო სიტუაციის შესახსენებლად ისლანდიელ-დანიელმა ხელოვანმა ოლაფურ ელიასონმა 2015 წელს პარიზის პანთეონის წინ, საათის მსგავს ფორმაზე აისბერგის ყინულები განალაგა, რომლებიც ნელ-ნელა დნებოდა. ამ ინსტალაციას მან Ice Watch უწოდა.
დაწერე კომენტარი