სიგარეტით, ქალის კოლჰოტებით, კვერცხებით, ბოსტნეულითა და სხვა ყოველდღიური, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ნივთებით შექმნილი ხელოვნება, რომელიც არაორდინარული ფორმით, განუმეორებელი სტილითა და იუმორით უღრმავდება ადამიანის სხეულის კომპლექსურობასა და მის ირგვლივ არსებულ ტაბუებს, გენდერული სტერეოტიპებისა და მყიფე მასკულინობის თემებს - თანამედროვე ინგლისელი ხელოვანი და ე.წ. ახალგაზრდა ბრიტანელი ხელოვანების მიმდინარეობის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი სარა ლუკასი ხელოვანთა იმ რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც სათქმელის გამოსახატად საკუთარ ხელოვნებას ჩარჩოებში აქცევენ, ზღვრებსა და ლიმიტებს უწესებენ; სარა ისეთივე გაბედული, გულწრფელი და ნამდვილია, როგორც თავისი ხელოვნება, რომელიც მნახველში მუდამ სხვადასხვაგვარ რეაქციასა თუ ემოციას იწვევს: ზოგისთვის ლუკასის ნამუშევრები უხამსი ხუმრობაა, ზოგისთვის - ნამდვილი ხელოვნება. ერთი რამ კი ფაქტია: შეუძლებელია სარა ლუკასის ნამუშევრების მიმართ მნახველს ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდეს.
სარა ლუკასი 1962 წელს ინგლისში დაიბადა. სწავლა 16 წლისამ მიატოვა. სანამ ხელოვნების სწავლასა და ამ სფეროში თავის დამკვიდრებას გადაწყვეტდა, თინეიჯერობის ქაოსური წლები შეყვარებულთან ერთად ევროპაში მოგზაურობასა და დროებითი სამსახურების გამოცვლაში გაატარა. მისი შემოქმედებისა და მომავალი კარიერისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გოლდსმიტის კოლეჯში სწავლა აღმოჩნდა, სადაც მან რამდენიმე ხელოვანი გაიცნო, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ახალგაზრდა ბრიტანელი ხელოვანების (Young British Artists იგივე YBA) მიმდინარეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახდა და კოლეჯის სხვა სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, სახელწოდებით Freeze.
Freeze-ის შემდეგ, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ამბობს, საკუთარი ცხოვრების ხელოვნებასთან დაკავშირების გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებოდა. არც საკუთარ ნიჭსა და უნარებში იყო დარწმუნებული, რასაც თან დაერთო ის ფაქტი, რომ ლუკასისგან განსხვავებით, YBA-ის მამრობითი სქესის წარმომადგენლები საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, ეს ვითარება სათავისოდ გამოეყენებინა და ნამუშევრები არა საზოგადოებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის შეექმნა. ლუკასზე, როგორც პიროვნებასა და ხელოვანზე, განსაკუთრებული გავლენა დვორკინის ნამუშევრებმა და პატრიარქალურ საზოგადოებაზე მისმა რადიკალურმა ფემინისტურმა შეხედულებებმა იქონია. ამ პერიოდში სარამ ნამუშევარი, სახელწოდებით Penis Nailed to Board შექმნა, რასაც მალევე მისი პირველი სოლოგამოფენა და საზოგადოების მიერ ხელოვანის აღიარება მოჰყვა.
დღეს სარა ლუკასი და მისი შემოქმედება ხშირად უხეშობასთან, სითამამამესა და პროვოკაციულობასთან ასოცირდება. მამაკაცის გენეტალიებისა და ქალის სხეულის სხვადასხვა ფორმით ხელოვნების ნიმუშად ქცევისას საზოგადოების კრიტიკა, შეშფოთება და დამთვალიერებლების გაწითლება არ აშინებს. არც სექსის თემატიკაზე არაორდინალური ნამუშევრების შექმნისა და არაესთეტიკურად მიჩნეული ტუალეტებით დაინტერესებას ერიდება.
ხელოვნებაში თამამი და ტაბუდადებული თემების გარდა, არანაკლებ საინტერესოა სარა ლუკასის მუშაობის პროცესი. ხელოვანს არასდროს ჰყოლია ასისტენტი, მას მუდმივად დამოუკიდებლად მუშაობა ხიბლავდა. არც სტუდია ჰქონია - სარას სახლში მუშაობა ურჩევნია. ხელოვანის განუმეორებელი სტილის მთავარი ხიბლი ნამუშევრის შესაქმნელად გამოყენებული მასალის უბრალოებაა: ყოველდღიურობის განუყოფელი ჩვეულებრივი, ძველი და ხშირად ერთფეროვანი ნივთები, რომელთაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია რაღაც სხვა, ორიგინალური დანიშნულება ჰქონდეთ. თუმცა კონცეპტუალური ხელოვნების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სარა ამ ნივთებს ხელოვნების ნიმუშებად უბრალოდ სახელის დარქმევით კი არ აქცევს, არამედ მათ გარდაქმნის და სხვა, ასევე უბრალო ნივთებთან შერწყმით ახალ სიცოცხლეს ჩუქნის.
