ეროტიკულ მოდურ ფოტოგრაფიაში ჰელმუტ ნიუტონის ნამუშევრებმა მთელი ერა განსაზღვრა. მისი შავ-თეთრი სურათები, 40 წელზე მეტი ამშვენებდნენ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჟურნალებს, რამაც იგი ობიექტივის უკან მდგომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად აქცია. ნიუტონი ოსტატურად იყენებდა ფეტიშისტურ გამოსახულებას, და მისი წინამორბედების, მაგალითად, რიჩარდ ავედონის დახვეწილობას დაურთო გაბედული ახალი სექსუალობა. მე-20 საუკუნის ავანგარდულ მოძრაობას მან შემატა მომხიბვლელობა და ვუაერიზმი (ვიზიონიზმი), რითაც შექმნა სტილი, რომელიც ყოველდღიური მოდის ლანდშაფტის ნაწილი გახდა.



ადრეულიცხოვრება

ჰელმუტ ნიუტონი დაიბადა ბერლინში, 1920 წელს, შეძლებული ებრაელის ოჯახში. იგი იზრდებოდა ლიბერალური პრინციპებით. ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში 12 წლიდან გაჩნდა, როდესაც მამამ ფოტოაპარატი უყიდა. ამ კამერით იგი იღებდა რადიოანძებსა და ქუჩის სცენებს/კადრებს, განიცდიდა რა თანამედროვე ხელოვნებაში არსებული მოძრაობების გავლენებს, როგორებიც იყო ბაუჰაუზი, კონსტრუქტივიზმი და სურეალიზმი.
იმ პერიოდის ბერლინი, ცნობილია როგორც წარმატებისა და თავისუფლების ქალაქი, სადაც ბევრი ახალგაზრდა არტისტი ახალი იდეების ძიებასა და ინოვაციური ტექნიკის ჩამოყალიბების პროცესებში იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ივი (Yva), განმაცვიფრებლად ნიჭიერი ქალი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა high art-ისა (ელიტარული ხელოვნების/კულტურის) და მოდერნიზმს მოდურ ფოტოგრაფიაში. სწორედ ივიმ მისცა საშუალება 16 წლის ნიუტონს, ემუშავა მასთან ერთად როგორც შეგირდს. მისი სტუდია შარლოტენბურგში, დასავლეთ ბერლინის პრესტიჟულ უბანში, გახდა „სასტარტო მოედანი“ ჰელმუტისთვის და ბევრი მისი სტილისტური შტრიხი სათავეს სწორედ ამ გამოცდილებიდან იღებს.



სამწუხაროდ, ბერლინის ბოჰემური დღეები მაშინ დასრულდა, როდესაც ნაცისტურმა პარტიამ აუკრძალა ებრაელებს ბიზნესისა და შენობების კერძო მფლობელობაში ქონა. მას შემდეგ, რაც 1938 წელს გესტაპომ ჰელმუტის მამა დააპატიმრა, ნიუტონმა გადაწყვიტა გერმანიის დატოვება და ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტაში დასახლება. ივი დარჩა გერმანიაში. პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ, იგი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს.

ევროპისდატოვება

ოჯახის დატოვება დიდი გამოწვევა იყო 18 წლის ჰელმუტისთვის, თუმცა მას სურდა რაც შეიძლება შორს წასულიყო ევროპიდან. მან ორი წელი გაატარა სინგაპურში და საბოლოოდ, 1940 წელს, ავსტრალიაში დასახლდა. 5-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მას ავსტრალიის მოქალაქეობა მიენიჭა. 1946 წელს იგი გადავიდა მელბურნში, დიდი ხნის ოცნების ასრულების – კერძო ფოტოსტუდიის გახსნის მიზნით.




