რებეკა ბელმური თანამედროვე ხელოვანებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. მის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს მისივე წარმომავლობა. მნახველს კი ნამუშევრების ხილვისას დიდი ტკივილისა და უსამართლობის განცდა ეუფლება. რებეკა კანადაში დაიბადა, უძველეს კანადურ ოჯახში. 16 წლამდე იზრდებოდა ბებიასთან, რომელიც მხოლოდ წინაპრების ენაზე ესაუბრებოდა. სკოლაში წასვლის შემდეგ ბევრ განსხვავებულ ადამიანს შეხვდა, რამაც კულტურული დაბნეულობა გამოიწვია. რებეკამ 16 წლამდე ინგლისურად საუბარიც კი არ იცოდა.
“მსურდა მხატვარი ვყოფილიყავი, რადგან ეს ისეთი განცდაა, თითქოს თავისუფალ გზაზე მანქანას მართავ. ხელოვნება თავისუფლებაა”, - ამბობს რებეკა ბელმური.
2005 წელს რებეკამ ბიენალეზე წარადგინა კანადა, ნამუშევრით “შადრევანი”. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ვიდეო, რომელშიც მაყურებლის მიმართულებით სისხლი ისხმება.
ცხადია, რებეკას სურს ასეთი ფორმით წარმოაჩინოს ძალადობის სიმძაფრე. ამის წარმოსაჩენად კი, ძალიან დახვეწილ და ლამაზ ხერხს იყენებს. შედეგად, მაყურებლისთვის ყველაზე მეტად მიუღებელიც კი კარგად აღქმადი ხდება.
რებეკა ბელმური შთაგონებას საკუთარი წარმომავლობის ისტორიიდან იღებს, მისი შემოქმედება ხშირად ქალთა მიმართ ძალადობას ეთმობა. კანადაში უამრავი ადგილობრივი ქალია მოკლული. რებეკა კი თავისი შემოქმედებით მნახველს ამ მძიმე ისტორიებს უყვება. ის ხშირად აჩვენებს შიშველ სხეულს და და სისხლს.
მის შემოქმედებაში მკვეთრი ფერებია. წითელი მნიშვნელოვანი ფერია, რითაც ძალადობას გამოხატავს. მიუხედავად სიმძაფრისა, შემოქმედებაში იგრძნობა ძლიერი რწმენა ესთეტიკური ჰარმონიის სამკურნალო ძალა.
რებეკა ბელმურის ცნობილი ნამუშევარია Fringe, რომელშიც ქალის სხეულია წარმოჩენილი. სხეული მახინჯ იარებს ატარებს, ჭრილობიდან კი სისხლის ნაცვლად, ძაფები გადმოსდის. ამ ძაფებზე წითელი მძივებია აცმული. ეს ნამუშევარი განკურნებასთან ასოცირდება, რადგან ჭრილობები მომაკვდინებელი არაა. მიუხედავად ამისა, იარები სხეულიდან არასდროს გაქრება.
რებეკა თავისი პერფორმანსებითაც გამორჩეულია. ის უბრუნდება იმას, რასაც უამრავი ადამიანი დაშორდა. ეს კი გახლავთ მიწა, ენა, ოჯახი და კულტურა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაციაა “ადამიანების შეკრება რაღაც მიზნით”. ამ ინსტალაციაში რებეკამ სკამები წრიულად განალაგა და ყურსასმენები დააწყო. მნახველებს წრის გარშემო იწვევდნენ და შესაძლებლობას აძლევდნენ კანადელი ქალების ისტორიები მოესმინათ. წრის გარშემო ადამიანთა შემოკრება მოსმენასა და ურთიერთგაგებას გამოხატავდა, ამბავი კი მნიშვნელოვანია მშობლიური, ტრადიციული ფორმით გადმოეცათ.
შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ნიმუშია State of Grace, რომელიც 2002 წლით თარიღდება. ის ასახავს მშვიდ და ლამაზ ქალს დახუჭული თვალებით. ნამუშევარზე ბრიტანელი კურატორი რებეკა ტრევისი წერს, რომ ის ოჯახის ნაზი და ინტიმური ასახვაა. ხელოვანი და მწერალი რუპერტ ნუტლი კი ამბობს, რომ ნამუშევარში ასახულია ლატენტური ძალადობა.
რებეკა ბელმური ინდივიდუალური სტილით გამორჩეული ხელოვანია. მისი შემოქმედება პოლიტიკურ უსამართლობასაც გამოხატავს. მნახველი ეცნობა ათასგვარ რეალურ ისტორიას და ყურს უგდებს იმ ადამიანთა ხმას, რომელთა საუბარიც რეალურ სამყაროში არავის ესმის. სწორედ ამიტომ მისი შემოქმედება შთამბეჭდავი და ამაღელვებელია.
თავად რებეკა საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ამბობს, რომ იმაზე მეტად ღირებულია თავისი ხალხისათვის, ვიდრე მილიონი ამერიკული დოლარი.
დაწერე კომენტარი