ყველამ, ვისაც არქიტექტურა და დიზაინი აინტერესებს, იცის, რომ მის შესახებ ყველაზე  სანდო და საინტერესო სტატიებს Dezeen-ზე წაიკითხავს. პროფესიით ჟურნალისტმა მარკუს ფეარსმა ეს ჟურნალი 2006 წელს მარტომ დააარსა. დღეს უკვე ოცდათხუთმეტი თანამშრომლისგან შემდგარი ძალიან წარმატებული გამოცემა, რომლის ოფისები ლონდონსა და ნიუ-იორკში ფუნციონირებს, სხვადასხვა დროს Independent-ისა და Time-ის მიერ დასახელდა, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი, რომელიც გარდა სტანდარტული მედიასაქმიანობისა,  Dezeen Awards-ის მეშვეობით არქიტექტურისა და დიზაინის სფეროებში მოღვაწე ადამიანებსაც  უჭერს მხარს.  დღეს კი, ჩვენი ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჟურნალი Dezeen მსოფლიოში პირველ ვირტუალური დიზაინის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს ძალიან საინტერესო ინტერვიუებზე, გამოფენებსა და ონლაინკონფერენციებზე დასწრება 10 კვირის განმავლობაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ  2021 წლის გაზაფხულზე დიზაინის დღეები თბილისშიც გამართება, Dezeen-ის დამფუძნებელი მარკუს ფეარსი კი ერთ-ერთი იქნება მათ შორის, ვინც ამ დღეებში  თბილისს ესტუმრება და საკუთარ გამოცდილებას დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, Tbilisi Design Days-თან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რომლითაც მარკუს ფეარსისა და მისი საქმიანობის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ.


მარკუს, თქვენ არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალის, Dezeen-ის დამფუძნებელი ხართ, პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროების მიმართ?

უნივერსიტეტში 3D დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ არქიტექტურა ყოველთვის მაინტერესებდა. ვფიქრობდი კიდეც, რომ არქიტექტურას გავყოლოდი, თუმცა სწავლის დროს აღმოვაჩინე, ამ სფეროების შესახებ წერა ბევრად უკეთ გამომდიოდა, ვიდრე თვითონ არქიტექტურა და დიზაინი. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი.


გახსოვთ თქვენი პირველი ჟურნალისტური გამოცდილება?

ჩემი პირველი ჟურნალისტური სამსახურისთვის დიდი დრო დამჭირდა. გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, რომელიც მოგზაურობის შესახებ დაწერდა და დამამთავრებელი კურსიც 1997 წელს სწორედ პერიოდულ ჟურნალისტიკაში გავიარე. იმედი მქონდა, რომ ეს ცოდნა  ადვილად მაპოვნინებდა რომელიმე სამოგზაურო ჟურნალში სამსახურს. კურსის ბოლო დღეს ლექტორმა იკითხა, არქიტექტურის შესახებ ვინმეს ცოდნა და ინტერესი თუ ჰქონდა, რადგან არქიტექტურულ ჟურნალ Building Design-ში ერთი ახალი ვაკანსია გამოჩნდა. ერთადერთი ვიყავი აუდიტორიაში, ვინც ხელი ასწია და ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში. ჟურნალს მაშინ შევუერთდი, როცა კომპიუტერები და იმეილები უკვე ჰქონდათ, თუმცა ჩემს მისვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯერ კიდევ ხელით წერდნენ და დოკუმენტებს ფაქსით აგზავნიდნენ. შემმოწმებელი რედაქტორის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ახალი ამბების წერაც კარგად გამომდიოდა, ამიტომ რეპორტიორის პოზიციაზე გადამიყვანეს და მას შემდეგ ჩემი კარიერა სწრაფადვე განვითარდა. მახსოვს, ჩემი, როგორც ბლოგერის, პირველი გამოცდილებაც, ეს იყო 2006 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე. The Architecture Foundation აწყობდა ბლოგს  ბიენალეს შესახებ, ვენეციაში სივრცე ჰქონდათ გამოყოფილი, სადაც  არქიტექტორებსა და ჟურნალისტებს კონტრიბუციისთვის იწვევდნენ, მაშინ ბლოგინგის სისწრაფემ და სიმარტივემ ძალიან მომხიბლა და საბოლოოდ ამ ბლოგისთვის  ნაყოფიერი კონტრიბუტორი გავხდი.  პარალეგალურად Icon Magazine-ში რედაქტორად ვმუშაობდი, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი საკუთარი გამოცემა უნდა დამეარსებინა. სწორედ აქ იწყება  Dezeen-ის ისტორიაც...

