ვაკის ბაზარი - ბისტრო ის კონცეპტუალური ადგილია, რომელიც ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტის შეძენის გარდა, მისი იქვე დაგემოვნების შესაძლებლობასაც სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ჯანსაღი პროდუქციის პრიორიტეტულობისა, ვაკის ბაზარი - ბისტრო მუდმივად განახლებული, მრავალფეროვანი და სეზონური ნაწარმითა და მენიუთი ხვდება მის სტუმრებს. საინტერესო ექსპერიმენტები და უცხო გემოები ბისტროს განუყრელი ნაწილია, რომელიც მცირე ფერმერებისგან მოწოდებული ჯანსაღი პროდუქციით იქმნება. შეფმზარეული ზუკა შონია ვაკის ბაზრის - ბისტროს თანადამფუძნებელია, რომელიც იმ გამოწვევებსა და ალტერნატიულ გეგმებზე გვესაუბრება, რაც ბიზნესს კორონავირუსის კრიზისის დროს შეექმნა.
ზუკა, მოგვიყევი როდის და როგორ შეიქმნა ვაკის ბაზარი - ბისტრო?
ვაკის ბაზრის - ბისტროს გახსნა ჩემი იდეა არ ყოფილა. ამერიკიდან რომ ვბრუნდებოდი, მაშინ ბიძაჩემს დაწყებული ჰქონდა უკვე ბაზრის ნაწილზე მუშაობა თავის მეგობართან და პარტნიორთან ერთად და მეც შემომთავაზა, რომ მომეფიქრებინა რაიმე ისეთი, რაც ადგილზე კვებასა და ბაზრის ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. ასე ჩავერთე მეც ამ ბიზნესში დაახლოებით ერთი წლის წინ.
რას გულისხმობს ვაკის ბაზრის - ბისტროს კონცეფცია?
ვაკის ბაზარი მისი გახსნის დღიდან ორიენტირებულია მაქსიმალურად ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს, შესაბამისად, ვცდილობთ სულ უფრო მეტი პატარა ფერმერი ვიპოვოთ და მათი პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. რაც შეეხება ბისტროს, როგორც ბაზრის შემთხვევაში, აქაც ჩემი პროდუქტის მიმართ ფილოსოფია და მიდგომა მოქმედებს, რაც მის წარმომავლობისა და ხარისხის კონტროლს გულისხმობს, ეს კი თავისთავად გკარნახობს რისი შექმნაა შესაძლებელი. ამასთან, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების პოლიტიკა და კომფორტული გარემო, სადაც, როგორც ჯანსაღი პროდუქტისთვის, ისე გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად მიხვალ. რომ ვაკვირდებოდი, უცხოეთში ძირითადად გემრიელი კერძები დიდ ბაზრებში მდებარე პატარა დახლებზე გამისინჯავს. ჩვენთან კი რატომღაც ეს ორი სივრცე ერთმანეთს დაშორებულია. ვაკის ბაზრისა და ბისტროს კონცეფცია კი სწორედ ამ ორი სფეროს ერთმანეთთან დაახლოებასა და გაერთიანებას გულისხმობს.
ვინ არის ვაკის ბაზრის - ბისტროს მომხმარებელი?
ბაზრის მხარეს თითქმის ყველანაირი ადამიანი შეგხვდებათ, რაც შეეხება ბისტროს, აქ უფრო მეტად ახალგაზრდები და ადგილობრივი უცხოელები არიან, რომელთაც ახალი გემოები და სიახლეები აინტერესებთ. ჩვენთან მენიუ სეზონის ცვლილებასთან ერთად განიცდის ტრანსფორმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს სულ უფრო მრავალფეროვანი, განსხვავებული, თუმცა “ჩვენებური” გემოები შევთავაზოთ.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
ამ ბიზნესში როდესაც ჩავერთე, აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული კარგი თანამშრომლების მოძიება და შემდგომ უკვე ამ ყველაფრის ერთდროულად მართვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა, რთული აღმოჩნდა ყველაფერზე ერთად ზრუნვა, იქნებოდა ეს პროდუქციის მიღება, დახარისხება, ბუღალტერია თუ სხვა.
რა გავლენა იქონია ვაკის ბისტროზე - ბაზარზე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და როგორ მოერგეთ ახალ რეალობას?
ამ ეტაპზე ბისტრო აღარ მუშაობს, თუმცა ბაზრის მხარე აქტიურად არის დატვირთული, რადგან დღეს თითქმის ყველა სახლში ამზადებს, შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტიც უფრო მოთხოვნადი გახდა. თუმცა ბაზრის გააქტიურება ვერ ანაზღაურებს იმ ზარალს, რაც ბისტროს დახურვას მოჰყვა, ამიტომაც, ვცდილობთ ბოლომდე არ გავჩერდეთ. პერიოდულად ვამზადებთ ნახევარფაბრიკატების მსგავს პროდუქციას, ერთგვარ პაკეტს, რომელსაც თავისი რეცეპტებიც მოჰყვება და გამიზნულია ორი ადამინის სადილისთვის ან ვახშმისთვის. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში რა სეზონური პროდუქციაც შემოვა, ვაპირებთ, რომ ადგილზევე მოვამზადოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, მაგალითად, მალე დავიწყებთ ტყემლის წარმოებასაც.
როგორ შეიცვალა თქვენი უახლოესი სამომავალო გეგმები?
სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი დამწყები ფერმერი მოვიზიდოთ და მათი წარმოებული პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს. დღეს მათი რიცხვი ოცამდე გაიზარდა და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბისტროს მომავალი ბუნდოვანია, ახლა ბევრი დრო გვაქვს ექსპერიმენტებისთვის, დავაყენეთ ჩვენი ლუდიც და ყველანაირად ვცდილობთ, ეს პერიოდი ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
დაწერე კომენტარი