ცვილით დალუქულ კონვერტში ჩადებული, სურნელოვან ფურცლებზე დაწერილი სასიყვარულო წერილების ეპოქა დიდი ხანია დასრულდა. საყვარელი ადამიანების ამბის გასაგებად თვეობით ლოდინი აღარაა საჭირო; დღეს მათგან ათეულობით, ხანდახან - ათასეულობით კილომეტრი, თუმცა ერთი ტექსტური შეტყობინება თუ ზარი გვაშორებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი სფერო შეცვალა და გამონაკლისი არც ურთიერთობები და სიყვარულია. ტექნოლოგიურ ეპოქაში ადამიანებს შორის კომუნიკაციის გამარტივებამ, უსაზღვრო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ, წარმოუდგენელი შესაძლებლობების არსებობამ ურთიერთობებში პრობლემებიც განაპირობა. ამ პრობლემებს ადამიანი კვლავ ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მიდგომებით დაუპირისპირდა, რისი ყველაზე ნათელი მაგალითიც გაცნობის აპლიკაციები და ვებსაიტებია, რომლებიც დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე მიიჩნევს, რომ თანამედროვე ეპოქაში ურთიერთობების ხასიათისა და არსის ცვლილება შეუქცევადი პროცესია. ამ შეხედულების მიმდევართა შორის არაერთი რეჟისორი აღმოჩნდა, რომლებმაც დისტოპიურ და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შექმნილ საკუთარ ფილმებში ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვეს: როგორი იქნება სიყვარული მომავალში?
სიყვარულის მომავლის შესახებ რეჟისორებს განსხვავებული დამოკიდებულება და სავარაუდო სცენარები აქვთ, რომელთაგან ზოგიერთი იმედისმომცემი და პოზიტიურია, თუმცა უმეტესობა - საშიში და ბნელი. მაგალითად, “ლობსტერის” (Lobster) მიხედვით, დისტოპიური სიყვარულის მთავარი ნიშანი ვალდებულებაა. რეჟისორი თანამედროვე სამყაროში რეალური ურთიერთობების დეფიციტის ფონზე სასიყვარულო ბედისწერისა და ე.წ. soulmate-ების იდეას აშარჟებს და დასცინის საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც რომანტიკული ურთიერთობები ხშირად ვალდებულებად აღიქმება. ამის გამო ლობსტერისეული სიყვარული რომანტიკის, გრძნობების, ინტიმურობისა და სხვა ისეთი თვისებებისგანაა დაცლილი, რომლებიც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში სიყვარულის აუცილებელ და განუყოფელ ნაწილებად ითვლება.
რეჟისორები მომავალში ადამიანების ტექნოლოგიებით ჩანაცვლებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საკუთარ ფილმებში ხმამაღლა ალაპარაკდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია Be Right Back - “შავი სარკის” (Black Mirror) ერთ-ერთი სერია, რომლის გარეშეც ტექნოლოგიური ეპოქის ბნელ მხარეებზე საუბარი წარმოუდგენელია. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეპიზოდის მთავარ პერსონაჟს გარდაცვლილი ქმრის მოგონებებით ანუგეშებს, მალე ქალის ცხოვრებაში ემოციურის გარდა, ფიზიკურ ადგილსაც იკავებს - მას სხეული აქვს, დადის, ლაპარაკობს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მთავარ პერსონაჟს ქმარი არასდროს დაუკარგავს. შესაძლებელია გარდაცვლილი ადამიანის ჩანაცვლება და მისი შეყვარება? - სერიალის აქტიურმა მაყურებლებმა ამ კითხვაზე პასუხი თავადაც მშვენივრად იციან.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში მიღწეულმა წარმატებებმა თანამედროვე ცხოვრების დღის წესრიგში ისეთი პრობლემები დააყენა, როგორებიცაა სამყაროში ადამიანების ადგილი და ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი ჩანაცვლების შესაძლებლობა. შესაძლებელია თუ არა, ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდეს, რომ მათი ნამდვილი ადამიანებისგან გამიჯვნა საჭირო აღარ აღმოჩნდეს? შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტი აღმოჩნდეს ის, ვისაც მთელი ცხოვრებაა ვეძებთ: ვინც მოისმენს ჩვენს პრობლემებს, გვანუგეშებს, დაინტერესდება ჩვენი პიროვნებით და ვისაც შევიყვარებთ? უპასუხებს თუ არა ის ჩვენს გრძნობებს სათანადოდ? ამ კითხვებზე ფილმს “ექს რობოტი” (Ex Machina) არც ისე დამაიმედებელი პასუხები აქვს.
