არატა ისოძაკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორია, რომელმაც 2019 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. ის ცერემონიაზე დაახასიათეს, როგორც “მრავალმხრივი, გავლენიანი და ჭეშმარიტად საერთაშორისო არქიტექტორი”. 


ისოძაკი 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ ოიტაში დაიბადა. ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის მოვლენას ისოძაკი შემდეგნაირად იხსენებს: “როცა სამყაროს შესაცნობად საკმარისად გავიზარდე, ჩემი მშობლიური ქალაქი მთლიანად დანგრეული იყო. ჰიროსიმასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით და არა მხოლოდ არქიტექტურა და შენობები - ქალაქებიც კი არ არსებობდა. გარს მხოლოდ ბარაკები და თავშესაფრები მერტყა, ამიტომ არქიტექტურაში ჩემი პირველი შთაბეჭდილება არქიტექტურული სიცარიელე იყო.”

ტოკიოს უნივერსიტეტის დამთავრებისა და არქიტექტორ კენძო ტანგესთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, 1963 წელს, არატა ისოძაკიმ საკუთარი კომპანია დააარსა და გადაწყვიტა, ომის შემდგომი იაპონიის განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანა. “პრობლემების გადაჭრისთვის შესაფერისი გზების ძიებისას არ შემეძლო, მხოლოდ ერთი სტილით მემუშავა. ცვლილება მუდმივად მჭირდებოდა და, პარადოქსულად, სწორედ ეს გახდა ჩემი ნამუშევრების განმსაზღვრელიც,” - ამბობს ისოძაკი.




მისი ადრეული ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ოიტას პრეფექტურის ბიბლიოთეკა
(1962-1966), რომელიც იაპონური ბრუტალიზმის შედევრია. ღია ბეტონის ექსტერიერი, რომელშიც შუქი სხვადასხვა ნაწილიდან აღწევს, ადამიანის ძვლოვანი აგებულებითაა შთაგონებული. ეს ნამუშევარი ისოძაკის უფრო დიდი ჩანაფიქრის ნაწილი იყო, კონკრეტულად კი მას სურდა, აეშენებინა “მზარდი არქიტექტურა”, რომლის დახმარებითაც ქალაქი სტატიკური არასდროს იქნებოდა.


ადრეული პერიოდიდან ასევე მნიშვნელოვანია გუნმას პრეფექტურაში აშენებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (1971-1974). ეს ნაგებობა არქიტექტორის კონცეფციას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც “ხელოვნების გალერეა სიცარიელეა”. აქ იგულისხმება ის, რომ თავად შენობა მნახველზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს და შიგნით გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს არ უნდა “ეჯიბრებოდეს”. სწორედ ამიტომ, ისოძაკიმ დიზაინისთვის კუბის მარტივი ფორმა შეარჩია, მაგრამ მუზეუმი მაინც იქცა ხელოვნების ნიმუშად. 

არატა ისოძაკი ერთ-ერთი პირველი იაპონელი არქიტექტორია, რომელმაც საზღვარგარეთაც დაიწყო მუშაობა და ლოს-ანჯელესში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით (1981-1986) დიდი პოპულარობა მოიპოვა. წითელი ქვიშაქვით აგებული მუზეუმი არქიტექტურულად საკმაოდ რთულ ადგილასაა განთავსებული და კონტრასტს ქმნის ირგვლივ არსებულ მაღალ შენობებთან. ცილინდრული სახურავის მქონე ბიბლიოთეკა და სპილენძის პირამიდები მიწის ზემოთ, სამ სართულზე არიან განთავსებული, ხოლო თავად მუზეუმი მიწისქვეშ მდებარეობს.