უბრალო ნივთების ხელოვნების ნიმუშებად ქცევისა და მნახველებში არაერთგვაროვანი ემოციების გამოწვევის ნიჭი განსაკუთრებით კარგად ჩანს მის ნამუშევარში - Au Naturel და ინსტალაციაში Bunny gets Snookered.
Au Naturel ლუკასის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ნამუშევარია, რომელმაც აღშფოთების პარალელურად უამრავი კრიტიკოსის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. სარა ლუკასმა ძველი ლეიბის, ფორთოხლების, ნესვებისა და სხვა უბრალო ნივთების საშუალებით შესანიშნავად გადმოსცა ადამიანების ღრმა სურვილები, რაშიც ხელოვანს თანდაყოლილი გულწრფელობა და პირდაპირობა დაეხმარა.
რაც შეეხება Bunny gets Snookered-ს, ამ ინსტალაციის ფარგლებში კოლჰოტების საშუალებით შექმნილი “ბაჭიები” გენდერული თანასწორობის, მასკულინობისა და ფემინურობის შესახებ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ეხმიანება. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი 8 ნამუშევრიდან შვიდს უბრალოდ “ბაჭია” ჰქვია, მერვესა და ყველაზე გამხდარს კი - “ბაჭია პაულინი”. ამ ფაქტს ხელოვნების მოყვარებულები იმით ხსნიან, რომ მედიისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენით სასურველ მოდელად და “ბაჭიად” სწორედ ყველაზე გამხდარი აღიქმება.
გენდერული სტერეოტიპებისა და მედიის მიერ ქალების აღქმის აბსურდულობას სარა ლუკასი კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევრით - Great Dates - აპროტესტებს. ნახევრად შიშველი ქალების გამოსახულებათა კოლაჟში ხელოვანის ფოტოს ჩასმით სარა ლუკასი აშარჟებს კულტურას, რომელიც ქალებს მხოლოდ გარეგნობით აფასებს და უბრალო სურვილის ობიექტად მიიჩნევს.
უბრალო ნივთების გარდა, ხელოვნების საშუალებით სათქმელის გადმოსაცემად სარა ლუკასი საკუთარ გამოსახულებასაც აქტიურად იყენებს. ავტოპორტრეტების სერიაში ერთ-ერთი გამორჩეულია ნამუშევარია Self-Portrait with Fried Eggs, რომელშიც სარას უბრალო მაისური და ჯინსი, ჯდომის მანერა და სიგარეტის კოლოფი, დამკვიდრებული შეხედულებების მიხედვით, მასკულინობის ნიშნად მიიჩნევა, შემწვარი კვერცხებით კი საკუთარ მკერდსა და, შესაბამისად, ფემინურობას უსვამს ხაზს. ხელოვანი ამ და სხვა უამრავი ნამუშევრით ღრმად იკვლევს ფემინურობისა და მასკულინობის თანაარსებობის იდეას და, ამასთანავე, თანამედროვე სამყაროში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებსაც აშარჟებს.
დღეს სარა ლუკასი საზოგადოებისთვის კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი სტილის მქონე წარმომადგენელია, რომელიც საკუთარი სათქმელის გადმოცემას დაუვიწყარი ფორმებითა და ხერხებით, ხუმრობებითა და ბევრისთვის აღმაშფოთებელი გულწრფელობით ახერხებს. ნამდვილი ხელოვნება თუ უხამსი ხუმრობა? - ამ კითხვაზე თითოეულ მნახველს საკუთარი აზრი აქვს და ფაქტია, რომ ხელოვნების მოყვარულთა შორის ლუკასის ხელოვნების შესახებ დავა იქამდე გაგრძელდება, სანამ ერთ ადამიანს მაინც ემახსოვრება სარას ნამუშევრები. თუმცა ერთი რამ ფაქტია: სარა ლუკასი ჩვენს გაოცებას, კარგი თუ ცუდი გაგებით, კიდევ დიდხანს შეძლებს.
დაწერე კომენტარი