სულ ცოტა ხნის წინ მხატვარმა მაია ნავერიანმა თავის ინსტაგრამგვერდზე იმ ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც Covid-19-ისგან გამოწვეულ მდგომარეობას ეხმიანება. ნახატების შესახებ მაიამ გუშინდელ Hammock-ის რუბრიკაში ისაუბრა, დილის შოუში. წარმოგიდგენთ მის ნამუშევრებს, ასევე გთავაზობთ ხელოვანის ჩვენს ტელერუბრიკაში გაკეთებულ კომენტარს მათ შესახებ.
“სახლში ყოფნა და სახლში მუშაობა ჩემთვის აბსულუტურად ნაცნობი მდგომარეობაა, ლონდონში ასე ვმუშაობდი ყოველთვის, დიდად სოციალურად ანგაჟირებული და დაქოქილი არასდროს ვყოფილვარ. ასე რომ, ეს მისაღები და კარგია ჩემთვის. მაგრამ, გავაწყვე მაგიდა, მოვიმარაგე ფანქრები, წამოვიღე სტუდიიდან ყველანაირი მასალა და ვერ ვმუშაობდი. რაღაც მხრივ ეგზალტირებულიც ვარ ამ სიტუციისგან და ამას ბუნებრივად მუშაობა არ მოჰყვება. ამიტომ დავიწყე ძველ მასალებში და ნამუშევრებში ქექვა და იმდენი ნახატი ვიპოვე, რომლებიც წარმოუდგენლად მოერგო ამ სიტუაციას, აი თითქოს ილუსტრაცია იყო ამ ყველაფრის, რაც ხდება, და მომინდა, რომ ეს დამედო ინსტაგრამზე, როგორც არქივი, თითქოს რაღაც ამეკინძა. რაც უფრო მეტს ვიჩიჩქნები ამ ძველ ნამუშევრებში, მით უფრო და უფრო მეტს ვპოულობ ყოველდღე. მგონია, რომ გუშინ დავხატე იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ნამუშევრებს და ამბობენ, რომ არ სჯერათ ოცი წლის წინანდელი რომაა. ამაში გასაკვირი არაფერია, ალბათ მე არ ვარ გამონაკლისი. ყველა ხელოვანი ცდილობს ამ ბანალურის მიღმა რაღაც დაინახოს და გაარღვიოს, და ეს ყოველთვის დიდი მამოძრავებელი მუხტია. ამიტომ ისეთ ნამუშევრებში, რომლებიც ამ მუხტით იქმნება, ბევრი ტექსტის ამოკითხვა შეიძლება. მაგრამ ამწუთას ჩემთვის ყველაზე დიდი მუხტი მოაქვს ამ ძველი ნამუშევრების თითქოს ხელახლა აწყობასა და გადაწყობას. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი გამომეხმაურა ამ ნამუშევრებზე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც კიდევ გროვდება და მერე რაღაც მომენტში, თუ გადავრჩით ფიზიკურად და გავიარეთ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ, ეს გამოცდილება თავისთავად გადაითარგმნება რაღაცაში. ყოველდღე ვარ სავსე რაღაცით, რასაც ბოლომდე არტიკულაციას ჯერ ვერ ვუკეთებ. მაგრამ ძალიან მაინტერესებს და სავსე ვარ ამ ყველაფრით. თითქოს ხელახალი დაბადების შანსი გაუჩნდათ ადამიანებს, ეგეთი გრძნობა და განცდა მაქვს“.
დაწერე კომენტარი