დღეს რა არის Dezeen-ში თქვენი მთავარი როლი? დროთა განმავლობაში ხომ არ  შეიცვალა თქვენი ფუნქცია?

მაშინ როცა Dezeen თავი საქმიანობას იწყებდა, ფაქტობრივად, ყველაფერს მე ვაკეთებდი -  ვწერდი სტატიებს, ვამუშავებდი ფოტოებს და ამავდროულად, ვმუშაობდი გაყიდვების მიმართულებითაც. დროთა განმავლობაში Dezeen-ის თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა, დღეს უკვე ოცდათხუთმეტნი  ვართ. ახლა ერთდროულად CEO-სა და შემოქმედებითი დირექტორის ფუნქციას ვითავსებ, თუმცა ჟურნალისტიკით, რა თქმა უნდა, კვლავ დაინტერესებული ვარ, ხშირად ვასწორებ ხოლმე სხვების ნაწერებს, ახალ იდეებსაც ვთავაზობ და როცა დრო მაქვს, მე თვითონაც ვწერ. ამ დილით, მაგალითად, ძალიან ადრე ავდექი, იმისთვის რომ ჩვენი  ახალი სექციისთვის, რომელიც ამ კვირას ჩაეშვა, პროდუქტების სია დამეწერა.


გარდა ამ ყველაფრისა, რამდენიმე წიგნის - First Century Design, Green Design, Dezeen Books of Ideas და Dezeen Books of interviews -  ავტორი ხართ. დამეთანმებით, რომ წიგნის წერა ჟურნალისტის სტანდარტული საქმიანობისგან სრულიად განსხვავებული პროცესია, აქამდე როგორ მიხვედით?

წიგნის წერა ნამდვილად ბევრად მძიმე სამუშაო პროცესია და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დიდად სასიამოვნო არც არის. ჟურნალისტური წერა, რომელიც უფრო დინამიკური, სწრაფი და მიმდინარე მოვლენების თანადროულია, ბევრად მირჩევნია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ახალ წიგნს აღარ დავწერ.

რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია, როგორ ფიქრობთ, ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში რა ძალა აქვს სიტყვას?

ჟურნალისტიკა  დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე შეკითხვებს სვამენ, საზოგადოებას სანდო და სწორ ინფორმაციას აწვდიან, იკვლევენ კრიმინალს და დღის სინათლეზე ფენენ იმ სიახლეებს, რომლებსაც მათ გარეშე  ვერ გავიგებდით. ახლა ჟურნალისტიკისთვის ძალიან რთული პერიოდია,  ცრუ ინფორმაციის ზრდა, დონალდ ტრამპის მსგავსი ადამიანებისგან მედიის საწინააღმდეგო რიტორიკა, Google-ისა და Facebook-ის დამოკიდებულება მედიის, როგორც ბიზნესის მიმართ და რა თქმა უნდა, სარეკლამო შემოსავალთან დაკავშირებული კოლაფსი კორონავირუსის გამო... ეს ყველაფერი ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის თანამედროვე ჟურნალისტიკას. ამიტომაც, ახლა  Dezeen-ში, იმისათვის რომ დავეხმაროთ ჩვენს ჟურნალს, ვირტუალური დიზაინის ფესტივალს, Dezeen Job-სა და Dezeen Awards-ის პროგრამას,  ვცდილობთ, რომ ახალი ბიზნესმოდელი შევიმუშაოთ. 


Dezeen Awards ახსენეთ... ჯილდო, რომელიც საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინ ნამუშევრებისთვის უკვე ბევრ ადამიანს გადაეცა. რამ გააჩინა თქვენს სივრცეში მსგავსი დაჯილდოების საჭიროება და რა არის თქვენი მთავარი კრიტერიუმი?

