მსოფლიოში ყველაზე გლამურული ღამის კლუბი - Studio 54 70-იან წლებში ნიუ-იორკის ჰედონიზმის ეპიცენტრი იყო. თავისუფლება, თანასწორობა, სექსი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ელიტური საზოგადოება, დისკო და სხვა - ამ ყველაფერს Studio 54-ის საცეკვაო სცენა აერთიანებდა.
1977 წელს მეგობრებმა ბრუკლინიდან, სტივ რუბელმა და იან შრანგერმა, მაჰეტენზე თეატრის შენობა შეისყიდეს და ადგილი ექვს კვირაში, ყველა დროის საუკეთესო ღამის კლუბად აქციეს. ცნობილმა განათების დიზაინერებმა ჯულეს ფიშერმა და პოლ მარანციმ, მფრინავი განათებებით საცეკვაო სცენა და მოძრავი თეატრალური ნაკრები შექმნეს. დაბალი დივნები, ბორდოსფერი კედლები, ვერცხლისფერი ვინილებით დაფარული პლატფორმა, საარკები, საცეკვაო აივნები, ბუშტები, ხელოვნური თოვლი, ლაზერები - ასე გამოყურებოდა კლუბის ინტერიერი, რომელიც იანის გემოვნებით შეიქმნა.
70-იანი წლების ბოლოს ამერიკაში აქტუალური გახდა დისკო მუსიკა, იმატა დისკოკლუბების რიცხვმაც, მაგრამ 1997 წლის 26 აპრილს, Studio 54-ის გახსნის წვეულებამ სენსაცია მოახდინა. “სტუდიო 54” გახდა ადგილი, სადაც მაღალი საზოგადოების წევრები, მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები, დიზაინერები, ამომავალი და უკვე ცნობილი ვარსკვლავები იკრებოდნენ. ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც მას გააჩნდა, თავისუფლება იყო. იქ ვერასდროს შეღწევდა პაპარაცი ან ჟურნალისტი, შესაბამისად, “რაც იქ ხდებოდა, იქვე რჩებოდა”.
“ეს ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე, როდესაც გაქცევა გინდა.” - მაიკლ ჯექსონი
ყველაზე გამომწვევი Studio 54-ში კარის პოლიტიკის სისასტიკე იყო. სტუმრების სიაში მყოფი ხალხი და ცნობილი ადამიანები კლუბის უკანა კარიდან შედიოდნენ. წვეულების დაწყებიდან დილამდე ადამიანები ავსებდნენ მთელ ქუჩას, იმ იმედით, რომ კლუბში შევიდოდნენ. კლუბში მოსახვედრად არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელ სოციალურ-ეკონომიკურ ფენას წარმოადგენდი, მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ გამოიყურებოდი. კარის პოლიტიკას რამდენიმე ტრაგიკული ამბავიც ახსოვს.Studio 54-ის რეგულარულმა სტუმარმა ენდი უარჰოლმა ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბის წარმატების გასაღები იყო, დიქტატურა კარზე, მაგრამ დემოკრატია საცეკვაო მოედანზე.”
ყველასათვის ცნობილი სიმღერა Le freak მას შემდეგ დაიწერა, რაც 1997 წელს ვორენ ბეტი და რობერტ დუვალი Studio 54-ში ახალი წლის წვეულებაზე არ შეუშვეს. სიმღერაც სწორედ კლუბის კარის პოლიტიკას ეძღვნება.
მუსიკაში რევოლუცია და ანდერგრაუნდ მუსიკის ჩამოყალიბებაც Studio 54-ის სახელს უკავშირდება. ეს იყო ადგილი, საიდანაც ამერიკაში “კლუბური ცხოვრების” კულტურის განვითარება დაიწყო. კლუბში პიონერი DJ-ები რიჩი კაცორი და ნიკი სიანო უკრავდნენ. კლუბის წარმატებას ხელი შეუწყო ფაქტმა, რომ შეიქმნა ორფირფიტიანი ვინილი, რაც dj-ის საშუალებას აძლევდა მთელი ღამით განუწყვეტლივ დაეკრა. ასევე, კლუბმა დისკო-სუბკულტურის ბუმი და დისკოს მიმართ ჰოლივუდის დაინტერესებაც გამოიწვია.
კლუბს ასევე დიდი წვრილი მიუძღვის LGBTQ და Drag კულტურის განვითარებაში. მაშინ, როდესაც მათთვის ადვილი არ იყო საკუთარი თავის გამომჟღავნება, ეს ის ადგილი იყო, სადაც თავს კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდნენ. Studio 54-ის კარი ყოველთვის ღია იყო, სხვადახვა ორიენტაციის, რასის, შეხედულების წარმომადგენლებისთვის.
თუმცა, Studio 54-ის დიდება მალევე შეეწირა ისეთ შავ საქმეებს, როგორიც არის კლუბში ნარკოტიკების მთები, აღურიცხავი მილიონები... საქმე კარგად მიდიოდა იქამდე, სანამ 1978 წელს რუბელს ტრაბახით არ წამოსცდა - “ჩვენმა მოგებამ მაფიის მოგებას გადაუსწრო.” ამ სიტყვების შემდეგ, საგადასახადოს 30 თანამშრომელი კლუბში წვეულების დროს შეიჭრა, იპოვეს აღურიცხავი ფული და კიდევ რამდენიმე ფაქტი, რამაც სტივ რუბელის და იან შრანგერის დაპატიმრება გამოიწვია. თუმცა, მალევე სასამართლომ ისინი თავდებით გაანთავისუფლა. კლუბის რეპუტაციას საფრთხე არ შექმნია, პირიქით, ამ ამბავმა ის უფრო მეტად პოპულარული გახადა. მეპატრონეებმაც გაზარდეს ბიზნესი და მეტად გამომწვევი გახადეს კლუბი. სამწუხაროდ, 1980 წლის იანვარში, სასამართლოზე, ყოფილმა პარტნიორებმა ბევრი უარყოფითი ჩვენება მისცეს მათ წინააღმდეგ, ბილის და იანს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სანამ ციხეში გადაიყვანდნენ, უფლება მისცეს ბოლო წვეულება გაემართათ. ლეგენდარული Studio 54-ის გამოსამშვიდობებელმა წვეულებამ მაღალი საზოგადოების ყველა წევრს მოუყარა თავი და ყველაზე დასამახსოვრებელ წვეულებად იქცა. კლუბი ახალმა მფლობელებმა შეისყიდეს, 1986 წლამდე ის კვლავ განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა დაკარგული დიდებით.
კლუბში გადაღებულმა ფოტოებმა დღის სინათლე საკმაოდ გვიან ნახა. 1998 წელს მარკ კრისტოფერის რეჟისორობით ფილმი “54” გამოვიდა, სადაც ახალგაზრდა ბიჭი გვიყვება მისი თვალით დანახულ Studio 54-ზე. 2018 წელს კი მეტ ტირნაურმა დოკუმენტური ფილმი “Studio 54” გადაიღო, სადაც აქამდე უცნობ ამბებს და ინტერვიუებს ვხვდებით.
“კარგი ღამე Studio 54-ში შენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილია.” - ანტონ ჰეიდენ-გესთ.
დაწერე კომენტარი