ტექნიკა, რომელიც მან ივისთან მუშაობისას გამოიმუშავა, ავსტრალიისთვის რევოლუციური აღმოჩნდა. ნიუტონის რადიკალურმა, მოდერნისტულმა მიდგომამ მას წარმატებული, ინოვაციური ფოტოგრაფის რეპუტაცია შეუქმნა. მალე მას Vogue-ს ავსტრალიური ფილიალი დაუკავშირდა და 1956 წელს ნიუტონის ნამუშევრები ჟურნალის გვერდებზე გამოჩნდა. დიდი წარმატების მიუხედავად, ნიუტონი არ იყო კმაყოფილი საკუთარი ნამუშევრებით. „ეს ნამუშევრები არ იყო საკმარისად მაღალი დონის და იმდროინდელი ამერიკული და ინგლისური მოდური სურათების იმიტაციას წარმოადგენდა“ – ასე აფასებდა მოგვიანებით საკუთარ ნამუშევრებს ნიუტონი. საკუთარი კარიერისა და სტილის განვითარებისთვის მან გააფორმა 12-თვიანი კონტრაქტი ბრიტანულ Vogue-სთან და 1957 წელს საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ნიუტონი ვერ მოერგო ლონდონს და 11 თვის შემდეგ დატოვა სამსახური და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში მისთვის ერთ-ერთი უდიდესი გავლენისა და შთაგონების წყარო გახდა უნგრელი არტისტის, ბრასაის სურათები.


პარიზში ცხოვრებისას ნიუტონი ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით მუშაობდა საკუთარ სტილის განვითარებაზე. სერიოზული წინსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც ნიუტონმა პასიური, დამჯერი მოდელები ჩაანაცვლა ქალურობის საკუთარი, იდეალური ხედვით. მას სურდა გამოესახა ქალი, რომელიც დომინირებისთვის საკუთარ სექსუალობას იყენებს. ეს ახალი მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა და მალე ნიუტონთან მუშაობა ინდუსტრიის წამყვანმა გამოცემებმა დაიწყეს, მათ შორის: Jardin des Modes-მა, Elle-მ, Queen-მა, Sternand Marie Claire-მა.
თუმცა, ნიუტონმა კარიერის ნამდვილ მწვერვალს მხოლოდ მაშინ მიაღწია, როდესაც 1968 წელს ფრანგული Vogue-ს მთავარი რედაქტორი ფრენსის კრესენტი გახდა.




კრესენტი მისი დიდი გულშემატკივარი იყო და იცავდა მის ახლებურ მიდგომას. ჰელმუტის ნამუშევრები სერიოზულ კონტრასტში იყო სხვა არტისტების უსაფრთხო და ურისკო სტილთან. ნიუტონი აჩვენებდა ქალის სხეულის სრულიად ახლებურ ვერსიას. ცვლილებები, რომლებიც 60-იანების სექსუალურმა რევოლუციამ მოიტანა, იდეალურად მოუხდა მის სტილს. ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია ნიუტონის კარიერაში. მან საბოლოოდ მოახერხა მისთვის ახალგაზრდობიდან დამაინტრიგებელი და საინტერესო თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებისა და ეროტიკისადმი ლტოლვას შორის იდეალური ბალანსის დამყარება.

წარმატებული 70-იანები



საბოლოოდ, ამ წლების ექსპერიმენტებმა ჰელმუტი ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან პერიოდამდე მიიყვანა. მისმა მგრძნობიარე შავ-თეთრმა გამოსახულებებმა დიდების მწვერვალს მიაღწიეს: დამაფიქრებელი, ვნებიანი სურათები სადო-მაზოხიზმის შტრიხებით. ეს იყო სიახლე ფრანგული Vogue-ს გვერდებისთვის – სექსუალობის უშიშარი გამოვლინება სურათებში, მომხიბვლელობისა და ქალის სხეულზე ახლებური შეხედულების შეხამებით.



ნიუტონის სამყარო არსებობდა სიმდიდრისა და „გარყვნილების“ პრიზმაში. მისი მოდელები საზოგადოების შეძლებულ კლასს წარმოადგენდნენ, გარემოცვა კი ყოველთვის დახვეწილი ადამიანებისგან შედგებოდა. ამის მიუხედავად, მათი გაოგნება არასტანდარტული საქციელით მარტივი იყო.


