ერთხელ, როცა დევიდ ჰოკნის დედას მეგობრებმა უთხრეს, ალბათ შენი შვილით ძალიან ამაყობო, მან ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა, ის ხომ ბრედფორდის მერია!” - ლაურა ჰოკნი თავის უფროს შვილს, პოლს გულისხმობდა.



დევიდ ჰოკნი პოპ არტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანია, რომელმაც ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი სხვადასხვა მედიუმი, ტექნიკა თუ თემა გამოიკვლია. 


ის 1937 წელს მუშათა კლასის წარმომადგენლების, კენეთ და ლაურა ჰოკნების ოჯახში დაიბადა, რომლებიც ინგლისში, ბრედფორდში ცხოვრობდნენ. მცირე შემოსავლის მიუხედავად, მშობლებს ხუთივე შვილისთვის კარგი განათლების მიცემა უნდოდათ. 1947 წელს დევიდმა Bradford Grammar School-ის სტიპენდია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი იყო, ძირითადად დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებთან ერთად სწავლობდა, რადგან მალევე აღმოაჩინა, რომ ხელოვნებას მხოლოდ მათ ასწავლიდნენ.


16 წლის ასაკში, 1953 წელს, სწავლა Bradford College of Art-ში დაიწყო, 1959 წელს კი Royal College of Art in London-ში გააგრძელა, სადაც ალენ ჯონსი, დერეკ ბოშიერი და რონალდ ბრუქს კიტაჯი გაიცნო. მეამბოხე სტუდენტებთან ურთიერთობამ მის ნამუშევრებს ახალი მიმართულება  მისცა. ამასთან, მან ღიად დაიწყო საუბარი თავის სექსუალობაზე და განაცხადა, რომ გეი იყო. 1961 წელს გამართული გამოფენა - Young Contemporaries გადამწყვეტი აღმოჩნდა დევიდისთვის, რადგან სწორედ აქ შენიშნა ის მისმა მომავალმა დილერმა ჯონ კასმინმა. 1963 წელს ჰოკნიმ საოჯახო პორტრეტებსა და საშხაპის სცენებზე დაიწყო მუშაობა. ამავე წელს გაიმართა მისი პირველი სოლოგამოფენაც, სახელწოდებით  David Hockney: Pictures With People In. 


Royal College-ში სწავლისას ჰოკნიმ პირველად იმოგზაურა შეერთებულ შტატებში, სადაც ენდი უორჰოლი, დენის ჰოპერი და ჰენრი გელდცალერი გაიცნო. ბრიტანეთში დაბრუნებულმა კი შექმნა ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი - A Rake’s Progress. მომდევნო წელს მან იმოგზაურა ლოს-ანჯელესში, სადაც ისეთ წამყვან ინტელექტუალებსა და ხელოვანებს შეხვდა, როგორებიც არიან ქრისტოფერ იშერვუდი და ოსი კლარკი. 60-იან წლებში ის თითქმის ყოველთვის კალიფორნიის უნივერსიტეტებში ასწავლიდა, სადაც თავის მომავალ შეყვარებულს, პიტერ შლეზინგერს შეხვდა. ამ პერიოდში ჰოკნი თავის ნახატებში უმეტესად წყალს იკვლევს და ქმნის ისეთ ცნობილ ნამუშევრებს, როგორებიცაა A Bigger Splash, Peter Getting Out of Nick’s Pool და Man in Shower in Beverly Hills.




შლეზინგერის დახმარებით, დევიდი მალე გაიცნობს ოსი კლარკის მომავალ მეუღლეს, სელია ბირთველს, რომელიც მისი მეგობარი და მუზა გახდება. ჰოკნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე Mr and Mrs Clark and Percy სწორედ სელია და ოსი კლარკები არიან გამოსახულნი. გარდა ამ ნამუშევრისა, ამ პერიოდში ის რამდენიმე ძალიან ცნობილ ორმაგ პორტრეტს ქმნის, მათ შორის - American Collectors და Christopher Isherwood and Don Bachardy.





