Scoot Scoot, რომელიც ცოცხალი ტრანსპორტის მედროშედ არის წოდებული, რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და საქართველოში ორბორბლიანი ტრანსპორტის კულტურის გაღვივება და პოპულარობის გაზრდა დაისახა მიზნად. გადასაადგილებლად მარტივი, შედარებით იაფი და სწრაფი ტრანსპორტი დღეს თბილისის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქალაქს უფრო ცოცხალს ხდის.
Hammock Magazine სტარტაპერთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს Scoot Scoot-ის დამფუძნებელ გიორგი მონავარდისაშვილთან, რომელიც კომპანიის კრიზისული პერიოდის გამოწვევებსა და მის ალტერნატიულ გეგმებაზე გვესაუბრება
მოგვიყვევით კომპანიის შესახებ, როდის და როგორ გაგიჩნდათ Scoot Scoot-ის დაარსების იდეა?
3-4 წლის წინ ინდოეთში წავედი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ, სადაც პირველად დავინტერესდი და აქტიურად ვსარგებლობდი სკუტერით. ყველგან ამ ტრანსპორტით დავდიოდით თავისუფლად, მოკლე დროში და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, რაც შემდგომში ჩვენი შთაგონების წყარო გახდა. ინდოეთში სკუტერების კულტურა დიდი ხანია ჩამოყალიბებულია. პირველად სწორედ იქ ვიფიქრეთ, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა გვეცადა მსგავსი კულტურის დანერგვა, რადგან ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებში ეს ტრანსპორტი ამართლებს, თანაც ყველაფერი ხელს გვიწყობდა, ჩვენთან~ რომ ამ ტრანსპორტზე მოთხოვნა და პოპულარობა გაზრდილიყო. ფაბრიკის შექმნის დროს გვინდოდა, რომ მისი ნაწილი ჩვენც გავმხდარიყავით და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სკუტერების გაქირავება და ასე შეიქმნა Scoot Scoot.
რას გულისხმობს Scoot Scoot-ის კონცეფცია?
Scoot Scoot გარდა იმისა, რომ კომერციული ბიზნესია, ის ბევრად უფრო დიდ მიზანს ისახავს, რაც საქართველოში სკუტერების კულტურის შექმნასა და ამ ტრანსპორტის პოპულარობის გაზრდას გულისხმობს. ეს არის ქალაქის ცოცხალი და თავისუფალი ტრანსპორტი, რომელიც გარიდებს საცობებს, ხარჯავ ნაკლებ დროსა და მატერიალურ რესურსს. საწყისს ეტაპზე ძირითადად ტურისტებს ვთავაზობდით, რაც მათ ქალაქის არა მხოლოდ პოპულარული, არამედ უცნობი და საინტერესო ნაწილების დათვალიერების საშუალებას აძლევდა. მაგრამ მალევე გაქირავების სერვისი შევწყვიტეთ, რადგან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც სკუტერები გაფუჭებული მოჰყავდათ უკან. დღეს ვყიდით “ვესპასა” და “ჰონდას”, როგორც ახალ, ისე მეორად რეტრო სტილის სკუტერებს. ამასთან Scoot Scoot მომხმარებელს ერთგული ორბორბლიანი ტრანსპორტის სერვისსა და ნაწილებსაც სთავაზობს.
ვისთვის არის Scoot Scoot, ვინ არის თქვენი მუდმივი მომხმარებელი?
მართლა გვინდა, რომ თბილისში ყველამ ამ ტრანსპორტით იაროს. თავიდან, როდესაც გაყიდვა/გაქირავება დავიწყეთ, პირდაპირ ჩამოვწერეთ 10 თავისუფალი, თამამი, რისკიანი ადამიანი, რომლებიც დიდი ალბათობით სკუტერების მომხმარებლები გახდებოდნენ. პირველად ვინც იღებს ამ პროდუქტს, მათ ინოვატორებს ვეძახით, რომლებსაც სხვებიც მიბაძავდნენ თავისუფალი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაში. თუმცა მხოლოდ ეს ხალხი არ ცხოვრობს აქ, პირიქით, ცოტანიც არიან. ძირითადი აქცენტი მეორე წლიდან უფრო მასობრივ კომუნიკაციაზე გადავიტანეთ. დავამატეთ პროფესიონალები, ამ სეგმენტში მოიაზრებიან, მაგალითად, ხელოსნები, რომელთაც ბევრი სიარული სჭირდებათ. შემდეგ გლოვო და ვოლტი რომ გამოჩნდნენ, კომერციული თვალსაზრისით ამან ძალიან გვიშველა. დღეს სკუტერს მეორე ტრანსპორტად უკვე ძალიან ბევრი ყიდულობს და ნელ-ნელა იზრდება არეალი.
რას სთავაზობს Scoot Scoot მომხმარებელს ისეთს, რაც ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს?
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მართლა მოგვწონს ეს ტრანსპორტი, დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით და გვინდა, რომ მთელ ქვეყანაში გავავრცელოთ. ჩვენს თანამშრომლებსაც მსგავსი მიდგომა აქვთ, რაც ჩვენ მიერ შექმნილ ნებისმიერ კონტენტშიც ჩანს. გარდა იმისა, რომ გვიყვარს ეს ორბორბლიანი ტრანსპორტი, კარგად ვიცით და გვესმით მისი ტექნიკური და კონცეპტუალური მხარეც. ჩვენ, მფლობელებიც, სკუტერებით ვმოძრაობთ და ასე ვთქვათ, ჩვენს თავზე ვცდით ყოველდღიურად მის სიკეთეებსა თუ რაიმე სახის სირთულეებს. ამასთან, ვფიქრობ, რომ ძალიან მოქნილები ვართ და ამ ბიზნესში მხოლოდ კომერციულ მხარეს არ ვხედავთ. ეს კი ყოველთვის ეტყობა კომპანიას. ჩვენს მომხმარებლებთანაც მუდმივი კონტაქტი გვაქვს და წელიწადში ორჯერ ვაწყობთ ე.წ. სკუტერშიკების შეკრებას, ვსეირნობთ ჩვენი ერთგული მეგობრებით და ვახმაურებთ ქალაქს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად შეუყვარდეთ ადამიანებს სკუტერები, რადგან გვინდა, რომ მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
ეს მაინც ბიზნესია, შესაბამისად, თავიდან დიდი დრო და ენერგია დაგვეხარჯა კაპიტალის მოსაძიებლად. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ის, რომ თავიდან ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოძრაობდა სკუტერებით, რამაც მისი მარტივად ათვისება და პოპულარობა გააჭიანურა. ბაზრისთვის ეს დიდი სიახლე იყო, რომელსაც თან რისკიც სჭირდებოდა, რადგან უფრო დაბალი დონის ტრანსპორტად განიხილებოდა. ის, რომ დღესაც რთულია პროფესიონალი ხელოსნის მოძიება, ფაქტად რჩება, ძირითადად დამოკიდებული ვართ ხოლმე ერთ ადამიანზე.
რა გავლენა იქონია Scoot Scoot-ზე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და როგორ ადაპტირდით ახალ ალტერნატიულ რეალობაში?
Scoot Scoot-ს უკვე მარტში დაეტყო მყიდველთა შემცირება, თუმცა ის ფაქტი, რომ ბევრმა დაკარგა სამსახური და საკურიერო მომსახურების სფეროში დაიწყეს მუშაობა, ჩვენთვის მოგებიანი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, გადავწყიტეთ, რომ სკუტერების გარკვეული რაოდენობა თვითღირებულებით შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. მარტი და აპრილის პირველი ნახევარი შედარებით რთული პერიოდი იყო ჩვენთვის, რაღაც მომენტში ვეღარც ვმუშაობდით რეგულაციების გამო, თუმცა მანქანების აკრძალვამ, ბევრი ისეთი ადამიანი დააინტერესა სკუტერით, რომელთაც აქამდე ორბორბლიანი ტრანსპორტი დიდად არ ხიბლავდა. ამასთან, მოგვიწია ჩქარ ტემპებში გადავსულიყავით ონლაინ მომსახურებაზე, რაც სკუტერების ადგილზე ნახვასა და test drive-ის შესაძლებლობას აღარ გვაძლევს, თუმცა არის კონკრეტული მოდელები, რომელთა შესახებაც უკვე არსებობს გარკვეული შეფასებები. ონლაინ გაყიდვების მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ და ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია.
როგორ შეიცვალა თქვენი სამომავლო გეგმები?
ამ პერიოდში სხვადასხვა რეგულაციის გამო ბევრი ადამიანი დაინტერესდა სკუტერებით, რაც ჩვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი რესურსია, რადგან დიდი შანსია ამ ადამიანებმა კიდევ სხვები მოიზიდონ და უფრო მრავალფეროვანი სეგმენტი დაინტერესდეს ორბორბლიანი ტრანსპორტით. მგონია, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს სკუტერი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, ამის გამო, ვაპირებთ, რომ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ ხელმისაწვდომი ღირებულების სკუტერებიც ჩამოვიყვანოთ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მისი შეძენა. ჯერჯერობით ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ კრიზისულ პერიოდს და გავზარდოთ ონლაინ გაყიდვები.
დაწერე კომენტარი