ტყავი, „ქუსლიანი ფეხსაცმელი“ (ნიუტონისთვის მაღალ ქუსლებს მაქსიმალურად ეროტიკული ხიბლი ჰქონდა) და ჯაჭვები იკავებენ სოლიდურ როლს მის ნამუშევრებში. „მე ვუღებ სურათებს შეძლებულ/მაღალ კლასს, რადგან მას კარგად ვიცნობ,“ – ამბობდა ნიუტონი, იხსენებდა რა ახალგაზრდობას ბერლინში. – „მე მინდოდა მეჩვენებინა კონკრეტული საზოგადოების ცხოვრების წესები. ისინი უბრალოდ ცხადყოფენ ქცევის გარკვეულ ტიპს.“


ნიუტონის ამ დროის ნამუშევრები ყველაზე მეტად იმსახურებენ ყურადღებას. ერთი მხრივ, მარტივია მისი ტექნიკური უნარების, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებისა და მდიდარი ფონის აღქმა და ამასთან ერთად, შეუძლებელია ამ ქალების ბუნებრივი სილამაზის არ დანახვა.
მის სურათებში „უსირცხვილოდაა“ გამოყენებული ქალური სიშიშვლე და ამავდროულად, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მათ შეცვალეს ქალის როლი მოდურ ფოტოგრაფიაში. ნიუტონის სამყაროში მოდელები აღარ იყვნენ პასიური ტანსაცმლის საკიდები, პირიქით, მათი მნიშვნელობა იმდენად გაიზარდა, რომ სურათის მთავარი ასპექტი გახდა. ჰელმუტ ნიუტონის დამსახურებით, სამოსზე მეტად სასურველი და საინტერესო თავად მოდელები გახდნენ.


ამ პროვოკაციულმა მიდგომამ მალევე დაიმსახურა კრიტიკა. ნიუტონს ბრალს სდებდნენ ქალის სხეულის დაკნინებაში, მხოლოდ ეროტიკულ ნაწილებზე კონცენტრირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სიშიშვლე და ვნება ნიუტონის ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია, მისი მოდელი ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც მიუწვდომელი მშვენება, რომელიც გადაულახავი დისტანციით არის დაშორებული მაყურებლისგან და არასდროსაა რეალურად ხელშესახები. საკუთარი ფანტაზიებით გართულები, ნიუტონის ქალები ხშირად უგულებელყოფენ კამერას, მათ არ ადარდებთ მათდამი მამაკაცების სექსუალური ლტოლვა.



სინამდვილეში უფრო შესაბამისი იქნებოდა ნიუტონის გაკრიტიკება ვუაიერიზმისთვის. ადამიანი, რომელიც უყურებს მის ნახატს, მას ხშირად დაჰყავს „თვალთვალამდე“. ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, თვალი შევავლოთ სამყაროს, რომელიც არ არის ჩვენთვის განკუთვნილი. ყველაზე მორჩილ პოზებშიც კი მოდელები აკონტროლებენ თავს, როგორც მაგალითად, ზემოთ ნაჩვენებ, ეპოქალურ სურათ „უნაგირში“ (Saddle). ისინი დომინირებენ კადრში, სირცხვილის გრძნობის გარეშე, თამამად გრძნობენ თავს და თითქოს მოუწოდებენ მაყურებელს, მოარიდონ მათ თვალი. 70-იანების განმავლობაში ნიუტონი მუდმივად პოულობდა ახალ, შთამბეჭდავ გზებს ქალური სექსუალობის წარმოსაჩენად. სწორედ ასე შეცვალა მან მოდის ფოტოგრაფია სამუდამოდ.

ოქროსციებ-ცხელების შემდეგიპერიოდი



გამორჩეულად წარმატებული პერიოდის შემდეგ, ნიუტონი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფოტოგრაფი მსოფლიოში. პატივისცემისა და ავტორიტეტის დამსახურებით, მას შეეძლო შეერჩია ადამიანები, ვისთანაც სურდა მუშაობა. აღნიშნული პერიოდი იყო საოცრად ნაყოფიერი და ნიუტონმა მაქსიმალურად გამოიყენა ეს პოტენციალი მატერიალური თვალსაზრისით. მოდის ფოტოგრაფია ყოველთვის ხიბლავდა მას, თუმცა ამავდროულად, აძლევდა საშუალებას ეცხოვრა ისე, როგორც გაიზარდა და მიეჩვია – უხვად და ხელგაშლილად. ნიუტონს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი თავისა და სამსახურის მიმართ, რადგან სერიოზულად არცერთს არ აღიქვამდა. „ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა. ჩემი – არა. მე ვარ „იარაღი“, რომელიც “ქირავდება“. ის არასდროს უწოდებდა საკუთარ თავს ხელოვანს, რაც აძლევდა საშუალებას, ემუშავა ნებისმიერ კლიენტთან: მანქანათმშენებლობის ქარხნისთვის, სუპერმარკეტისთვის ან პორნოგრაფიული ჟურნალისთვის, მაგალითად, Playboy-სთვის ან Oui-სთვის.


