ბრიუს ვებერი თანამედროვე სამყაროს იმ იშვიათ ფოტოგრაფთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის კომერციულ ფოტოებსაც თანამედროვე ხელოვნების გალერეებში ხშირად შეხვდებით. მან შიშველი, ათლეტური აღნაგობის, სექსუალური და ჰიპერმასკულინური სხეულის წინა პლანზე წამოწევით მოდის ფოტოგრაფიაში ახალი და ყველასგან განსხვავებული ხელწერა დაამკვიდრა.
წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა - Calvin Klein, Ralph Lauren, Versace და Yves Saint Laurent. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდება ამერიკულ, ბრიტანულ, გერმანულ და ფრანგულ Vogue-ში, გარდა ამისა ვებერის ფოტოარქივი მრავლად ინახავს კულტურისა და შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების პორტრეტებსაც, რომელთა შორისაა დევიდ ბოუი, ჩეთ ბეიკერი, ხავიერ ბარდემი, პენელოპე კრუსი და ბევრი სხვაცნობილი სახე. ვებერის სახელს მისი 40–ზე მეტი ფოტოალბომი და 60–ზე მეტი გამოფენა უკავშირდება, გარდა ამისა მისი შემოქმედებითი კარიერა სცდება ფოტოგრაფიის მედიუმს და მოიცავს სარეჟისორო გამოცდილებას.
ბრიუს ვებერის ცხოვრებაში ფოტოგრაფია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სამსახიობო ხელოვნების სწავლის დროს გაჩნდა, თავდაპირველად მეგობარი მსახიობების პორტრეტებს იღებდა, რომლებსაც შემდეგ თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ პატარა ბნელ ოთახში ამჟღავნებდა. იხსენებს, რომ გადაღებამდე საათობით ესაუბრებოდა თითოეულ ადამიანს და ეკითხებოდა იმის შესახებ, თუ რა გზით, როგორი ტანსაცმლით ან განათებით სურდათ საკუთარი პიროვნების გამოხატვა, მომდევნო წლებში ამ ადამიანებისგან მიღებული გამოცდილება ვებერმა წარმატებით გამოიყენა როგორც კომერციული ფოტოგრაფიის, ისე პორტრეტის ჟანრში. ადრეულ წლებში ბრიუს ვებერი თავადაც მუშაობდა მოდელად, თანამშრომლობდა Stewart Men–ის სააგენტოსთან და მონაწილეობდა სხვადასხვა ბრენდის რეკლამებში, სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა ფოტოგრაფებს - რიჩარდ ავედონს და დიანა არბუსს, რომელთა გავლენაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კარიერა ფოტოგრაფიის მიმართულებით გაეგრძელებინა.
კალიფორნიაში ერთ–ერთი მოგზაურობის დროს ვებერმა მოცურავე ჯეფ აკილონი გაიცნო, რომლის ფოტოებიც შემდეგ ჟურნალ GQ-ში გამოაქვეყნა, ეს იყო მისი პირველი ფოტოსერია და ამავდროულად კომერციულ ფოტოგრაფიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ტრადიციული მოკრძალებული მამაკაცის ნაცვლად დამთვალიერებელმა მოდელის სექსუალური და ათლეტური სხეული იხილა. იმ პერიოდის მოდის ინდუსტრიაში მამაკაცი მოდელების რიცხვი ძალიან მცირე იყო, რადგან წამყვანი მოდის სახლები ძირითად აქცენტს ქალის ტანისამოსზე აკეთებდნენ, ხოლო ისინი, ვინც მამაკაცის ტანსაცმელსაც კერავდა, მას ტრადიციულ და კონსერვატიულ ჩაცმის სტილს სთავაზობდა, შესაბამისად ზუსტად ასევე გამოიყურებოდა იმდროინდელი მოდის ფოტოგრაფიაც.
