ბენქსი 1970-იან წლებში დაბადებული ბრიტანელი ქუჩის არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობი რჩება. მან ხატვა 1990-იანებში დაიწყო, თუმცა მისი ადრეული ნამუშევრები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა სხვების შემოქმედებისგან. ერთხელ, როცა 18 წლის იყო, ხატვის გამო ლამის ციხეშიც აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბენქსიმ გადაწყვიტა, უფრო სწრაფად ემუშავა და სტენსილების გამოყენება დაიწყო. საბოლოოდ, სწორედ სტენსილებით შესრულებული გრაფიტი გახდა მისი სტილის მთავარი ნიშანი, რომელზეც დიდი გავლენა ბლეკ ლე რატის ნამუშევრებმა მოახდინა. ბენქსის შემოქმედება ყოველთვის კრიტიკულია - ის ყურადღებას ამახვილებს ყველაფერზე, რაც მისთვის მიუღებელია, იქნება ეს ომი, კაპიტალიზმი, ელიტიზმი, თანამედროვე ცხოვრების ყოველდღიურობა, სახელმწიფო მმართველობა თუ სხვა.
თემა, რომელიც ხშირად მეორდება ბენქსის ნამუშევრებში, ომი და მშვიდობაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიტია Rage, The Flower Thrower (2003), რომელიც პირველად იერუსალიმში, ავტოფარეხის კედელზე გაჩნდა. ნამუშევარზე პროტესტის მონაწილეა გამოსახული, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად, ყვავილების თაიგულს ისვრის. თაიგული მშვიდობის, ცხოვრებისა და სიყვარულის გარდა, შეიძლება იმ გარდაცვლილი ადამიანების მოგონების სიმბოლოდაც აღვიქვათ, რომლებიც რელიგიური კონფლიქტისას დაიღუპნენ.
ამ ადგილმდებარეობით ბენქსი შემდეგაც დაინტერესდა. 2005 წელს მან ისრაელსა და პალესტინას შორის აშენებული კედელი მოხატა. ძალიან ლამაზ, თუმცა სევდიან ნამუშევრებზე მეორე მხარესთან ურთიერთობის აღდგენის სურვილია ასახული. საინტერესოა, რომ თავის წიგნში Wall and Peace არტისტი ერთ-ერთ ადგილობრივთან დიალოგს იხსენებს, რომელმაც კედლის შესახებ უთხრა: “ჩვენ არ გვინდა, რომ ის ლამაზი იყოს, ჩვენ გვძულს ეს კედელი, სახლში წადი.”
2017 წელს ბენქსიმ ისრაელში აშენებული The Walled Off Hotel-ის დიზაინის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. კონსტრუქცია პალესტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს და, ამგვარად, სტუმრებს “სამყაროში ყველაზე ცუდ ხედს სთავაზობს”. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გარდა, ბენქსის შემოქმედებაში მოიპოვება არაერთი პაციფისტური ნამუშევარი, რომელიც ომის საშინელებასა და მშვიდობის სურვილს სხვადასხვა გამოსახულებით აღწერს.
მისი შემოქმედების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და განმეორებადი თემა ვირთხებია. ვირთხები ურბანული ცხოვრების ყველაზე დაბალ ფენად ითვლებიან და მათი ხატვით ბენქსი მარგინალურ ჯგუფებს უჭერს მხარს: “ისინი ნებართვის გარეშე არსებობენ. ისინი სძულთ, იჭერენ და კლავენ. და მაინც, მათ შეუძლიათ, მთელი ცივილიზაციები დააჩოქონ. თუკი ისინი ბინძურები, უმნიშვნელონი და საძულველნი არიან, ვირთხებს შეუძლიათ, მისაბაძ მაგალითებად იქცნენ”. თავის წიგნში ბენქსი იხსენებს, როგორ უთხრეს ერთხელ: “ჭკვიანურია, ვირთხა ხელოვნების ანაგრამაა”. სახალისოა, რომ არტისტს მანამდე არასდროს უფიქრია ამაზე და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მართლა ამიტომ ხატავდა ამ ცხოველებს. აქვე უნდა გავიხსენოთ 2005 წელს ლონდონში გამართული ბენქსის გამოფენაც, სადაც შესვლა უფასო იყო, იმ პირობით, რომ დამთვალიერებლებს 200 ცოცხალ ვირთხასთან ერთად მოუწევდათ ყოფნა.
ნახატების გარდა, ბენქსი ხშირად ქმნის წარწერებს, რომლებიც ბასრი იუმორით გამოირჩევიან. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია This is not a photo opportunity, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულ ადგილას გაჩნდა.
ბენქსის თითქმის ყველა ნამუშევარი პოლიტიკურია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფრო ცხადად სვამს აქცენტს ამ პრობლემებზე. არტისტი ხშირად საუბრობს არაკანონიერ მოსმენებზე, ყალბ დაპირებებზე, უსამართლო მმართველობაზე, უთანასწორობასა და ძალადობაზე. მისი შემოქმედება მოიცავს ნამუშევრებს ცხოველებსა და სექსუალურ უმცირესობებზეც. “სამყაროს უდიდეს დანაშაულებს ის ადამიანები კი არ სჩადიან, რომლებიც კანონებს არღვევენ, არამედ ისინი, რომლებიც მათ ემორჩილებიან. სწორედ ის ადამიანები ბომბავენ და ხოცავენ სხვებს, რომლებიც ბრძანებებს მიჰყვებიან”.
