“To make a film is easy; to make a good film is war. To make a very good film is a miracle.”
Alejandro Gonzalez Inarittu
მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო, ადამიანებს გვიწევს ერთი მხრივ, მაღალი მოქალაქეობრივი და მორალური პასუხიმგებლობა გამოვიჩინოთ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების სიცოცხლე, მეორე მხრივ კი, მოგვეცა საშუალება მოვდუნდეთ, საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დავუთმოთ, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ვიფიქროთ როგორც ყოფით ცხოვრებაზე, ისე აბსტრაქტულ სამყაროზე და რა თქმა უნდა, სიყვარულზე. მივიღოთ მაქსიმალურად ბევრი ახალი ინფორმაცია. მივცეთ სხვის შემოქმედებას საშუალება, გაგვიკვალოს გზები ჩვენივე სამყაროში, რომელსაც აუცილებლად ვიგრძნობთ და ის უფრო მეტად შეგვაყვარებს საკუთარ თავსაც და გარემოსაც.
მე ამ პერიოდში ვუყურე ბევრ არაჩვეულებრივ ფილმს, მოვუსმინე ბევრ კარგ მუსიკას, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს კულინარია. ვეცნობი სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს მეგობრებისგან თუ სოცქსელებიდან. “ჰემოკის” შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. გაგიზიარებთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც კინომხატვრობა უდიდეს როლს თამაშობს. ეს ნამუშევრები ჩემთვის მაგალითებია იმისა, თუ რამდენად უსასრულოა ადამიანის ფანტაზია, რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ხელოვნებას ადამიანის აღქმაზე და ზოგადად, სამყაროს შეცნობაზე. ეს ფილმები დიდ სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ ჩემი ცხოვრება და ფანტაზია მაქსიმალურად მრავალფეროვანი გავხადო.
The Grand Budapest Hotel
როდესაც ვფიქრობ ან ვსაუბრობ კინოს მხატვრობაზე, პირველ რიგში, ვეს ანდერსონის ფილმების ულამაზესი კადრები მიდგება თვალწინ. ჩემი აზრით, მან და მისმა ჯგუფმა კინოში მოახერხა ისეთი განსაკუთრებული მხატვრული სამყაროს შექმნა, როგორც სხვამ ვერავინ. მისი თითოეული ფილმის მხატვრობა იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას, თუმცა, რადგან რეკომენდაციების სია მინდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს, გაჭირვებით, მაგრამ მის მხოლოდ ერთ ფილმს გამოვარჩევ - The Grand Budapest Hotel (2014). ამ ფილმმა დაახლოებით 25 პრიზი აიღო საუკეთესო მხატვრობისთვის სხვადასხვა კონოფესტივალზე. ფილმისთვის შერჩეული ფერები, პატერნები და დეკორაციები ჩემთვის შეიძლება ითქვას, იდეალურია.
The fall (2006)
ამ საკმაოდ დიდი ენერგეტიკის მატარებელ ფილმს ცოტა ხნის წინ ვუყურე და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ ყოველ ნახვაზე ახალ ინფორმაციას და ინსპირაციას მივიღებ ფილმის მხატვრობიდან. მსგავსი სილამაზის არქიტექტურა, კოსტიუმები და სურეალისტური სამყარო არ მახსენდება.
Amelie (2001)
ამ არაჩვეულებრივ ფილმში ძალიან დიდ როლს სწორედ მხატვრობა თამაშობს. ფილმში საოცრადაა შეხამებული ულამაზესი ფერთა გამა, მრავალფეროვანი ტექსტურა და უამრავი ნივთით სავსე ინტერიერები. არ მბეზრდება ამ ფილმის კვლავ და კვლავ ნახვა, რადგან ყოველ ჯერზე ახალ დეტალს აღმოვაჩენ ხოლმე.
Charlie and the Chocolate Factory
ტიმ ბარტონის ფილმებში ყოველთვის ბავშვობაში ვმოგზაურობ. ძალიან მხიბლავს მისი მსუყე და გადაჭრელებული დეკორაციების თვალიერება. მისი ფილმები ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ რამდენს ნიშნავს კინოში კარგი მხატვრობა. რთულია გამორჩევა, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ Charlie and the Chocolate Factory (2005) მომწონს.
Clockwork Orange
მხატვრობა ნამდვილად აღსანიშნავია სტენლი კუბრიკის ფილმებში. მისი ფილმები გამოირჩევა საკმაოდ სტერილური და გაპრიალებული ესთეტიკით. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ფილმს Clockwork Orange (1971). ფილმის დამდგმელი მხატვარი პროფესიით არქიტექტორია, რამაც შესაბამისი გავლენა მოახდინა მხატვრობაზე და მისი ყურებისას ძალიან დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს 60-იანი წლების ცნობილი დიზაინერების ავეჯით გაწყობილი, ძალიან დახვეწილი ინტერიერები.
