გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მოდის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის  მოვლენაა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და მოდის კრიტიკოსები კვლავ განაგრძობენ მის ანალიზს. 

გუჩის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს იდეები, რომელიც 2018 წლის ზამთრის კოლექციის მთავარი შთაგონების წყაროა,  მიშელ ფუკოს ფილოსოფიასა და  დონა ჰარავეის  “კიბორგის მანიფესტს” ეფუძნება.




გუჩი ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი ბრენდია, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე ეფექტიანად იყენებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს აუდიტორიასთან სხვადასხვა  გზით ურთიერთობისთვის. მოდის ისტორიაში არც ისე ბევრი ბრენდია, რომელთა შესახებაც იგივე  შეიძლება ითქვას.  ალესანდრო მიკელე  ყოველთვის ახერხებდა თავისი არასტანდარტული და უნიკალური იდეები სხვადასხვა ვარიაციით განეხორციელებინა: რეკლამები, რომლებიც  მარტივად შეიძლება მოკლე ფილმებად ჩაითვალოს, უჩვეულო თემატური წვეულებები, გუჩის ბაღი ფლორენციაში, რომელიც რესტორანსა და წიგნების მაღაზიას მოიცავს, ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოთეატრი, უამრავი წიგნი, კოლაბორაციები დიდ არტისტებთან. გუჩის სამყარო ამბების თხრობის უსაზღვრო სივრცეა, რომლის დასკვნითი ნაწილი ყოველწლიურ სეზონურ კოლექციებში გამოიხატება ხოლმე.




იმის გათვალისწინებით, რომ კოლექციებს თავისი შინაარსობრივი და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, დიზაინერები და კრეატიული დირექტორები ამ იდეებს ჩვენების შენიშვნების დოკუმენტში განმარტავენ. გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შენიშვნებში ფაქტობრივად პერიფრაზირებულია მიშელ ფუკოსა და დონა ჰარავეის ფილოსოფიის მთავარი იდეები.




შენიშვნების
დოკუმენტის პირველი ნაწილი ეთმობა მიშელ ფუკოს თეორიას ძალაუფლებასა და ბიოპოლიტიკაზე. კერძოდ, გაანალიზებულია მიშელ ფუკოს ნაშრომის, „ზედამხედველობა და დასჯა“, ერთ-ერთი მთავარი თემა, დისციპლინური ძალაუფლება და მისი ფუნქციონირების მექანიზმი. როგორც ჩვენების შენიშვნების დოკუმენტშია პერიფრაზირებული, დისციპლინური ძალაუფლება ეფუძნება  სუბიექტისათვის განსაზღვრული იდენტობის მინიჭებას და მის ბინარულ კატეგორიებში მოქცევას, რომელიც მიზნად ისახავს კლასიფიცირებას, კონტროლსა და რეგულირებას. დისციპლინურ ძალაუფლებაზე დაფუძნებული  სტრატეგიები იმდენად ეფექტურია, რომ სუბიექტი მოხალისეობრივად ირჩევს საკუთარ როლს და აცხადებს თავის პოზიციას სოციალური სტრუქტურის შიგნით. ამ სისტემაში ცოცხალი სხეულების კონტროლის მექანიზმი იდენტობის კონცეფციაა. ფუკო „დისციპლინას“  უწოდებს ძალაუფლების იმ სპეციფიკურ ტექნოლოგიას, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა იდენტობის კონცეფცია.




ჩვენების
შენიშვნების დოკუმენტში აღწერილი თეორიის უკეთ გასაგებად  დაგვეხმარება „ზედამხედველობა და დასჯაში” განხილული პანოპტიკონის არქიტექტურული მოდელი. პანოპტიკონის არქიტექტურული სახე გულისხმობს რკალისებრ შენობას, რომლის ცენტრში სამეთვალყურეო კოშკია აღმართული.  შენობა საკნებად არის დაყოფილი, რომლის სარკმლები და განათება იმგვარადაა მოწყობილი, რომ კოშკიდან ყველა საკანი ნათლად ჩანს. თითოეული ინდივიდი საიმედოდ ჩაკეტილ კამერაში ზის. მას ხედავენ, ის კი ვერავის ხედავს. როგორც ფუკოს ტექსტშია აღნიშნული, ამ მდგომარეობაში პატიმარი ინფორმაციული ობიექტია, მაგრამ არასოდეს კომუნიკაციის სუბიექტი. მიუხედავად იმისა, არის თუ არა კოშკში დამკვირვებელი, პატიმარი ყოველთვის აკონტროლებს საკუთარ თავს. მისი ქცევა უხილავი დამკვირვებლის მზერით არის განპირობებული. ამ პირობებში დისციპლინური ძალაუფლება ავტომატურად ფუნქციონირებს და ადამიანი თავად ხდება საკუთარი თავის ზედამხედველი. მიშელ ფუკოს ფილოსოფიიდან გუჩის კოლექციის შინაარსში გამოყენებულია ბრენდის ერთ-ერთი მთავარი იდეა - თვითგამოხატვა, კერძოდ, სოციალური მოლოდინებისა და პიროვნული სურვილების დაპირისპირება ამ პროცესში.