1971 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰაზანმა დევიდ ჰოკნის შესახებ დოკუმენტური ფილმის,
A Bigger Splash-ის გადაღება დაიწყო, რომელიც ეკრანებზე 1974 წელს გამოვიდა. 1972 წელს დევიდი და შლეზინგერი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ნამუშევრები, როგორებიცაა Pool and Steps, Still Life On a Glass Table და Beach Umbrella. მათგან უმეტესობა მარტოობას ასახავს. ამავე წელს ის მუშაობას იწყებს ნახატზე Portrait of an Artist (Pool With Two Figures), რომელზეც შლეზინგერია გამოსახული. ნახატი 2018 წელს 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ცოცხალი ხელოვანის ნამუშევარში ოდესმე გადაუხდიათ. 







1977 წელს ჰოკნიმ ვალას სტივენსის
ლექსის, “ლურჯი გიტარისა” და პიკასოს შთაგონებით შექმნილი შთამბეჭდავი გრავიურების სერია გამოაქვეყნა, რომელსაც Etchings by David Hockney Who Was Inspired by Wallace Stevens Who Was Inspired by Pablo Picasso ერქვა. 1976 წელს გამოვიდა დევიდის საკმაოდ წარმატებული ავტობიოგრაფიული წიგნიც - Hockney by Hockney. მალევე კი კვლავ პიკასოს შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები Self Portrait with Blue Guitar და Model with Unfinished Self-Portrait, რომლებიც ხატვის პროცესს იკვლევენ
.



1977 წელს ჰოკნიმ მშობლების პორტრეტზე დაიწყო მუშაობა. მისი ყველა ორმაგი პორტრეტის მსგავსად, ეს ნამუშევარიც დრამატულია. მორის პაინმა, მისმა ასისტენტმა და მეგობარმა, აღნიშნა: “ეს ნახატი ორი ადამიანის შესახებაა, რომლებიც 48 წელია დაქორწინებულები არიან, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვეს თითქმის ვერ ამჩნევენ.”


1978 წელს დევიდი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.იუ-იორკში ყოფნისას კი თავის მომავალ პარტნიორს, იან ფალკონერს შეხვდა, რომელიც არტისტთან ერთად ცხოვრებას შემდეგნაირად აღწერს: “ის ორი საათით იძინებდა, შემდეგ დგებოდა, მუშაობდა და კიდევ ორი საათით იძინებდა. ღამით მშვიდად ვერასდროს იქნებოდი, რადგან დევიდი შუაღამისას ოთახში ყვირილით შემოვიდოდა: “საყვარელო, უნდა მოხვიდე და ნახო!”, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, 85-ედ მოგიწევდა პიკასოს შესახებ ლექციის მოსმენა.”

 

70-იანების დასასრულსა და 80-იანების დასაწყისში დევიდი ფოტოგრაფიაზე იწყებს მუშაობას და, მართალია, თავიდან კრიტიკულად უყურებს ობიექტივის შესაძლებლობებს, მაგრამ მალე ერთი და იმავე სივრცის ბევრი სხვადასხვა რაკურსით გადაღებისას სრულიად ახალი სტილის ნამუშევრებს ქმნის. 1986 წლიდან მან კიდევ ერთი მედიუმის, კერძოდ კი, ფოტოსკანერის გამოყენება სცადა, რომლითაც Self-Portrait, July 1986 შექმნა, სადაც მისი მაისურის პირდაპირი ფოტოასლია გამოყენებული. 



