სოფია კოპოლამ მომდევნო ფილმის - On The Rocks-ის შესახებ 92Y-თან ინტერვიუში ახალი დეტალები გაამხილა. ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, მოგვიანებით, ამ წელს შედგება.

2017 წელს გამოსული The Beguiled-ის შემდეგ, On The Rocks კოპოლას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელზეც Lost in Translation-ის გამოსვლიდან 17 წლის  შემდეგ, კოპოლა და ბილ მიურეი კვლავ ერთად მუშაობენ. რეჟისორის მომდევნო ფილმი გვიჩვენებს ახალგაზრდა დედის (რაშიდა ჯოუნსი) და მისი მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფი, დახვეწილი და გართობის მოყვარული მამის (ბილ მიურეი) თავგადასავალს ნიუ-იორკში. ინტერვიუში კოპოლამ აღნიშნა, რომ როდესაც რაშიდა ჯოუნსის პერსონაჟს ეჭვები უჩნდება ქმრის ლამაზ ასისტენტზე, მამამისი მას პარანოიკად აქცევს, რადგანაც ის მამაკაცებს მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან უყურებს. 


„ფილმი ერთგვარი დაპირისპირებაა ორ თაობას შორის - ახალგაზრდა ქალისა და მამის, უფროსი თაობის წარმომადგენლის აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის კონფლიქტი იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ ისინი ურთიერთობებს და როგორ მოქმედებს თქვენი  მშობლებთან ურთიერთობა თქვენს სხვა ურთიერთობებზე, - ამბობს კოპოლა. - ფილმის გადაღება ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. მამა-შვილს ქმარზე თვალთვალისას, ასე ვთქვათ, პატარა თავგადასავალი გადახდებათ. ფილმში მათი ძალიან ბევრი დიალოგია ცხოვრებაზე, მამაკაცებსა და ქალებზე ნიუ-იორკში, მარტინის თანხლებით.“


On The Rocks პირველი ფილმია, რომელიც A24-მა თავის ახალ პარტნიორ - Apple TV+ -სთან ერთად დააანონსა. ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ფილმში ასევე მონაწილეობენ: მარლონ ვაიანსი, ჯესიკა ჰენვიკი და ჯენი სლეიტი. 

იხილეთ სრული ინტერვიუ: