“ყოველთვის ვგრძნობ, რომ ხელოვნება არის აი, იქ და უბრალოდ ვხედავ მას. ამიტომ ნამდვილად არ მიწევს დიდი შრომა.” 

- დემიენ ჰირსტი


დემიენ სტივენ ჰირსტი დაიბადა 1965 წლის 7 ივნისს ქალაქ ბრისტოლში, ინგლისში. ბრიტანელი ავანგარდისტის ხელოვნება მიზანმიმართულად ეხმიანება ვანიტასსა და სილამაზეს, სიკვდილსა და ხელახლა დაბადებას, მედიცინას და ტექნოლოგიას.



არტისტი ლიდსში გაიზარდა, 1980 წელს კი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. 1986-1989 წლებში ლონდონში, გოლდსმიტის კოლეჯში სწავლობდა. ამ პერიოდში მხატვარი კურატორობდა გამოფენას - Freeze, რომელიც ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტების (YBA) დებიუტად მიიჩნევა. 1991 წელს ლონდონში, ვუდსტოკის ქუჩის გალერეაში, პირველად მოაწყო პერსონალური გამოფენა, ხოლო 1992 წელს სააჩის გალერეაში წარადგინა საკულტო ნამუშევარი - The Physical Impossibility of Death in the Mind of Someone Living. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ზვიგენი 14 ფუტის სიგრძის შუშის ავზში, ფორმალდეჰიდში, რომელიც ჰირსტმა ავსტრალიელი მეთევზისაგან იყიდა.


არტისტის შემოქმედებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა ძირითადად, სიკვდილის თემაა. ხელოვანის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი - With Dead Head - ასახავს სიკვდილის მიმართ ინტერესს. ფოტოსურათი გადაღებულია მორგში, სადაც არტისტი პოზირებს ადამიანის მოწყვეტილ თავთან. 


საზოგადოების გარკვეული ნაწილი დემიენის ხელოვნებით არ იყო მოხიბლული, თუმცა არტისტმა დიდი მხარდაჭერა მიიღო ჩარლზ სააჩისგან, რომელიც სახელგანთქმულია, როგორც თანამედროვე ხელოვნების კოლექციონერი, ასევე, ბუმბერაზი ფიგურა  სარეკლამო საქმიანობაში. სააჩიმ ჰირსტს ფინანსურადაც შეუწყო ხელი და მისი ნამუშევრების შეგროვებაც დაიწყო, რამაც დემიენის იმიჯზე დადებითად იმოქმედა.



1993 წელს არტისტმა ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე წარადგინა თავისი შემოქმედება. გამოფენაზე -   Mother and Child Divided - ოთხ ვიტრინაში,  ფორმალდეფილდში, წარმოდგენილი იყო შუაზე გაჭრილი ძროხა და მისი  ბოჩოლა. ბრიტანეთში ჰირსტის პოპულარობა  სწორედ მის სადავო და საზარელ ნამუშევრებს უკავშირდება. 1995 წელს კი ტერნერის საპატიო ჯილდო დაიმსახურა. 


ჰირსტს უამრავი ინდივიდუალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონდა, მათ შორის გამოირჩევა 2004 წლის მთავარი პერსონალური ჩვენება - Treasures from the Wreck of the Unbelievable - წარმოდგენილი ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმში. ინსტალაცია მოიცავდა ქანდაკებებს და სხვა ობიექტებს, რომლებიც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა.

2012 წელს გაგოსიანის გალერეამ გამოფინა Spot Paintings 300-ზე მეტი ნამუშევარი. წერტილების ნახატები - Spot Paintings - სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და შემეცნებით დიქოტომიებს მოიცავს: თან გამშვიდებენ, თან გონებას გირევენ. თითოეული მათგანი სილამაზითაც გამორჩეულია, თუმცა, ამავდროულად, ჩვეულებრივიც. 

ნახატების სერიაში - Visual Candy და Natural History - პოპ-არტი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი კლინიკურ მინიმალიზმს ერწყმის. 


“თითოეულ ნახატში ქვეცნობიერადაა უკმაყოფილების განცდა… ფერები იწვევენ მხიარულებას, ამიტომ ძალიან რთულია შფოთვის შეგრძნება, მაგრამ ის იქ არის. შიში ყველგანაა.” რაც შეეხება, ინსტალაციას - Medicine Cabinets - არტისტის ღრმა რწმენით, ხელოვნებას განკურნება შეუძლია. 
“ხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრება.” - თქვა მან.

2012 წელს ტეიტ მოდერნის გალერეაში  გამოფინა საკულტო ნამუშევრების რეტროსპექტივა, სერია Natural History (1991–2013), რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიშანსვეტი გახდა, რაც ჰირსტის ინტერესს, ხელოვნებასა  და მეცნიერებას შორის არსებულ შუალედს, ეხმიანებოდა. მათ შორის აღსანიშნავია ინსტალაცია - The Physical Impossibility of Death in the Mind of Someone Living (1991), კოლექცია - A Thousand Years (1990), ორნაწილიანი ინსტალაცია -   In and Out of Love (1991) - კი ახლიდან დაამზადა და  ნახატები - Butterfly Monochrome.


2007 წელს საზეიმოდ გაიხსნა For the Love of God, თანამედროვე ხელოვნებაში აღიარებული და ფართოდ გავრცელებული ნამუშევარი, რომელიც ასახავს არტისტის უწყვეტ ინტერესს სიკვდილზე. 2009 წლის გამოფენაზე დემიენმა სხვადასხვა ნამუშევარი - No Love Lost, Blue - წარადგინა, რასაც კრიტიკოსების რისხვა მოჰყვა და მას “მოსაწყენი” და “არაპროფესიონალური” უწოდეს.


2011 წელს ჰირსტმა საკუთარი სკეიტბორდის ხაზი შექმნა. 2015 წელს ლონდონში გახსნა ნიუპორტ ქუჩის  გალერეა, რათა საზოგადოებისთვის თავისი არტ-კოლექცია გაეზიარებინა.


გარდა ამისა, დემიენს დაწერილი აქვს წიგნები, უთანამშრომლია მუსიკალურ  პროექტებსა და ფილმებში. ჰირსტს 80-ზე მეტი პერსონალური და 260 ჯგუფური გამოფენა აქვს გამართული და დღემდე აქტიურად აგრძელებს ახალ იდეებზე, ექსპერემენტებსა და თავის შემოქმედებაზე მუშაობას.