იზოლაციაში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად Hammock გთავაზობთ ათ ფილმს, განსაკუთრებულად საინტერესო არქიტექტურით.
პარაზიტი, 2019
მართალია, არაერთი ოსკარის მფლობელი კორეული დრამა სანახავად რთულია, თუმცა ფილმში ნახავთ დახვეწილ არქიტექტურას, თანამედროვე, ძვირად ღირებული ავეჯით, რაც სურათს ნათელ და პოზიტიურ მუხტს ანიჭებს.
გამოგონილი არქიტექტორის, ნამგონგ ჰაიონიას მიერ აშენებული სახლი რეალურად ფილმის მთავარი პროდიუსერის, ლი ჰა-ჯუნის ნამუშევარია. სახლი მრავალი სხვადასხვა კომპლექსის ერთობლიობაა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ შენობას ემსგავსება.
მეტროპოლისი, 1927
1920-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკა რობოტების ისტორიასა და ცათამბჯენებით სავსე ქალაქში ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
სამხატვრო ხელმძღვანელებმა - ოტო ჰუნტმა, ერიკ კეთელჰუთმა და კარლ ვოლბრეხტმა მდიდარი ბიზნესმენებისთვის ვიზუალურად დამატყვევებელი ქალაქი შექმნეს, რომელსაც მიწის ქვეშ არსებული დანადგარებით ღარიბი მუშები მართავენ. მომავლის სურათის დასახატად გამოყენებულია არტ-დეკოს, გოთიკისა და ბაუჰაუსის სტილის ნამუშევრები.
დანის პირზე მორბენალი, 1982
მომავლის პერსპექტივა - 2019 წლის ლოს-ანჯელესი - სამეცნიერო ფანტასტიკის სცენარის მიხედვით, რიკ დეკარდს რობოტების კვალის მისაგნებად გამოიწვევენ. ფილმი გადაღებულია დისტოპიური ქალაქის ნეონის შუქების ფონზე.
ბრიტანელი რეჟისორი რიდლი სკოტის ფილმში აშკარად იგრძნობა, რომ ის ინსპირირებულია ფუტურისტი არქიტექტორის, ანტონიო სანტელიას, 1980-იანი წლების ჰონგ კონგის ურბანული არქიტექტურის, ფრანგი კომიქსების ავტორის, მეტალ ჰურლანისა და ედვარდ ჰოპერის შემოქმედების მიხედვით.
მოჩვენება ჯავშანში, 1995
მამორუ ოშის ანიმე კიბერპანკ ზღაპარია, რომელიც კიბორგის ჰაკერზე ნადირობას აღწერს. მოქმედება 2029 წლის იაპონიაში ვითარდება, ინსპირაცია კი 1990-იანი წლების ჰონგ კონგია.
ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰიროსამა ოგურა ქალაქს ესტუმრა და წარმოადგინა ფოტოსურათები, სკეტჩები და ნახატები, რომლის მიხედვითაც ანიმაციამ საბოლოო სახე მიიღო.
შავი პანტერა, 2018
მარველის ცნობილი ფილმი გამოგონილ ქვეყანაში - ვაკანდაშია (აფრიკის მაღალტექნოლოგიური სამეფო) გადაღებული. ფილმის დიზაინერმა ჰანა ბიჩლერმა არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის ნამუშევარზე დაყრდნობით, კოლონიალიზმისგან თავისუფალი, ფუტურისტული ქალაქი შექმნა.
გართობის დრო, 1967
ფრანგი ჟაკ ტატი რეჟისორიცაა და ფილმის მსახიობიც. გართობის დრო თანამედროვე, იდეალიზებულ პარიზს ასახავს.
სცენები სპეციალურად ფილმისთვის აგებული უზარმაზარი დეკორაციების ფონზეა გადაღებული. აღნიშნულ დეკორაციებს დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდებოდა, ამიტომაც, მატერიალური სახსრების დაზოგვის მიზნით, გადაღებების ნაწილი პარიზის ცნობილი ხედების ფოტოსურათების ფონზე მიმდინარეობდა.
ცათამბჯენი, 2015
ჯეიმზ ბალარდის ამავე სახელწოდების ნოველაზე დაფუძნებული ფილმი ლონდონში, 40-სართულიან ცათამბჯენში არსებულ ქაოსს გვიჩვენებს. ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანები გარესამყაროსთან კონტაქტს სრულიად კარგავენ. სწორედ ამ მიზეზით კლასობრივი ომი იწყება. ბრიტანელი რეჟისორი ბენ უიტლი ფილმის საშუალებით ცდილობს ცათამბჯენების მიმართ უკმაყოფილება გამოხატოს.
ეზოში გამავალი ფანჯარა, 1954
ალფრედ ჰიჩკოკის კლაუსტროფობიული თრილერი გვიჩვენებს ფოტოგრაფის ცხოვრებას, რომელიც მოტეხილი ფეხის გამო სახლშია გამოკეტილი და მის თვალთახედვაში მხოლოდ ერთი პერსპექტივაა. სიტუაციის შესაბამისად, იგი კონცენტრირდება მეზობლის ფანჯრის ცქერაზე და იქ დანახულ ამბებზე.
გრინვიჩის სოფლის კორპუსები მკვლელობების, ინტრიგებისა და გარყვნილების ბუდეებად იქცევიან. ფილმი დიდ დეკორაციულ სცენაზეა გადაღებული, რომელსაც განათების და წყალგაყვანილობის მოწესრიგებული სისტემები გააჩნია. სწორედ ამ სისტემების ხარჯზე ხელოვნურად იქმნება კულმინაციური ჭექა-ქუხილის ეპიზოდიც.
2001 წელი: კოსმოსური ოდისეა, 1968
რეჟისორი სტენლი კუბრიკი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც საოცარი არქიტექტორი და დიზაინერი. მისი სამეცნიერო ფანტასტიკაც, რომელიც მთვარეზე მოგზაურობას აღწერს, მაქსიმალური ვიზუალებით და მინიმალური დიალოგებით გამოირჩევა.
კოსმოსურ ხომალდში თეთრი პრიალა იატაკი და შინდისფერი თანამედროვე ავეჯი საოცარ სცენას ქმნის. ფილმმა ესთეტიკური სილამაზისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
ძაღლების კუნძული, 2018
უეს ანდერსონის კომედიური ჟანრის ანიმაცია გვიყვება ბიჭზე და იზოლაციაში მოქცეულ კუნძულზე, რომელიც სავსეა ძაღლებით. მოქმედება მომავლის (20 წლის შემდეგ) იაპონიაში ხდება.
ფილმის დიზაინერი პოლ ჰაროდი იაპონური, მეტაბოლისტური არქიტექტურით, განსაკუთრებით კი ტანგე კენძოს სტილითაა შთაგონებული. მან, ასევე, მაგალითად გამოიყენა ედო-პერიოდის ილუსტრაციები და Frank Lloyd Wright-ის ტოკიოს საიმპერატორო სასტუმროც, რათა კუნძულისა და ქალაქის ჯოჯოხეთურად ლამაზი სურათი შეექმნა.
დაწერე კომენტარი