კინო იმაზე ოდნავ უფრო მეტია,  ვიდრე სცენაზე შექმნილი ატმოსფერო და მახიობების თამაში - ეს სიტყვები რეჟისორ სტენლი კუბრიკს ეკუთვნის, რომელმაც კინოს თავისებური ხედვა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ვიზუალით: განათებით, მინიმალისტური ინტერიერის დიზაინით, გეომეტრიული, ზოგჯერ უცნაური ფორმებით და, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი კონტრასტული პატერნებით გამოხატა.


თუმცა, სანამ კინოს გადაღებას და გადასაღებ მოედანზე ახალი სამყაროს შენებას დაიწყებდა, მანამდე მის ცხოვრებაში ფოტოგრაფია გაჩნდა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, დამოუკიდებლად მომუშავე რეჟისორმა აუცილებელია კარგად იცოდეს. 1940-იან წლებში ჟურნალ Look-ში ფოტოგრაფად მუშაობის გამოცდილებამ და ამავე პერიოდში მისმა ჭადრაკისადმი ინტერესმა საბოლოო ჯამში მას, როგორც კინორეჟისორს, შთამბეჭდავი, ყველასთვის დასამახსოვრებელი კადრები მოუტანა. ფოტოგრაფია ახალი რეალობის შექმნაში, ჭადრაკი კი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, სტრატეგიულად სწორი, ლოგიკური სვლების კეთებაში და ამ ახალი, დეტალებში გამოხატული რეალობის უფრო ფართო კუთხით  დანახვაში ეხმარებოდა. თუმცა ფოტოგრაფია მისთვის იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე უბრალოდ კადრი, რომელიც  ხედვის განვითარებაში ეხმარებოდა. კუბრიკისთვის ფოტო პირდაპირი მნიშვნელობით  ვიზუალური დოკუმენტი იყო, რომელსაც მისი ფოტოგრაფები სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან კონკრეტული კინოსურათებისთვის აგროვებდნენ.




ცნობილია, რომ თავად რეჟისორს თვითმფრინავით ფრენის შიში ჰქონდა, ამიტომაც კუბრიკის ფოტოგრაფები ნიუ-იორკის ქუჩებიდან დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდნენ, ამ კადრებს  კი სტენლი კუბრიკი საკუთარი ხელით  ლონდონის კინოსტუდიების გადასაღებ მოედნებზე აცოცხლებდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ფილმში The Shining, რომლის მოქმედებაც სასტუმროში ვითარდება, კუბრიკმა ძირითადად ფოტოგრაფ როი უოლკერის მიერ ამერიკულ სასტუმროებში გადაღებული ფოტოებით შექმნა, თუმცა ამ ტიპის  დოკუმენტურ წყაროს რეჟისორმა საკუთარი ფანტაზიაც დაუმატა და საბოლოოდ მიიღო სრულიად განსხვავებული, არატრადიციული სასტუმროს დიზაინი, გრძელი საშიში ლაბირინთებითა და კორიდორებით, მაღალი ჭერით, კლაუსტროფობიური გარემოთი და საგულდაგულოდ შექმნილი კონტრასტული ფერის პატერნებით.   ფილმი ფანტაზიისა და რეალობის ერთგვარ ბალანსს წარმოადგენს, ეს კი ზოგადად სტენლი კუბრიკისთვის დამახასიათებელი სტილია. თუ შინაარსს ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, ამ ბალანსს ვიზუალურ მხარეშიც შევამჩნევთ.




კუბრიკის დიზაინი არ არის მხოლოდ რეჟისორის ფანტაზია და მისი გამოგონილი უცნაური ფორმების და ფერების სამყარო, აქ რეალურიც ძალიან ბევრია. ფილმისთვის - 2001: A Space Odyssey, რომელიც განსაკუთრებულად მინიმალისტური დიზაინითა და დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა, რეჟისორმა NASA-ს დიზაინზე დაკვირვებით, კოსმოსური ხომალდის ინტერიერისა და ასტრონავტების ჩაცმულობის კვლევით შექმნა.




A Clockwork Orange-შიც რეჟისორმა რეალური, 1960-იან წლებში აშენებული ლონდონის ტემზისპირა დასახლების ადგილები გამოიყენა.  ეს ბრუტალისტური არქიტექტურა და ქალაქის რეალური სოციალური მდგომარეობა  მთელ ფილმს  გასდევს ფონად, ამიტომაც ითვლება, რომ  "მექანიკური ფორთოხალი" კუბრიკის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური ფილმია, ერთდერთი დაუჯერებელი რამ, რასაც ფილმში შეხვდებით, ახალგაზრდა წყვილის ინტერიერის დიზაინი და უცნაური ფორმის ავეჯია, რომელიც  რეჟისორს 1960-იან წლებში  დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში გავრცელებულმა ავეჯის დიზაინმა შთააგონა.


რეალობის რეკონსტუქცია ჩანს მის ბოლო ფილმში - Eyes Wide Shut, რომლის დიზაინიც კუბრიკმა  ნიუ-იორკში გადაღებული ქუჩების, მაღაზიების, სასტუმროების და ჯაზ-კლუბების ფოტოებზე დაყრდნობით ლონდონის Pinewood Studio-ში გააცოცხლა. ეს ფილმი გამორჩეულია  განსაკუთრებული სინათლით.  ზოგადად, განათებას სტენლი კუბრიკის ფილმებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რა დროსაც რეჟისორი სინათლის ბევრ სხვადასხვა წყაროს იყენებს, რაც მის ინტერიერს უფრო მეტად მკვეთრსა და აღქმადს  ხდის. კუბრიკი თავის ფილმებში   უკვე არატრადიციულ სინათლის წყაროდ  სანთლებსაც იყენებს, რომლებიც ვინტაჟურ ჭაღებზეა განთავსებული, თუმცა ამაში განსაკუთრებული მხოლოდ ის არის, რომ რეჟისორი ვინტაჟურ ნივთებს თანამედროვე მოდერნისტულ და მინიმალისტურ ინტერიერში გვიჩვენებს, რაც, როგორც წესი, ამ ორი სხვადასხვა სტილის უჩვეულო შეთავსებაა. 


თუკი კინო მსახიობის შესრულებულ როლზე და რეჟისორის მიერ შექმნილ ატმოსფეროზე ოდნავ მეტი რამ არის, მაშინ თავად კუბრიკის შემოქმედება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე კინო. მის მიერ შექმნილი დიზაინი ტოვებს კინოს მედიუმს და საგამოფენო დარბაზში ისე ინაცვლებს, როგორც დამოუკიდებელი ნამუშევარი. რამდენიმე დღის წინ  ლონდონის დიზაინის მუზეუმში სტენლი კუბრიკის - როგორც მომავლის დიზაინერის  - გამოფენა მოეწყო, სადაც რეჟისორის 500-მდე ნამუშევარი - გადასაღები მოედნების დიზაინი, პატერნები და ის ნივთები იყო წარმოდგენილი, რომელიც სტენლი კუბრიკის კინოს  იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე თვითონ კინემატოგრაფის განმარტება.