დედამიწის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა დანიელ-ისლანდიელმა ხელოვანმა ოლაფურ ელიასონმა თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე ამბიციური პროექტი წამოიწყო. ხელოვანს სურს, რომ საზოგადოება აქციოს ახალი იდეის ხორცშემსხმელ არტისტად, ანუ ადამიანებმა თავად გამოსცადონ და დაინახონ „ხვალინდელი მსოფლიო“.
არტისტი დილის 10 საათიდან, საათში ერთხელ, Instagram-ზე დედამიწის ნარინჯისფერ და ვარდისფერ ფოტოებს გამოაქვეყნებს, რომლებსაც სურათის ცენტრში მონიშნული წერტილები ექნებათ. პროექტში მონაწილეობის მისაღებად 10 წამის მანძილზე უნდა დააკვირდით მონიშნულ წერტილებს, შემდეგ კი საჭიროა ცარიელ ზედაპირს შეხედოთ. ამ ზედაპირზე შეძლებთ დაინახოთ სხვადასხვა ფერის დედამიწა.
ნაშრომი, სახელწოდებით Back to Earth ადამიანებს ეხმარება გაიგონ სხვადასხვა მსოფლმხედველობების არსებობის შესახებ. მაგალითად, იქნებ არაა პლანეტა სასიკვდილოდ განწირული, არამედ თვითონ ადამიანები ვიგდებთ თავს საფრთხეში, რომელსაც გადაშენებამდე მივყავართ?!
პროექტში დედამიწის ერთმანეთისგან განსხვავებული 9 მხარე იქნება წარმოდგენილი. ჩამონათვალში მარიანის ღრმულიც შედის, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილია. მისი სიღრმე 11000 მეტრია, თუმცა მიუხედავად ამისა, ღრმულში პლასტმასის ნარჩენები მაინც იპოვეს. ასევე, ნაჩვენები იქნება: დიდი ბარიერული რიფი, ინდოეთის მდინარე განგი, ეთიოპიის მთები და ჩერნობილი, სადაც ატომური კატასტროფის მიუხედავად, ველური ბუნება მაინც ყვავის.
ლონდონის Serpentine Gallery დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ელიასონის პროექტის, Back to Earth-ის მეშვეობით არტისტებს, არქიტექტორებს და დიზაინერებს სთხოვს თავიანთ ნაშრომებში დედამიწაზე არსებული დიდი კლიმატური ცვლილებები გაითვალისწინონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოლაფურ ელიასონი თავისი 2003 წლის Weather Project Installation-ით ყველაზე მეტად გაერთიანებულ სამეფოშია ცნობილი, რომელიც ბრიტანეთის ახალი ეროვნული მუზეუმის - ტეიტ მოდერნის “ტურბინის ჰოლში” იყო წარმოდგენილი.
დაწერე კომენტარი