“კონა” ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის ქართული ბალახეული ჩაია, რომელიც საოცრად არომატულ, გემრიელ და საინტერესო კომპოზიციებსა და გამებს სთავაზობს მომხმარებელს. ნატურალური ინგრედიენტებითა და ნარჩევი მცენარეებით შექმნილი მცირე რაოდენობის, თუმცა საუცხოო ჩაი “კონა” იმ მივიწყებულ კულტურას აცოცხლებს, რომელიც ბალახეული ჩაის დაყენებისა და მომზადების ტრადიციას ახლდა თან. ალი და ნინო - სიყვარულის კონა, ზენა - დეტოქსი, ნაინა - ტკბილი ძილის კონა, მარადიული გაზაფხული - სილამაზის კონა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ 12 კომპოზიციას შორის, რომელსაც ნატალია ფარცხალაძის მიერ 2015 წელს დაფუძნებული კომპანია “კონა” მის მომხმარებელს უზიარებს.
Hammock Magazine თიბისი სტარტაპერთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს ჩაი “კონას” დამფუძნებელ ნატალია ფარცხალაძესთან, რომელიც კომპანიის ალტერნატიულ რეალობასთან ადაპტაციაზე გვესაუბრება.
მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის და როგორ გაჩნდა ჩაი "კონას" დაარსების იდეა?
ბავშვობაში ლავრისხევში ძალიან ხშირად ბებიასთან ერთად დავდიოდი და ვკრეფდი სხვადასხვა სახეობის ბალახს, კენკრას და იქაურ ასკილს, რომლის ჩაის გემოც დღემდე მახსოვს. ეს იდეა გონებაში თითქოს მუდამ არსებობდა, თუმცა პარიზში სწავლის პერიოდში კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბალახეული ჩაის კულტურა ბევრ ჯადოსნობასთან არის კავშირში და მსურდა ეს ჩვენთანაც დაბრუნებულიყო. 2014 წლის ბოლოს უფრო სერიოზულად დავფიქრდი ამ იდეის განხორციელებაზე და როდესაც ენპარდის (ENPARD) მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე, სწორედ მაშინ შეიქმნა ჩაი კონაც. ბევრი რამ საკუთარი ძალისხმევით გავაკეთე, ბევრ რამეში დონორი დამეხმარა, მოვაწყვე საერთაშორისო სტანდარტების საწარმო, ვმუშაობდი ბრენდინგზე და ერთ წელიწადში ისე მოხდა, რომ “კონამ” გარკვეული ცნობადობა უკვე მოიპოვა.
რას გულისხმობს ჩაი “კონას” კონცეფცია და რით არის იგი ბაზარზე არსებული სხვა ჩაის ბრენდებისგან გამორჩეული?
“კონა” მისი კრედოს - “Pauca sed bona - ცოტა, მაგრამ საუცხოოს” - მიხედვით არის ხელნაკეთი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე მცირე რაოდენობით გხვდება, თუმცა განსაკუთრებულია პრემიუმ ხარისხის ნარჩევი ინგრედიენტებით. ჯერჯერობით “კონა” პირველი და ერთადერთი ქართული ჩაია ბაზარზე, რომელიც მოხმარებელს გლობალურ გამას სთავაზობს და სხვადასხვა საინტერესო კომპოზიციებით არის წარმოდგენილი, როგორებიცაა ალი და ნინო - სიყვარულის კონა, ზენა - დეტოქსი, აღმოსავლური ზღაპარი - სითბოს კონა, ცია - სიგრილის კონა, ნაინა - ტკბილი ძილის კონა, მარადიული გაზაფხული - სილამაზის კონა… “კონა” სურნელის, გემოს, ვიზუალის, ხარისხის და ამბავის შერწყმაა, რომელსაც თორმეტი ფერი აქვს და თორმეტ ამბავს ჰყვება. “კონას” გამორჩეულს ხდის ისიც, რომ თითოეულ კომპოზიციაში ინგრედიენტები თითქმის არ მეორდება, მათ თავისი ადგილი და ფუნქცია აქვთ.
აქამდე სად შეიძლებოდა ჩაი “კონას” შეძენა და მისი დაგემოვნება?
