იაპონელი რეჟისორი, ანიმატორი, სცენარისტი და მანგაკა სატოში კონი ანიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ დასავლეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სატოში კონის ნამუშევრები სიუჟეტის კომპლექსურობით, ფერების სიმბოლიზმითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. სატოში კონის ხელწერა არაორდინალური თხრობის სტილი და მაყურებლის გონებით თამაშია. მის ფილმებში ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის ბუნდოვანია; თითოეული ნამუშევარი სიზმარს ჰგავს, თუმცა გაღვიძებული აცნობიერებ, რომ ის, რაც იხილე, რეალობაა, მაგრამ შემქმნელის ფანტაზიებს მიღმა იმდენად მიჩქმალული, რომ მის ამოსაცნობად საკუთარ ქვეცნობიერში ჩაძირვა და ფიქრი გჭირდება.
სატოში კონი 1967 წლის 12 ოქტომბერს ჰოკაიდოზე, ქალაქ საპოროში დაიბადა. ანიმატორობა ბავშვობიდანვე იზიდავდა. ოცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარება აღმოჩნდა. 1997 წლამდე ანიმატორად, მანგაკად და სცენარის ავტორად მუშაობდა. მის კარიერაში გარდამტეხი სწორედ 1997 წელი აღმოჩნდა, როცა ფილმით - “სრულყოფილი ლურჯი” კონის სარეჟისორო დებიუტი შედგა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “სრულყოფილი ლურჯი” კინო და ანიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრის თქმით კი - ეპოქალური ნამუშევარია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საზოგადოების ანიმაციისადმი დამოკიდებულება. სატოში კონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეკრანზე რეალობას ილუზიის საბურველი მოარგო. მას არა ერთი, არამედ მრავალი რეალობის სწამდა: თითოეული ადამიანის სუბიექტურ, “შინაგან” რეალობას კომპიუტერებისა და ტელევიზორების ეკრანებსა და ინტერნეტში არსებული რეალობა ემატება. “სრულყოფილი ლურჯი” სწორედ ამ რეალობების მიჯნაზე განცდილი ტრანსფორმაციაა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არა მხოლოდ მთავარი გმირი, არამედ მრავალი ჩვენგანი განიცდის.
კრიტიკოსთა და გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სატოში კონმა ამ სურათით იწინასწარმეტყველა ე.წ. პოპ აიდოლების ეპოქა - ფილმში შემზარავი გულწრფელობითაა გადმოცემული ცნობილ სახეთა გაფეტიშების ტენდენცია, ხოლო ადამიანთა სურვილს, აკონტროლონ ე.წ. აიდოლების ცხოვრება, მეტ გასაქანს აძლევს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაყურებლებზე, არამედ რეჟისორებსა და მათ კარიერაზეც დიდი გავლენა იქონია. ამის ნათელი მაგალითი დარენ არონოვსკია, რომელმაც ფილმში „რექვიემი ოცნებაზე“ „სრულყოფილი ლურჯის“ ერთ-ერთი ცნობილი კადრი გამოიყენა.
„სრულყოფილი ლურჯის“ მსგავსად, სატოში კონის მომდევნო ნამუშევრის ერთ-ერთი თემაც ცნობილი სახისა და თაყვანისმცემლის ურთიერთობაა, თუმცა ეს ორი ფილმი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
„ამ ურთიერთობის ადაპტირებისას მსურდა, „ათასწლეულის მსახიობი ქალი“ სრულიად საპირისპირო, უფრო პოზიტიური ყოფილიყო. ამ მხრივ, ეს ორი ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათში ერთი და იმავე ურეთიერთობის ბნელი და ნათელი მხარეებია გადმოცემული“, - ამბობს სატოში კონი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ათასწლეულის მსახიობი ქალი“ საოცრად დახვეწილი თხრობის სტილით გამოირჩევა. ესაა ერთგვარი ფილმი ფილმში - ათასწლეულის მსახიობი ქალის ფილმები მსახიობის წარმატებული კარიერის პარალელურად, მის პირად ტრაგედიაზეც მოგვითხრობს. “სრულყოფილი ლურჯის” მსგავსად, მთავარი პერსონაჟიც თითოეული როლით შექმნილ სხვადასხვა რეალობაში მოგზაურობს, თუმცა ათასწლეულის მსახიობმა ქალმა იცის, სინამდვილეში ვინ არის, შესაბამისად, განსხვავებული რეალობები მისი მრავალწახნაგოვანი პიროვნულობისა და მრავალფეროვანი ცხოვრების ისტორიის გადმოცემის მშვენიერი ხერხია.