ვებერი პირველი იყო, ვინც მოდის ინდუსტრიას მამაკაცის როლი განსხვავებული კუთხით დაანახვა და ის უფრო მეტად სასურველი გახადა, იგი მამაკაცს ხშირად ქალის, ბავშვის, ცხოველის სიახლოვეშიც იღებდა, რითაც ამავდროულად ამერიკული ცხოვრების სტილს უსვამდა ხაზს. მომდევნო წლებში ვებერმა თავისი „სექსუალური მამაკაცი“ Calvin Klein-ის, Ralph Lauren-ის და Armani-ის გადაღებებზეც წარმატებით გამოიყენა, მასვე ეკუთვნის Barney-ის 2015 წლის გაზაფხულის კამპანია - „It’s a Man’s World“, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური და მასკულინური მამაკაცი ყველა ამ ბრენდისთვის საერთოა, ფოტოგრაფი თითოეული გადაღების დროს ცდილობს, რომ წინა პლანზე კონკრეტული ბრენდის და მასთან ასოცირებული ადამიანების ინდივიდუალიზმი წამოსწიოს.
„როდესაც ფოტოგრაფად მქირაობენ, მე არა კომპანიებზე, არამედ იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომელთათვისაც ვმუშაობ. როცა რალფთან დავიწყე მუშაობა, მისი ოჯახის წევრები გავიცანი და ამ სამყაროს გადაღებას შევუდექი, აღმოვაჩინე, რომ მასთან ძალიან ბევრი მაქვს საერთო – მანქანები, ძველი ტანსაცმელი... კელვინს ყოველთვის გლამურული ნიუიორკული ცხოვრების სტილი ჰქონდა, კლუბებში და წვეულებებზე, ეს არ იყო ჩემი სამყარო, თუმცა მისი იყო და ასეთ გადაღებებს ყოველთვის ახლავს სხვადასხვა, ახალ სამყაროებში მოგზაურობის დადებითი მხარე“. – ამბობს ბრიუს ვებერი.
მოდა არ არის ერთადერთი, რასაც ვებერი იღებს, მისი ფოტოგრაფიის მეორე ნაწილს პორტრეტის ჟანრი წარმოადგენს. იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუსიკოსებისა და მსახიობების პორტრეტებს იღებს, ძირითადად შავ–თეთრ ფერებში, რითაც ცდილობს მათ ინდივიდუალიზმსა და პიროვნულობას გაუსვას ხაზი. ვებერის ფოტოარქივი მადონას, მაიკლ ჯექსონის, არეტა ფრანკლინის, იგი პოპის, ემი ვაინჰაუსის და თანამედროვე ამერიკული კულტურის ბევრი სხვა ვარსკვლავის პორტრეტს ინახავს.
ბრიუს ვებერის შემოქმედება არა მარტო მოდის ფოტოგრაფიას, არამედ ზოგადად ფოტოგრაფიასაც სცდება და მოიცავს მის სარეჟისორო გამოცდილებას. ვებერის 1987 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Broken Noses ნომინირებული იყო სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე წარმატებული ფილმი Let’s Get Lost კი, რომელიც მუსიკოს ჩეტ ბეიკერის ცხოვრებას და შემოქმედებას ეხება, სანდენსის გარდა, ოსკარის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაშიც მოხვდა. ბრიუს ვებერი ავტორია ასევე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის და ჯგუფ Pet Shop Boy–ის სიმღერის ვიდეოკლიპების: Being Boring, Se A Vida E და I Get Along. მასვე ეკუთვნის კრის ისააკის Blue Spanish Sky–ის ვიდეოკლიპი და სხვადასხვა წამყვანი ბრენდის - Calvin Klein–ის, Ralph Lauren–ის, Christian Dior–ის, Miu Miu–ს, Louis Vuitton–ის Yves Saint Laurent–ისა და Versace–ს სარეკლამო ვიდეორგოლები.
დაწერე კომენტარი