რობოტებთან, ჰუმანოიდებთან თუ დროიდებთან ჩვენი დამოკიდებულება, როგორც წესი, უფრო მეტად მასკულინურია, ვიდრე ფემინური, ისინი უხეშები არიან ადამიანისთვის, თუმცა ჰაჯიმე სორაიამას დროიდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალი-რობოტები არიან, უფრო მეტი ფემინურობით და სინაზით გამოირჩევნიან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე იაპონელი ილუსტრატორი ჰაჯიმე სორაიამა საკუთარ ხელოვნებას ახასიათებს, როგორც სუპერ-რეალიზმს. თავისი ცნობილი ბოტები ჯერ კიდევ მაშინ შექმნა არტისტმა, როდესაც ის ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში ილუსტრატორად მუშაობდა. მეგობარმა სთხოვა პოსტერისთვის ისეთივე რობოტი დაეხატა, როგორიც “ვარსკვლავური ომების: ჰუმანოიდი პერსონაჟი – C-3PO-ია, თუმცა საავტორო უფლებები რომ არ დაერღვია, ჰაჯიმე სორაიამამ დაახლოებით მსგავსი ტიპის ილუსტრაცია შექმნა.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ჰაჯიმეს ძალიან იტაცებდა პინ-აპ მოდელების პოსტერები, მსუბუქი ეროტიზმი, რომელსაც იყენებდა საკუთარ ილუსტრაციებშიც. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს არტისტი პინ-აპ მოდელებს საკუთარ ქალღმერთებადაც კი მოიხსენიებს და ახასიათებს, როგორც მანიას, რომელმაც მთელი მისი შემოქმედება განსაზღვრა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მასწავლებლების აღშფოთება გამოიწვია მისმა პირველმა ილუსტრირებულმა ჟურნალმა – Pink Journal, რომელიც 1967 წელს გამოსცა, თუმცა კრიტიკა მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩენილა, მას შემდეგ რაც პირველი რობოტი დახატა, უკვე იცოდა, თუ როგორი სახით წარსდგებოდა მსოფლიოს წინაშე. პინ-აპ მოდელებით შთაგონებული არტისტი ქმნის ილუსტრაციებს, რომლებიც თავდაპირველად penthouse magazine-ისა და playboy TV-ისთვის იქმნებოდა. პარალელურად ჰაჯიმე სორაიამა მუშაობს მის საილუსტრაციო წიგნებზე – Sexy Robot-სა და Pin-up-ზე. „ვფიქრობ, როდესაც ხალხი ჩემს ნამუშევრებს უყურებს, შეუძლიათ შეიგრძნონ ეროსი და ამავე დროს დაფიქრდნენ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე.“ იაპონური პოპ-კულტურის ერთ-ერთი შემქმნელი ჰაჯიმე სორაიამა თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს მერილინ მონროს, ელვის პრესლისა თუ ქეითი მოსის სახეებს, ისევე როგორც ამას ამერიკული პოპ-არტი აკეთებდა 1950-60-იან წლებში.
1990-იან წლებში ჰაჯიმე სორაიამას სახელი ჰოლივუდში საკმაოდ პოპულარული გახდა, მისი ნამუშევრები გამოიყენეს ფილმებში – Brain Dead და Timecop. 2013-14 წლებში კი თანამშრომლობს “ვარსკვლავური ომების” რეჟისორთან, ჯორჯ ლუკასთან, რათა შექმნას Twi’lek ჰუმანოიდები – სილამაზით გამორჩეული ქალი-რობოტები, რომელთა პინ-აპ ილუსტრაციები სორაიამამ გამოიყენა ვარსკვლავური ომების საილუსტრაციო წიგნისთვის – Star Wars Art Concept. მან ასევე შექმნა ილუსტრირებული თავფურცელი აეროსმიტის მუსიკალური ალბომისთვის – Just Push Play. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 1999 წელს სონის კომპანიასთან კოლაბორაცია იყო, სადაც არტისტი ქმნის AIBO რობოტს, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს ძაღლის გარეგნობით, რომელიც დღეს MoMA-სა და Smithsonian Institution-ის კოლექციებშია დაცული.
ჰაჯიმე სორაიამა საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს მოდის ინდუსტრიაშიც, აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ნაიკის პროექტში – White Dunk Project, 25 იაპონელი არტისტისგან შემდგარი პროექტი, სადაც სორაიამა ქმნის კიდევ ერთ ქალღმერთს – Nike Goddess. ის ასევე თანამშრომლობს ამერიკელ მოდის დიზაინერთან, მარკ ეკოსთან. არტისტი საკუთარ სტილს ფართო გამოყენებას უძებნის და ქმნის კედების დიზაინს British Knights-ის ფეხსაცმელების ხაზისთვის, სადაც მთავარი გამოწვევა მეტალისებრი ტექსტურის გამოყენება იყო კომფორტული ფეხსაცმლის შესაქმნელად. ასევე საინტერესო აღმოჩნდა მისი თანამშრომლობა XLARGE – ტანსაცმლის ხაზთან, რომელიც საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში და რომლის ცნობილი გორილას ლოგო 2016 წელს ჰაჯიმე სორაიამას “რობოტად” გადაიქცა. 2018 წელს კი ცნობილმა იაპონურმა სათამაშოების კომპანიამ Medicom Toy XLARGE-თან და ჰაჯიმე სორაიამასთან ერთად დათვის ფორმის – BE@RBRICKS-ის სახასიათო ვარიაცია გამოუშვა.
თუმცა გასულ წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ დიორთან კოლაბორაცია იყო, როდესაც მან მამაკაცების ადრეული შემოდგომის 2019 წლის ჩვენებისთვის შექმნა 12-მეტრიანი ქალი-რობოტის სკულპტურა. როგორც არტისტი აღნიშნავს, ის არ არის სკულპტორი, იგი მხოლოდ ხატავს და თანამშრომლობს საუკეთესო სკულპტორებთან.
როდესაც ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი თანამშრომლობა Darkstar-თან, სკეიტბორდების ყველაზე მსხვილ მწარმოებელთან, რომელმაც სორაიამას ილუსტრაციები სკეიტბორდებზე განათავსა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა.
დაწერე კომენტარი