ფილმი თანამედროვე იაპონიის ისტორიის ერთგვარი სახელმძღვანელოცაა; 1923 წლის კანტოს მიწისძვრა, იაპონიასა და მანჯურიას შორის მიმდინარე მოვლენები, მეორე მსოფლიო ომი, ომისშემდგომი პერიოდი - ფილმი რეალური ფაქტების ერთობლიობაა, რომელსაც ერთ ისტორიად ათასწლეულის მსახიობი ქალის პირადი რეალობა და სიყვარული კრავს.
სატოში კონის უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „პაპრიკა“ მაყურებელმა პირველად 2006 წელს იხილა. საოცარი ფერები, თავბრუდამხვევი კადრები, გასაოცარი სიზუსტითა და შესაშური პედანტობით შესრულებული დეტალები - „პაპრიკა“ სიზმრებზე, ადამიანის ქვეცნობიერისა და ცნობიერის ჭიდილზე, ფარულ სურვილებსა და ინტერნეტზეა, რომელიც ძალიან ჰგავს სიზმარს, რადგან ორივე სამყარო გვაძლევს ნებას, ხელი ჩავჭიდოთ იმას, რაზედაც რეალობაში ოცნებასაც კი ვერ ვბედავთ.
თავად პაპრიკაც სიზმრის შვილია. ის ძალიან სერიოზული და ჭკვიანი მთავარი გმირის, აცუკო ჩიბას, ლაღი და ქარიზმატული ალტერ ეგოა. ფილმი გვიჩვენებს, რომ ერთი შეხედვით იდეალურ აცუკო ჩიბასაც კი აქვს სურვილები, რომელთაც ფრთების გაშლის შესაძლებლობას მხოლოდ არარეალურ სამყაროში აძლევს. მთავარი პერსონაჟის ორი სახის პარალელურად ფილმში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, რეალობა და, მეორე მხრივ, ინტერნეტსივრცე და სიზმრები - ცნობიერის ჩაგვრისგან გათავისუფლებულ სურვილთა სამყარო.
„ჩემი აზრით, ინტერნეტს ორი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, ის ტელევიზორისა და ტელეფონის მსგავსი მოწყობილობაა, მაგრამ ამასთან ერთად, ინტერნეტი ძალიან ჰგავს სიზმრებს. მაგალითად, სიზმრებს ღამით ვნახულობთ. შენ უზარმაზარი სივრცის ნაწილი ხდები. ინტერნეტიც იგივეა. ფანატიკოსები ინტერნეტში ღამღამობით შედიან. ორივე შემთხვევაში, ესაა ორი სამყარო, რომელიც გვაშორებს რეალობას.“
„პაპრიკამ“ კინოკრიტიკოსთა და მაყურებელთა აღტაცებასთან ერთად, ცნობილი რეჟისორების მოწონებაც დაიმსახურა. კრისტოფერ ნოლანის ცნობილი ფილმის შთაგონების წყარო სწორედ „პაპრიკაა“, რაზეც სიუჟეტთან ერთად, სცენების მსგავსებაც მიგვანიშნებს.
თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში სატოში კონი ბავშვებისთვის ისეთი ფილმის შექმნის სურვილზე საუბრობს, რომელსაც მათთან ერთად უფროსებიც უყურებდნენ. სამწუხაროდ, მიზნის განხორციელება რეჟისორს აღარ დასცალდა. 2010 წელი ანიმე ინდუსტრიისთვის მძიმე აღმოჩნდა: სატოში კონი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სატოში კონი 4 სრულმეტრაჟიანი სურათისა და ერთი სერიალის რეჟისორია. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის არა მხოლოდ ანიმე ინდუსტრიის განსაკუთრებული სახე, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომლის ნოვატორული ხედვა და ინდივიდუალიზმი უამრავი სხვა რეჟისორის შთაგონების წყარო გახდა. კომპლექსური სიუჟეტები, არაორდინალური თხრობის სტილი, განუმეორებელი პერსონაჟები, ქვეტექსტებითა და სიმბოლოებით დატვირთული საკულტო სცენები, თვალისმომჭრელი დეტალები და მუდმივი სწრაფვა ადამიანის გონების, ქვეცნობიერისა და სიზმრების შესწავლისკენ - აი რა ხდის მის თითოეულ სურათს დაუვიწყარს.
დაწერე კომენტარი