ბენქსის ნამუშევრები ხშირად აკრიტიკებენ კაპიტალიზმსა და, ზოგადად, თანამედროვე ცხოვრებას. ის ირონიულად წერს: “სანამ კაპიტალიზმი არ დაიმსხვრევა, სამყაროს შესაცვლელად ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ახლა კი ყველანი საყიდლებზე უნდა წავიდეთ და თავები ვინუგეშოთ”. ამ კუთხით, ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია Napalm (2004), რომელიც ვიეტნამის ომის დროს (1972) გადაღებული სურათის შთაგონებითაა შექმნილი. მიკი მაუსსა და რონალდ მაკდონალდს, რომლებიც ამერიკული კაპიტალიზმის სიმბოლოები არიან, ფოტოზე ვიეტნამელი შიშველი და შეშინებული გოგონა ბედნიერი სახით მოჰყავთ. ამ გზით, ეს ნამუშევარი არამხოლოდ ამერიკის, არამედ კაპიტალიზმის კრიტიკადაც იქცევა.
კიდევ ერთი, რაც ხშირად გვხვდება არტისტთან, კლასიკური ნამუშევრების გათანამედროვებული ვერსიებია. მაგალითად, ასეთია და ვინჩის, კლოდ მონეს, ვან გოგის, ედუარდ ჰოპერისა და სხვების ტილოების ახლებური ვერსიები. 2005 წელს შენიღბულმა ბენქსიმ თავისი ნამუშევრები უკანონოდ გამოფინა ბევრ მუზეუმში, მათ შორის ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორებიცაა Metropolitan Museum of Art და Tate Britain, რამაც მნახველების გაოგნება გამოიწვია: “ისწავლე კარგად მოტყუება და აღარაფრის სწავლა დაგჭირდება,” - წერს ის თავის წიგნში.
ბენქსი ხშირად აკრიტიკებს და დასცინის ხელოვნების ელიტურ წრეებს. მისი ნამუშევარი I Can’t Believe You Morons Buy This (2007) აუქციონს ასახავს, რომელიც რეალობად 2018 წელს იქცა, როცა ბენქსის ყველაზე პოპულარული ნამუშევარი Girl with Baloon (2006) აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. გაყიდვისთანავე ტილომ თვითგანადგურება დაიწყო, რაზეც პასუხისმგებლობა არტისტმა აიღო და თქვა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული. ბენქსის კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი ჟან-მიშელ ბასკიას ეძღვნება, რომლის ფერწერულ ფიგურასაც გრაფიტიზე (2017) პოლიციელები აჩერებენ და ჩხრეკენ.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბენქსის სხვა ტიპის პროექტებიც. მაგალითად, 2015 წელს გაიხსნა Dismaland, დისტოპიური თემატური პარკი. პროექტი საიდუმლოდ დაიგეგმა და ბენქსის 10 ახალ ნამუშევართან ერთად, 58 სხვა არტისტის ნამუშევრებიც გამოიფინა.
ბენქსის დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ყველაზე ცნობილია - Banging Your Head Against a Brick Wall (2001), Existencilism (2002) და Wall and Piece (2005). ამ წიგნებში მისი პროექტების ფოტოები თანდართულ ისტორიებსა და წარწერებთან ერთადაა დაბეჭდილი. 2010 წელს მან დოკუმენტური ფილმი Exit Through the Gift Shop გადაიღო. ფილმი გრაფიტის ნიჭიერ არტისტებს აერთიანებს. მისი მთავარი პერსონაჟი კი ტიერი გუეტაა, რომელიც დღეს Mr Brainwash-ის სახელით ხატავს. ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და 2011 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის აკადემიის ნომინაციაც მიიღო.
ბოლო პერიოდში ბენქსის ორი ახალი ნამუშევარი გავრცელდა. პირველი იზოლაციაში მუშაობის პროცესს აღწერს და შემდეგი წარწერა აქვს დართული: “ჩემი ცოლი ვერ იტანს, როცა სახლიდან ვმუშაობ”. მეორე კი Girl With Pierced Eardrum-ის ახლებური, პირბადიანი ვერსიაა და, ასევე, 2020 წლის პანდემიას ეხება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის პირადად ბენქსიმ მოხატა თუ არა.
ბენქსის ხელოვნების ფილოსოფია მარტივია - ის ფიქრობს, რომ ქუჩის ხელოვნება მნიშვნელოვანია, რადგან ესაა ერთადერთი გზა, რომლითაც თანამედროვე ქალაქი უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს. მისი აზრით, ქუჩაში თავისუფლად ხატვა ქალაქის ისეთ წვეულებად გადაქცევას გამოიწვევს, სადაც ყველა დაპატიჟებულია.
დაწერე კომენტარი