ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ Instagram-ში ახალი გვერდი გამოჩნდა - @lynch_holding_ur_fav_movie, რომელიც სწორედ იმას აკეთებს, რაზეც სახელი მიანიშნებს. გვერდს აუდიოვიზუალური ფაკულტეტის სტუდენტი, ვიდეორეჟისორი და ლინჩის ნომერ პირველი თაყვანისმცემელი მართავენ. ყოველ პოსტში რეჟისორის ერთი და იგივე ფოტოა, რომლის ორიგინალშიც დეივიდ ლინჩს „საშლელთავას“ ასლი უჭირავს, თუმცა გვერდის შემქმნელები ფოტოშოპის მეშვეობით სხვადასხვა ფილმებს ურჩევენ გამომწერებს.
გვერდის ინსპირაცია Instagram-ის ახალი ტენდენციაა - ცნობილი ადამიანები სხვადასხვა მოწოდებებით ხელში. @lynch_holding_ur_fav_movie მას შემდეგ შეიქმნა, რაც სამმა მეგობარმა კინოინდუსტრიასთან დაკავშირებული მსგავსი გვერდების ნაკლებობა შეამჩნია. „ცნობილი ადამიანების სურათები სხვადასხვა მოწოდებებით ხელში საკმაოდ წარმატებულია Instagram-ზე, - ამბობენ შემქმნელები. - დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობა მუსიკას ეხება და როგორც კინოს მოყვარულებმა, გადავწვიტეთ ასეთი გვერდი ჩვენნაირი ადამიანებისთვისაც შეგვექმნა“.
ბევრი ფილმი გამომწერების რეკომენდაციების მიხედვით იტვირთება, ზოგი დამწყები რეჟისორიც გვერდის შემქმნელებს თავისი ფილმის გაპიარებას სთხოვს, თუმცა მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, დეივიდ ლინჩზე კეთდება.
ლინჩის ნამუშევრებიდან გვერდის შემქმნელები Mulhollad Drive-სა და Twin Peaks-ს გამოარჩევენ და ამბობენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი სიამოვნებით უყურებდნენ Twenty Years Later-ს რეჟისორთან ერთად და მოისმენდნენ მის აზრს ზოგადად ბრაზილიური კინემატოგრაფის შესახებ. ხოლო თავიანთ საყვარელ ფილმად Bacurau-ს ასახელებენ, რომელშიც აღწერილია ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის შესახებ, რომელიც უცებ რუკიდან უჩინარდება.
დაწერე კომენტარი