Palau Sant Jordi (1983-1990) ბარსელონაში აშენებული სივრცეა, რომელიც ისოძაკიმ 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნა. შენობა ნაწილობრივ მიწის ქვეშაა განლაგებული, რათა მის ირგვლივ არსებული მონჟუიკის მთა არ დაჩრდილოს. გუმბათოვანი სახურავი კატალონიურ ტექნიკას, დახრილი ფორმები კი ბუდისტურ ტაძრებს გვაგონებს.


წინა ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავებულია დისნეის გუნდის შენობა ფლორიდაში (1991), რომელიც სოლ ლევიტის ნახატებითაა შთაგონებული. ფერადი და მხიარული დიზაინი მას დისნეის შენობებს შორის ყველაზე მიმზიდველად აქცევს. ნამუშევარში გრძელი ჰორიზონტალური ფრთები ცენტრში განთავსებულ კოშკის მსგავს ნაწილს უპირისპირდება, რაც სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. როტონდას სახურავზე კი მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის საათია მოთავსებული.


კერამიკის პარკი მინო (1996-2002) მუზეუმია, რომელიც კასკადურ ველზე მდებარეობს და არა მხოლოდ ირგვლივ არსებულ ბუნებრივ გარემოს ინარჩუნებს, არამედ მის ერთგვარ ტოპოგრაფიულ გაფართოებასაც წარმოადგენს გარეთა ტერასების, დასაკვირვებელი პლატფორმებისა და შუშის ფარდების დახმარებით. კონსტრუქციაში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ადგილობრივი აგური და კერამიკა.


ბოლო წლების ნამუშევრებიდან გამორჩეულია ყატარის ეროვნული კონვენციის ცენტრი (2004-2011). შესასვლელში აშენებული გიგანტური ხის მსგავსი ბოძები ისლამურ წმინდა ხეს გამოხატავს, რომელიც მეშვიდე სამოთხის დასასრულის სიმბოლოა. ხე მინის ფასადის წინაა განთავსებული და სახურავს ამაგრებს. “უდაბნოში ყოფნისას ხე სწავლისა და კომფორტის შუქურაა, ხოლო იმ პოეტებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც მის ჩრდილქვეშ ცოდნის გასაზიარებლად იკრიბებიან - სამოთხეა,” - თქვა არქიტექტორმა.


კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნამუშევარია საკონცერტო სივრცე Ark Nova (2013), რომელიც არატა ისოძაკიმ და არტისტმა ანიშ კაპურმა ერთად შექმნეს. ესაა გასაბერი ვარდისფერი ბურთი, რომლის კედლებიც წელვადი პლასტიკური მემბრანისგანაა შექმნილი. მემბრანის დაკეცვისა და შიგნით განთავსებული აღჭურვილობის დემონტაჟის შემდეგ, “შენობის” ნებისმიერ ადგილას გადატანა მარტივად შეიძლება. ამგვარი სივრცის შექმნის იდეა იაპონიაში 2011 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გაჩნდა: “ჩვენს პროექტს “ახალი კიდობანი” იმ იმედით ვუწოდეთ, რომ ის დიდი კატასტროფის შემდეგ აღდგენის სიმბოლოდ იქცევა,” - თქვეს დიზაინერებმა.


გარდა სხვადასხვა ტიპის შენობებისა, აღსანიშნავია ისოძაკის მიერ 1960-იან წლებში შექმნილი ქალაქის გეგმა, ე.წ. ქალაქი ჰაერში (1962). ეს ფუტურისტული იდეა, რომელიც არასდროს განხორციელებულა, ურბანიზაციის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, ძველი ტოკიოს თავზე ამაღლებული შენობების შექმნას გულისხმობდა.

მთლიანობაში, არატა ისოძაკის ნამუშევრები ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ არქიტექტურა ერთდროულად გლობალურიც შეიძლება იყოს და ლოკალურიც.  ისოძაკი მნახველებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ მაინც გემოვნებიანი შენობებით ამახსოვრებს თავს და ალბათ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტადაო ანდომ მას “იაპონური არქიტექტურის იმპერატორი” უწოდა.