ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის VA[A]DS-ის საგაზაფხულო სემესტრის შუალედური გამოფენა წელს არატრადიციულ ონლაინ სივრცეში 25 აპრილს გაიხსნა, სადაც ნინო ქვრივიშვილისა და ზურაბ ბეროზაშვილის ხატვის სტუდიის პირველი და მეორე კურსის, თეა გვეტაძისა და თამუნა ჭაბაშვილის მეორე და მესამე კურსის ფერწერის ჯგუფისა და მარიამ ზალდასტანიშვილის და ნესტან მამაცაშვილის კომუნიკაციის დიზაინის სტუდენტების ნამუშევრებია წარმოდგენილი.
სტუდენტების პირველი ონლაინ გამოფენა აქამდე უჩვეულო მუშაობის პროცესს მოიცავდა, სახელოსნოებისა და იქ მუშაობის სპეციფიკის მიღმა. თუ პანდემიამდე სტუდენტები თავისუფლად და ინტუიციურად მუშაობდნენ სხვადასხვა მორჩენილი მასალით და ნამუშევრებიც სპეციფიკურად საგამოფენო სივრცისთვის იქმნებოდა, დღეს გამოფენის კონტექსტმა სახე იცვალა, რომელიც ალტერნატიულ, იზოლირებულ რეალობაში შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს.
ონლაინ გამოფენა ამ მასშტაბურ პანდემიურ მდგომარეობაში უკვე მიღებული პრაქტიკაა, თუმცა VA[A]DS-ის სტუდენტებისთვის ეს ახალი გამოცდილების ნაწილია, რომელიც სახლში, ჩვეული მასალების გარეშე შექმნილ ნამუშევრებს გულისხმობს. დისტანციური რეჟიმის სწავლების პერიოდში შექმნილ Online გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საკუთარ სივრცეში ჰარმონიის ძიების, ალტერნატიულ რეალობასთან დამოკიდებულებების, აქამდე არსებული ღირებულებების, რუტინული ყოფის გადააზრებისა და ახალი ფუნქციების აღმოჩენის შესახებ გვიყვება.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ფერწერული, ისე ვიდეონამუშევრები, რომელთა ნახვასაც კიდევ ერთი თვის განმავლობაში VA[A]DS-ის ფეისბუქ-გვერდზე ან სპეციალური QR კოდის გამოყენებით შეძლებთ.
დაწერე კომენტარი