King Of Jazz
ამ ფილმის ყურების დროს ისეთი სასცენო დეკორაციები აღმოვაჩინე, აღფრთოვანებისგან მექანიკურად ეკრანს ტაში დავუკარი. თუ გინდათ 30-იანი წლების მუსიკას უსმინოთ, უყუროთ არანორმალურად მაგარ ცეკვას და ნახოთ ულამაზესი დეკორაციები, გირჩევთ უყუროთ მიუზიკლს King of Jazz (1930).
Kika
რა თქმა უნდა, პედრო ალმოდოვარის ფილმებიც უნდა აღვნიშნო. მისი ფილმების მთავარი დამახასიათებელი ვიზუალური ნაწილი წითელი ფერია. ფაქტობრივად, ყველა სცენაში იყენებს ამ ფერს და რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ერთ კადრში მის რამდენიმე ტონს ერთმანეთს არაჩვეულებრივად უხამებს. გირჩევთ ნახოთ მისი ყველა ფილმი და იმოგზაუროთ მის წითელ და, ამავდროულად, ძალიან ჭრელ სამყაროში. ყველაზე თამამ სიჭრელეს ნახავთ ფილმში Kika (1993), რომელმაც დამანახა, რომ ფერების და ტექსტურების შეხამებას ჩარჩოები არ აქვს და რომ მხატვრობაში წესები არ არსებობს.
Jojo Rabbit
ორი კვირის წინ ნანახმა ფილმმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავს ყოველდღე მახსენებს. არაჩვეულებრივი ესთეტიკაა ფილმში, რომელმაც ჩემს მეხსიერებაში ძალიან დადებითი კვალი დატოვა და ჩემი წარმოსახვითი სამყაროც გაამდიდრა.
Contempt (Le Mepris)
დიდი ხანია, რაც 60-იანი წლების ესთეტიკა ჩემი ინსპირაციის მუდმივი წყაროა. ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელსაც შეიძლება ითქვას, კარგად ვიცნობ და მძაფრი ემოციური კავშირი მაქვს, კუნძული კაპრია. ჟან-ლუკ გოდარის ფილმის, Contempt (Le Mepris)-ის (1963) ნაწილი სწორედ ამ კუნძულზე, ადალბერტო ლიბერას დაპროექტებულ ცნობილ ვილა მალაპარტეზეა გადაღებული, რაც ძალიან ეფექტურს ხდის კადრებს, ინტერიერები და ფერები კი ბრიჯიტ ბარდოს სილამაზესთან ერთად ცალკე დიდი სიამოვნებაა.
The Cook, The Thief, His Wife & Her Lover
პეტერ გრინვეი - ინგლისელი რეჟისორი, მწერალი და მხატვარი. მისი ფილმები და ამ ფილმების მხატვრობა ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია. The Cook, The Thief, His Wife & Her Lover (1989) თავისივე სცენარების მიხედვით გადაიღო. მხატვრობა სხვებს მიანდო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი როგორც პროფესიონალი მხატვრის წვლილიც დიდი იქნება. კოსტიუმებზე ცნობილმა დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ იმუშავა. ფილმი მაგალითია იმისა, თუ რამხელა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ფერმა მაყურებლის განწყობაზე და რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორ და ზუსტ დროს გამოყენება.
Only Lovers Left Alive
ჯიმ ჯარმუშის ამ ფილმში განათების და დეკორაციების არაჩვეულებრივი სინთეზია. ფილმი ვამპირებზეა და უკვდავების გამოსახატავად, თვალში მოგხვდებათ ბევრი ეპოქის მიმანიშნებელი, ძალიან ფაქტურული და ჭრელი გარემო. ერთი შეხედვით საკმაოდ ეკლექტურ სამყაროს, ძალიან დახვეწილი, რბილი განათება და ლამაზი ჩრდილები აბალანსებს.
Hugo
სკორსეზეს ულამაზესი ფილმებიდან მხატვრობის კუთხით გამოვარჩევდი ფილმს Hugo, რომლის ინსპირაციაც ფრანგი ილუზიონისტი და რეჟისორი ჯორჯ მელიეზი იყო. ფილმის დამდგმელი მხატვარი ბევრი ჯილდოს მფლობელი (მათ შორის ამ ფილმისთვისაც) იტალიელი დანტე ფერეტია. გირჩევთ ისიამოვნოთ ოსკაროსანი რეჟისორის დახვეწილი დეკორაციებითა და სხვა საინტერესო ფილმებით, რომელზეც უმუშავია.
რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი კინომხატვრობა იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ შევეცადე მაქსიმალურად მრავალფეროვანი სია გამეკეთებინა და აღწერისას ძალიან დეტალურად არ მომეხვია თქვენთვის საკუთარი აზრები, რადგან სრულიად ვეთანხმები ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს სიტყვებს: “If a Million People See My Movie, I Hope They See a Million Different Movies.” ასე რომ, გირჩევთ უყუროთ ამ ფილმებს და აღმოაჩინოთ ის, რასაც მხოლოდ თქვენ აღმოაჩენთ და კიდევ უფრო დიდ სურვილს გაგიჩენთ მეტი იმოგზაუროთ კინოს საოცარ და უსაზღვრო სამყაროში.
დაწერე კომენტარი