ირონიულია, რომ ნიუტონის ფანტასტიკური რეპუტაცია იძლეოდა სრულ შემოქმედებით თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მას სიამოვნებდა კლიენტის მიერ შემოთავაზებული, გარკვეული საზღვრები: „ჩემთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა. როდესაც ვმუშაობ დაკვეთით, მინდა მქონდეს გარკვეული ჩარჩოები“.


დაქირავებულ სამუშაოზე შეხედულების გარდა, ნიუტონი აგრეთვე უნიკალური იყო გემოვნების თავისებურ განმარტებაში. მისთვის გემოვნება იყო ანტონიმი ყველაფრის, რაც მას უყვარდა. ის თვლიდა, რომ გემოვნება ახშობს ამბიციებს, ამცირებს კრეატიულობას და ხელს უშლის კლიშირებული თემის გამოყენებას. “გქონდეს კარგი გემოვნება, ნიშნავს უყურებდე ყველაფერს სტანდარტულად,“ – აღნიშნავს ნიუტონი 1981 წლის ინტერვიუში. ნიუტონისთვის ცუდი გემოვნება იყო აღმგზნები, პროვოკაციული და ეროტიკული – მისი უნიკალური მიდგომის დამახასიათებელი თვისებები.




მისთვის საბედნიეროდ, ეს შეხედულება მოთხოვნადი იყო, რაც აძლევდა მას საშუალებას, ემუშავა ეგზოტიკურ ადგილებში, მთელ მსოფლიოში. სისტემატურად მოგზაურობდა კარიბის კუნძულებსა და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა იგი ყველაზე კომფორტულად,მისთვის კარგად ნაცნობ, ევროპულ დედაქალაქებში მუშაობისას გრძნობდა თავს, მაგალითად, პარიზსა და ბერლინში. 80-იანებში სახელი, რომელიც მის ფოტოგრაფიასთან ასოცირდებოდა, იყო ივ სენ ლორენი. ნიუტონისთვის არ იყო უცხო პრესტიჟული ცხოვრება, რაც დაეხმარა პარიზული მოდის სახლის ფუფუნების სტილი გაეერთიანებინა მისი კერპის, ბრასაის ქუჩის ფოტოგრაფიასთან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ასოცირდებოდა ერთ კონკრეტულ სტილთან, ნიუტონი პროფესიულად მრავალმხრივი იყო. მისი “კამპანიისას“ Versace-ში, მოახერხა და საერთოდ ამოიღო სიშიშვლე დღის წესრიგიდან. ნიუტონისთვის „ნამდვილი ეროტიკა არასდროსაა აშკარა და დეტალური.“

ნიუტონისმემკვიდრეობა



ნიუტონი ფირზე აღბეჭდავდა ფუფუნებას, რადგან ეს მისთვის კარგად ნაცნობი თემა იყო. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება დასრულდა 2004 წელს, როდესაც სანსეტ ბულვარზე კადილაკის მართვისას გულის შეტევა დაემართა. ნიუტონმა დაკარგა კონტროლი და სასტუმროს კედელს შეეჯახა. იგი საავადმყოფოში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ბევრისთვის ჰელმუტ ნიუტონი არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოდის ფოტოგრაფი. ოსტატობა, რომელიც აკავშირებს ფუფუნებას, ეროტიკასა და ფანტაზიას, დღემდე განუმეორებელია, მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონის შემოქმედებით შთაგონებულმა ურიცხვმა ფოტოგრაფმა სცადა მის მიღწევებთან მიახლოება. ნიუტონს შესაძლებლობების პიკში, ჰქონდა ერთადერთი მიზანი – სრულიად შეეცვალა ინდუსტრია, რომელშიც მუშაობდა.

ოსტატობისა და ურყევი ხედვის დამსახურებით, მან ეს მოახერხა და მისმა მემკვიდრეობამ სამუდამოდ დაუმკვიდრა სახელი ისტორიაში საუკეთესო ფოტოგრაფთა შორის.