1990-იანი წლები საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა ჰოკნისთვის. მან 1992 წელს სცენის დიზაინზე დაიწყო მუშაობა.
1998 წელს კი დიდი ზომის ნაშრომი, A Closer Grand Canyon დაასრულა. 2002 წელს დევიდი იორკშირში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ამ პერიოდში ის ლუსიან ფროიდის პორტრეტისთვის პოზირებას დათანხმდა, რომლის დასრულებასაც მთელი 120 საათი დასჭირდა. მრავალსაათიანი დახმარების საპასუხოდ, მალე ფროიდიც გახდა ჰოკნის ნატურა, სულ რაღაც 4 საათით. ამ პერიოდში ჰოკნი თავის ნამუშევრებში აქტიურად იწყებს აკვარელის გამოყენებას და ძირითადად პეიზაჟებს ხატავს. ის მთლიანად ამბობს უარს ფოტოგრაფიაზე და მყარად დგას იმ აზრზე, რომ “მხატვრობა ვერ გაქრება, რადგან მას ვერაფერი ჩაანაცვლებს. ფოტოგრაფია არ არის საკმარისად კარგი. ის არ არის საკმარისად რეალური.”


2004-2006 წლებში დევიდი სამხრეთ იორკშირის პეიზაჟებზე მუშაობდა, რომლებიც საბოლოოდ, ერთ სერიაში გაერთიანდა, სახელწოდებით Midsummer: East Yorkshire, 2004. 2007 წელს ჰოკნიმ ძალიან დიდი ზომის პეიზაჟზე დაიწყო მუშაობა, რაც ტექნიკურ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან მან წინასწარ არ იცოდა, თუ როგორი იქნებოდა ნახატი. დაუზოგავი შრომის შემდეგ, იმავე წელს, ნამუშევარი Royal Academy-ში გამოიფინა. Bigger Trees Near Warter 50 სხვადასხვა  ტილოსგან შედგება. 




2010-იანი წლებიდან ჰოკნი
მ ახალი მედიუმის, აიფონის ეკრანის გამოყენება დაიწყო: “მე ყოველდღე ვხატავ ყვავილებს და მათ მეგობრებს ვუგზავნი. ასე რომ, ისინი ყოველ დილით ახალ ყვავილებს იღებენ. თანაც, ჩემი ყვავილები არ ჭკნება.” აიფონის შემდეგ, მალევე, აიპედი იყიდა და მის ეკრანზე დაიწყო ხატვა. აღფრთოვანებული იყო იმით, რომ შეეძლო, ხატვის პროცესი უკან გადაეხვია და ენახა, როგორ შექმნა ყველაფერი. სწორედ აიპედითაა შესრულებული მისი კიდევ ერთი სერია Arrival of Spring in Woldgate.


2010 წლისთვის დევიდმა ვიდეოკამერის გამოყენებაც დაიწყო და გადაიღო ექსპერიმენტული ფილმები, რომლებიც პეიზაჟებს ასახავენ. მათგან ერთ-ერთია 18-რაკურსიანი ნამუშევარი, რომელიც ბრწყინვალედ აჩვენებს გაზაფხულის მოსვლას. 2013-2016 წლებში ჰოკნიმ აკრილით შესრულებული პორტრეტების სერიაზე 82 Portraits and 1 Still Life იმუშავა, რომელშიც, იდენტური ფონის მიუხედავად, შეძლო ბრწყინვალედ გადმოეცა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ხასიათი. 


ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც ჰოკნიმ გამოაქვეყნა, ყვავილების ციფრული ნახატია და 2020 წლის პანდემიას შეეხება. 83 წლის არტისტმა ნახატს შემდეგი წარწერა გაუკეთა: “გახსოვდეთ, რომ გაზაფხულს ვერავინ გააუქმებს.” ცოტა ხნის წინ კი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ცხოვრების სიყვარულსა და ბუნებასთან კავშირის გაწყვეტაზე ისაუბრა.

 

მთლიანობაში, დევიდ ჰოკნის უდიდესი შემოქმედება სამყაროს ამოცნობისა და მასთან ურთიერთობის გზების ძიების უსასრულო პროცესად შეიძლება შევაფასოთ, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მუდამ თანამედროვე და თანაბრად პროფესიონალური ტექნიკითაა სავსე.