გერმანელმა ფოტოგრაფმა ვოლფგანგ ტილმანსმა 50-მდე ხელოვანი შეკრიბა პანდემიის შედეგად დაზარალებული სახელოვნებო და მუსიკალური სივრცეების დასახმარებლად. 

ტილმანსისა და Between Bridges-ის მიერ  თანხის შეგროვების მიზნით შექმნილ კამპანიას  Solidarity 2020 ჰქვია, რომლის ფარგლებშიც ხელოვანების  პოსტერები $50/€50/£50-ად გაიყიდება. ფოტოგრაფის თქმით, ეს სწორედ ის ხელმისაწვდომი  თანხაა, რასაც ზემოთ ხსენებულ სივრცეებში ვხარჯავთ. „უამრავი სივრცეა, რომლებიც სათანადო დახმარებას ვერ იღებენ, რადგანაც „არაფორმალურად“ მიიჩნევიან. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მათ სასარგებლოდ რაიმე გავაკეთო, რათა მათ  სამუდამოდ არ მოუწიოთ დახურვა“, - ამბობს ტილმანსი.

ამჟამად, ხელმისაწვდომ პრინტებს შორის არის ბრიტანელი ხელოვანის, მარკ ლეკის A Challenging Can Change, რომლიდანაც შემოსული თანხები ბერლინში არსებულ მრავალფუნქციურ სახელოვნობო სივრცეს, ACUD MACHT NEU-ს გადაეცემა;



აგრეთვე, სამხრეთ აფრიკელი ხელოვანის, მარლენ დიუმას მიერ შესრულებული ჯეიმს ბოლდუინის პორტრეტი, ბერლინული ჟურნალის,
Siegessäule-ის მხარდასაჭერად;
და ფოტოსურათი ჯილიან უეარინგის არქივიდან, 1992-93 წელს გადაღებული All I Ever Wanted Was Love, რომლიდან შემოსული თანხებიც ღამის კლუბ Renate-ს გადაეცემა.



თავად ტილმანსის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი გადაღებულია მისივე სტუდიაში, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო ამჟამად დაკეტილია.


პოსტერების დაბეჭდვის და მიწოდების ხარჯებს ტილმანსი თავად იხდის, რათა შემოსული თანხები პროექტში ჩართულმა სახელოვნებო  სივრცეებმა სრულიად მოიხმარონ.



ფოტოგრაფი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა სახელოვნებო გაერთიანებებთანაც, რათა მათი  პროექტში ჩართულობა მაქსიმალურად გაზარდოს. 

პროექტი დახასიათდა, როგორც „შეუზღუდავი გამოცემა შეზღუდული დროით“, თუმცა მისი დასრულების თარიღი არ არის დაზუსტებული. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ  ბმულზე