მომავლის ზოგიერთ სცენარში სიყვარული მიიჩნევა უბრალო პროდუქტად, რომლის მიღებაც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც ფილმში “დანის პირზე მორბენალი 2049” (Blade Runner 2049). პროგრამა, სახელწოდებით Joi მყიდველის ახდენილი ოცნება და მარტოობის შემამსუბუქებელი იარაღია: ჰოლოგრამის გოგონას აინტერესებს, როგორ ჩაიარა მყიდველის დღემ, როგორ გრძნობს დღეს ის თავს და ა.შ. ერთ-ერთი ჰოლოგრამა ფილმის მთავარ გმირს, რომელიც ხელოვნური ადამიანი, ანუ ე.წ. რეპლიკანტია, სახელსაც კი ურჩევს, რაც მთავარ გმირს საკუთარი პიროვნულობისა და ადამიანურობის არსებობის იმედს აძლევს. ნამდვილი სიყვარული თუ მყიდველის დასაკმაყოფილებლად შექმნილი ილუზია? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რეჟისორი მაყურებლებს ანდობს.
რეჟისორების მეორე ნაწილისთვის მომავლის სიყვარული საზარელი სულაც არ არის, პირიქით - მათ მიერ დახატულ მომავალში ხელოვნური ინტელექტი მარტოსული ადამიანების გულებში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს. ამის მშვენიერი მაგალითია “მარჯორი პრაიმი” (Marjorie Prime). ფილმის მიხედვით, მომავალში კაცობრიობას საყვარელი ადამიანების ჰოლოგრამების შექმნა შეეძლებათ, რომლის წყალობითაც მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუც მარჯორის გარდაცვლილ ქმართან საუბარი და გაცრეცილი, თითქმის გამქრალი ძვირფასი მოგონებების დაბრუნება და საყვარელი მომენტების ხელახლა განცდა შეუძლია. აშკარაა, რომ სიყვარული მომავალთან ერთად ფორმას იცვლის, მაგრამ იქნებ ეს ცვლილება უარყოფითი სულაც არაა?
ტექნოლოგიურ სიყვარულს ყველაზე ნათელი და ლამაზი ფერები მაინც ფილმში - “ის” (Her) გამოარჩევს. მთავარ გმირს, თეოდორს, ხელოვნური ინტელექტის მქონე ოპერაციული სისტემა, სახელწოდებით სამანტა, უყვარდება და ეს სიყვარული სულაც არაა საშიში ან ბნელი, როგორადაც მას სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში შექმნილი სხვა ფილმები ხატავენ. სხვებისგან განსხვავებით, სამანტა მუსიკას ქმნის, ეჭვიანობს, უხარია და გრძნობს. აშკარაა, რომ თეოდორის მიმართ გრძნობები მასაც აქვს. რეჟისორი მთავარ გმირებს შორის ინტიმურობის გადმოცემას ყველაფრის შესახებ საუბრით, უბრალო მომენტების სილამაზის ერთად განცდითა და გახსნილობით ახერხებს. ეს ტექნოლოგიური ეპოქის მეორე, ნათელი მხარეა - მშვენიერი შესაძლებლობებითა და სათუთი გრძნობებით სავსე.
თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარულზე გავლენას საკმაოდ საინტერესოდ იკვლევს “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” (Eternal Sunshine of the Spotless Mind). ფილმის მთავარი გმირები გატეხილი გულის გასამთელებლად განსაკუთრებულ მომსახურებას მიმართავენ, რათა სპეციალურმა დანადგარმა მათი გონებიდან საყვარელი ადამიანის შესახებ მოგონებები სამუდამოდ გააქროს. ფილმი ნათლად გვაჩვენებს, რომ, მიუხედავად გრძნობების აღქმისა და მათთან გამკლავების ფორმების ცვლილებისა, მომავალსა და ტექნოლოგიებს სიყვარულის მთავარი არსის უგულებელყოფის ძალა არ აქვთ.
სამყაროსა და საზოგადოების შეუჩერებელი წინსვლა, ხელოვნური ინტელექტის სრულყოფა, ტექნოლოგიების დომინირება და “ონლაინ დეითინგის” კულტურის გავრცელება რეჟისორებისთვის კიდევ დიდხანს იქნება სამეცნიერო ფანტასტიკისა და დისტოპიურ ჟანრებში გამორჩეული ნამუშევრების შესაქმნელად შთაგონების წყარო. კითხვაზე, როგორი იქნება სიყვარული მომავალში, მომდევნო წლებში კიდევ მრავალ განსხვავებულ პასუხს მოვისმენთ; ზოგიერთი რეჟისორისთვის მომავლის სიყვარული უბრალო პროდუქტი იქნება, რომლის ფულით ყიდვასაც შევძლებთ, ზოგიერთისთვის - საფრთხის წყარო, სხვებისთვის - აკრძალული ნაყოფი. რომელია მათგან ნამდვილი წინასწარმეტყველება და სინამდვილესთან ყველაზე ახლოს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ მომავლის რომელ მხარეს დაგვანახვებენ რეჟისორები, ერთი რამ ფაქტია: ნებისმიერი ისტორია თავისებურად გვიჩვენებს, რომ რეალური სიყვარული ყველა დროსა და სამყაროში ფასობს, ყველაზე მეტად კი იქ, სადაც მისი უხარისხო ასლის ყიდვა ყველგან შეიძლება.
დაწერე კომენტარი