კოლექციის შენიშვნების დოკუმენტში მეორე ნაწილი ეთმობა დონა ჰარავეის “კიბორგის მანიფესტს”, სადაც კიბორგი მეტაფორული მნიშვნელობით გამოიყენება და გულისხმობს იდენტობის დუალიზმს. კიბორგი არის პარადოქსული ქმნილება, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს კულტურასა და ბუნებას, მასკულინურსა და ფემინურს, ნორმალურსა და არანორმალურს. კიბორგი იმის გამოხატულებაა, რაც ერთმანეთს უთავსებს წინააღმდეგობრივ ერთობებს. ჰიბრიდი და ცვალებადი იდენტობები, რომლებიც მრავალგვარ მიკუთვნებულობას ეფუძნება, არღვევს ნორმატიულ დისციპლინას. სოციალური ნორმებისგან წარმოქმნილი შეზღუდულობის დაძლევის გზა წინააღმდეგობრივი იდენტობების გაერთიანება და მიღებაა. გუჩის კიბორგი პოსტ-ადამიანია: მას თვალებიანი ხელები, ფავნის რქები, დრაკონის შვილები და გაორმაგებული თავი აქვს. ის არის ბიოლოგიურად განუსაზღვრელი და კულტურულად გაცნობიერებული ქმნილება. უკანასკნელი და ექსტრემალური ნიშანი შეთავსებული იდენტობებისა, რომელიც მუდმივი ცვალებადობის პროცესშია. გუჩის კოლექციაში ამ იდეის გამოყენება გულისხმობს ემანსიპაციის სიმბოლოს წარმოჩენას - თითოეული ადამიანის მიერ საკუთარი თავის ისეთად ქცევას, როგორიც სურს, რომ იყოს.




კოლექციის ჩვენება კლინიკის პალატის მსგავს ოთახში გაიმართა, რაც სიმბოლურად გულისხმობს ადგილს, სადაც გუჩის კიბორგები იქმნება. გუჩიმ ამ ჩვენების განსახორციელებლად ჰოლივუდის ფილმების სპეცეფექტების სტუდიასთან, Makinarium-თან ერთად იმუშავა. გუჩის კიბორგებისათვის დამახასიათებელი მოდელების თავების ასლები, რქები, დრაკონები, თვალები და სხვა დეტალები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა. კოლექციის შექმნას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა, , რაც განსაკუთრებით დასაფასებელია თანამედროვე ეპოქის მოდის ინდუსტრიაში.


პირველივე გამომსვლელ მოდელს თავისი თავის ასლი ეჭირა ხელში, რისი შთაგონებაც პირველი საუკუნის რომაული სკულპტურა Togatus Barberini-ია. სკულპტურის სხვადასხვაგვარი ანალიზი არსებობს, თუმცა გუჩის კოლექციის კონტექსტის მიხედვით, სკულპტურა გამოხატავს ავტორს, რომელსაც ხელში საკუთარი შვილების თავები უჭირავს. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, გუჩის ადამიანს ორმაგი დატვირთვა აქვს. ის არის ერთი მხრივ, საკუთარი თავი, როგორც ავტორი და მეორე მხრივ, საკუთარი თავის ქმნილება, ხელოვნების ნიმუში.


გუჩის ეს ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიულია. კოლექციაში წარმოდგენილ 90-მდე ლუქიდან უმრავლესობაში გვხვდება სხვადასხვა კულტურის ტრადიციული და რელიგიური ტანსაცმელი. ამგვარი ტანსაცმლისა და აქსესუარების სტილის შექმნის მიზნით გამოყენება მრავალი ადამიანისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ხელოვნების სხვა მედიუმებისგან განსხვავებით, მოდის ჩვენებების რეალური შინაარსი ხშირად  გაუთვალისწინებელი რჩება კოლექციის მიმოხილვისას და კონტექსტი სრულიად უგულებელყოფილია. იმისათვის, რომ რიგითმა ადამიანმა ჩვენების  კონტექსტი სრულად აღიქვას,  ბევრად მეტი ფიქრია საჭირო, ვიდრე მაგალითად,  ფილმის, წიგნის ან სპექტაკლის აღქმის შემთხვევაში. კონტექსტის გათვალისწინებით, რელიგიური და ტრადიციული სამოსის გამოყენებას გუჩის ჩვენებაში არ აქვს ნეგატიური მნიშვნელობა. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება პიროვნების მიერ საკუთარი იდენტობის შექმნის და სხვადასხვა ბინარული კატეგორიების ერთ სხეულში მოქცევის იდეას, რომლის გამოხატვაც იყო ჩვენების მიზანი. მიუხედავად ამისა, კოლექციაში გამოყენებულ ტრადიციულ და რელიგიურ ტანსაცმელს კონტექსტის ცოდნით ადამიანების მხოლოდ ის მცირე ნაწილი შეხედავს, ვისაც  ჩვენების შენიშვნების დოკუმენტის გაცნობა და ანალიზი შეუძლია. ამასთან ერთად, როდესაც ჩვენებიდან მხოლოდ ცალკეული სურათები ვრცელდება, სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, რასაკვირველია, მათი აღქმაც მხოლოდ მოცემულ ზედაპირულ ინფორმაციას ეფუძნება.


გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება სამაგალითო მოვლენაა მოდის ინდუსტრიაში. ეს ერთგვარი შეხსენებაა, რომ პროდუქცია მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს მოდის ნაწილად, როდესაც ის წარმოაჩენს  გარეგან მნიშვნელობას და დაეყრდნობა რაიმე შინაარსს. ამ მნიშვნელობის გარეშე მოდის კრიტიკაც ფაქტობრივად შეუძლებელია და სწორედ ამიტომაა, რომ გუჩის ეს განსაკუთრებულად ღირებული და აქტუალური იდეებით დატვირთული კოლექცია კვლავაც განხილვის საგანია მოდის კრიტიკოსებისათვის.