ჯერჯერობით “კონას” არ აქვს საკუთარი სივრცე, მას დიდ სარესტორნო ქსელებში და პატარა, საყვარელ კაფეებში შეხვდებით. ასევე, გურმე შოპების ტიპის ექსკლუზიურ მაღაზიებში. ამასთან, რა თქმა უნდა, პროდუქციის შეძენას “კონას” ვებგვერდზეც შეძლებთ, სადაც ჩვენი ბალახეული ჩაის კომპოზიციების სრულ ჩამონათვალს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ “კონა” არ არის მასობრივი პროდუქტი, გვსურდა, მისი სხვადასხვა მაღაზიის ქსელში განთავსება. თუმცა, სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქტისთვის მაღაზიების დიდ ქსელებში შესვლის პირობები იმდენად კაბალურია, რომ კონას გაყიდვის პერსპექტივას ამ მხრივ ვერ ვხედავ.
როგორ დაახასიათებდით ადამიანს, ვინც “კონას” მუდმივი მომხმარებელია?
თავიდან ბიზნესმოდელში კონკრეტული სეგმენტი შევარჩიე, თუმცა რეალურად აღმოჩნდა, რომ “კონას” მომხმარებელი უფრო მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, ვიდრე ეს წარმომედგინა. გვყავს, როგორც ქართველი ახალგაზრდა თაობის მუდმივი მომხმარებლები, ქალებიც და კაცებიც, ასევე ტურისტები და უცხოელი კლიენტები მალაიზიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც სიამოვნებით იწერენ ჩვენს ჩაის.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
დასაწყისში აზარტი უფრო მეტი მქონდა, ვიდრე კონკრეტული ცოდნა, რაც ბიზნესის სწორად მართვას სჭირდება, ამიტომ მომიწია ათას დეტალსა თუ საკითხში გარკვევა, ბალახეული კომპოზიციების შედგენის სპეციფიკის, ინგრედიენტებისა თუ მცენარეთა თვისებების შესწავლა.
რა გავლენა იქონია ჩაი “კონაზე” ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და როგორ ადაპტირდით ახალ ალტერნატიულ რეალობაში?
ვფიქრობ, ახლა რომ საკუთარი სივრცე ჰქონდეს “კონას” და ამაში ქირას ვიხდიდე, ნამდვილად არ მექნებოდა სახარბიელო მდგომარეობა. თუმცა, მაინც არსებობს ისეთი ფაქტორები, რამაც ბიზნესი გარკვეულწილად დააზარალა, რადგან დაიხურა ის რესტორნები თუ კაფეები, რომელთაც ჩაის ვაწვდიდით. მიუხედავად ამისა, კომპანიას აქვს ის რეზერვი, რომ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს და ჰაერზე არ დატოვოს, რადგან, ვთვლი, რომ “კონა” პირველ რიგში მისი გუნდია. ამ ეტაპზე, ვცდილობთ გავააქტიუროთ ონლაინგაყიდვები და მიტანის სერვისი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა და ზედმიწევნით არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ამასთან გვაქვს, პატარ-პატარა სიურპრიზები ჩვენი მომხმარებლებისთვის, ერთგვარი აქციები, რაც ონლაინგაყიდვებს უფრო ახალისებს.
ჩაი “კონას” რომელ კომპოზიციას გვირჩევდით ამ პერიოდში?
ნაინა - ძილისპირულს გირჩევდით, რომელიც უფრო ტკბილი, დამამშვიდებელი ძილის კონაა და ყოველთვის კარგია, თუმცა ახლა შედარებით სტრესულ გარემოში, ვფიქრობ, უფრო სასიამოვნო იქნება. ასევე გაზაფხულზე მისართმევად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესოა მფარველი ვარსკვლავის კომპოზიცია, რომელიც მეტ მხნეობას შეგმატებთ. ზოგადად, ჩვენთან ყველა კომპოზიციას და გემოს თავისი დანიშნულება აქვს და ყველას შეუძლია თავისი კონა იპოვოს.
როგორ შეიცვალა თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
დღეს უფრო მეტად კონცეტრირებული ვართ ონლაინგაყიდვებზე და იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად უცხოელი მომხმარებლებიც გვწერენ და გვირეკავენ, ვფიქრობთ, რომ მალე ჩაი “კონა” საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზეც განვათავსოთ, რათა ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია. არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში მინდა, რომ “კონას” ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც არა მხოლოდ მისი შეძენა, არამედ ადგილზე დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი