ლორენცა ბოცოლი იტალიელი დიზაინერია, რომელმაც 80-იან წლებში სახვითი ხელოვნების აკადემია Brera დაამთავრა და კარიერა მოდის დიზაინს დაუკავშირა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Fiorucci, Camper, Sergio Rossi. ლორენცა ბოცოლის ცოცხალ, ეკლექტურ და დახვეწილ სტილს მისი 90-იანი წლების ნამუშევრებიც მოწმობს, როდესაც იგი უკვე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით იწყებს განვითარებას. მისი ნამუშევრები ერთდროულად მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს.

Tbilisi Design Days-თან თანამშრომლობის ფარგლებში Hammock Magazine პერიოდულად შემოგთავაზებთ ინტერვიუებს სხვადსხვა ცნობილ და გამორჩეულ დიზაინერებთან. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ინტერვიუს დიზაინერ ლორენცა ბოცოლისთან.



როგორ აღმოჩნდით დიზაინის სფეროში, როდის გაგიჩნდათ მისადმი ინტერესი?

ბავშვობაში ჩემი ოთახისა და ტანსაცმლის დიზაინის გადაკეთება ძალიან მიყვარდა.  შემდეგში თითქოს ეს ბუნებრივი პროცესი იყო, როცა ჩემი საქმიანობა დიზაინის სფეროს დავუკავშირე. ამ პროცესში  მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩემი ოჯახიც, რომელიც მუდამ დიდ სტიმულს მაძლევდა. თავდაპირველად ვმუშაობდი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების დიზაინზე სხვადასხვა ბრენდებთან ერთად. შემდეგ Milan Triennale-ზე მიმიწვიეს და  მოდისა თუ პროდუქტის დიზაინერებთან და არტისტებთან ერთად მომიწია მუშაობამ. ამ პერიოდში ჩემი ცნობისმოყვარე ბუნების გამო პირველი დიზაინერული ობიექტი შევქმენი, რის შემდეგაც შევიცვალე. 


რა განსხვავებაა ადამიანებისთვის სამოსის შექმნასა და მათი სახლების ინტერიერის შექმნას შორის? 

მათ შორის მცირე განსხვავებაა. მოდა გამოხატავს საკუთარ თავს დროის მეშვეობით, რომელიც მუდმივად იცვლება. ორივე შემთხვევაში გამოვხატავთ საკუთარ თავს, ჩვენს ღირებულებებს, წარმოდგენებსა და ამბიციებს. სახლი ასახავს ჩვენს პიროვნებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სამოსის დიზაინი. რა თქმა უნდა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობისას სხეულის ფორმები და სილუეტი დიდ როლს თამაშობს. 




როდის დააარსეთ საკუთარი ბრენდი Lorenza Bozzoli Couture და რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მინდოდა საკუთარი თავისთვის სრული თავისუფლება მიმეცა და ის გზა მეპოვა, რომლის მეშვეობითაც მოდის დიზაინში მიღებულ ჩემს გამოცდილებას ინტერიერთან დავაკავშირებდი და ასე სპონტანურად შეიქმნა Lorenza Bozzoli Couture-იც.

თქვენი ბრენდის თითოეულ ნამუშევარს აქვს თავისი ნომერი და გამოშვების თარიღი, როგორც არტ პრინტს, რა არის ამის მიზანი?

თითოეული ობიექტი პერსონალიზებულია, დანომრილია და ხელმოწერილია, რაც პროდუქტს მეტ ავთენტურობას სძენს. 


რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

სხვადასხვა კულტურის, ენისა და ერის კვლევა. ამასთან, ბოლო დროს მაინტერესებს ადამიანთა ცხოვრება და ხშირად ვკითხულობ ბიოგრაფიებს.

რომელია უფრო მნიშვნელოვანი და როგორ უთავსებთ ობიექტის ესთეტიკურ მხარესა და ფუნქციურობას ერთმანეთს?

ობიექტის ესთეტიკური მხარე ყოველთვის მოულოდნელობებით და სიურპრიზებით არის სავსე, საგნის ფუნქციურობა კი თითქოს თავიდანვე გათვალისწინებულია, ორივეს კი თავისი მნიშვნელობა და ზომა აქვს, რომელსაც ვითვალისწინებ. 




რას ფიქრობთ ქართული დიზაინზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ სფეროსთვის ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა Tbilisi Design Days, სადაც თქვენც  მონაწილეობთ? 

დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიზაინის სამყაროსთვის ისეთი ღონისძიება, როგორიცაა  TBILISI DESIGN DAYS  ძლიერი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებმა უფრო მეტი კავშირები დაამყარონ ერთმანეთთან და ერთგვარი ხიდი აშენდეს საქართველო-ევროპას შორის. ამასთან, რა თქმა უნდა, TBILISI DESIGN DAYS შექმნის ისეთ შესაძლებლობებს, რაც უფრო მეტი ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის გაზიარების საშუალებას მოგვცემს. 


როგორ დაახასიათებდით საკუთარ სტილს?

Free Style.

რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

 

მე მრავალფერი ვარ. 


 

როდის ხვდებით, რომ საბოლოო დიზაინამდე მიხვედით?

 

დიზაინი მაშინ არის “კარგი”, როდესაც იგი ფუნქციასთან, ფორმასთან და ესთეტიკურ მხარესთან ერთად რეალურ მდგრადობას იძენს. ეს წესია, რომელიც ყველანაირ დიზაინთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ.

 

როგორ ხედავთ ინტერიერის დიზაინის მომავალს?

ვფიქრობ, რომ მნიშნელოვნად შეიცვლება ესთეტიკური აღქმა ყველა სფეროში, რადგან იცვლება საზოგადოების ღირებულებები და პრიორიტეტები.