Dezeen Awards დროთა განმავლობაში ჩვენი ჟურნალისთვის ფაქტობრივად ბიზნეს წამოწყებად იქცა, რადგან ადამიანები მასში მონაწილეობისთვის გაკვეულ საფასურს იხდიან. თუმცა, თავდაპირველად, ჩვენ ეს ჯილდო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ახალბედა სტუდიებისა და პატარა კომპანიებისთვის შევქმენით. სხვა დაჯილდოებების შესახებ ხშირად გვესმოდა წუწუნი, რომ მონაწილეობა ძალიან ძვირია და ამის შესაძლებლობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ.  სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ Dezeen Awards-ზე საკუთარი თავის წარდგენა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ამ გზით რაც შეიძლება მეტი პატარა კომპანია მოგვეზიდა.

ვიცი, რომ თვითონ Dezeen-საც თავისი საქმიანობისთვის ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიუღია, თუმცა მაინტერესებს, პირადად თქვენთვის სად გადის წარმატების ზღვარი, რა არის თქვენი, როგორც ჟურნალის ხელმძღვანელის კმაყოფილების ინდიკატორი, ის, რაც გაფიქრებინებთ, რომ საქმეს ნამდვილად კარგად გაართვით თავი?

კმაყოფილება და იმედგაცრუება ყოველდღიურობის ნაწილია. ძალიან დიდი კმაყოფილების განცდა მაქვს,  როცა ისეთ ამბავს ვაქვეყნებთ, რომელიც ადამიანს ფიქრისკენ უბიძგებს. სასიამოვნოა ის მომენტიც, როცა ხედავ, რომ  სტატია მკითხველში პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ინტერვიუ, რომელიც წინა თვეს ექსპერტ ლი ედელკორტთან ჩავწერე, სადაც ის იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს, 750 000-მა ადამიანმა წაიკითხა. პასუხები როგორც კი გამომიგზავნა, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან პოპულარული სტატია გახდებოდა და ასეც მოხდა. სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს ჩემში კმაყოფილებას.


გყავთ რჩეული დიზაინერი ან, ზოგადად, ხელოვანი, რომელსაც გავლენა მოუხდენია თქვენზე?

დიდად არ გამომდის რჩეულების დასახელება. რაც შეეხება იმას, თუ ვის მოუხდენია ჩემზე გავლენა, გეტყვით, რომ საკუთარ თავს უფრო მეტად არა დიზაინის სამყაროს, არამედ მედიის ნაწილად მივიჩნევ და ამიტომაც შთაგონება უფრო ჟურნალისტებისგან მიმიღია. ერთ-ერთი ასეთი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯორჯ მონბიოა.

საყვარელი წიგნი არქიტექტურისა და დიზაინის შესახებ... ან თუნდაც ის, რომელიც ამ სფეროებს სცდება, მაგრამ თქვენთვის საინტერესოა?

ძალიან მიყვარს არამხატვრული ნაწარმოების კითხვა, მაგრამ შემიძლია მხატვრული რომანებიც გირჩიოთ. მაგალითად, რობერტ ჰარისი, რომლის წიგნებსაც გამოსვლისთანავე ვკითხულობ. რაც შეეხება არამხატვრულ წიგნებს, ნოა უივალ ჰარარის ბოლო სერია მგონია, რომ შესანიშნავია. წიგნებს ძირითადად აეროპორტში ვყიდულობ, მაშინ როცა სამოგზაუროდ მივდივარ და, როგორც წესი, კითხვას თვითმფრინავშივე ვამთავრებ. სახლში როცა ვარ, წიგნებს ნაკლებად, უფრო ახალ ამბებს ვეცნობი ხოლმე.


Dezeen ახლა მსოფლიოში პირველ ვირტუალური დიზაინის ფესტივალს ატარებს, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა იყო თქვენი გუნდის მიზანი, როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიება სწორედ ახლა?

როცა ევროპაში კარანტინი დაიწყო, მაშინვე მივხვდით, რომ ჩვენი ბიზნესის გადასარჩენად რაღაც უნდა გვეღონა. ამასთან,  დიზაინის ყველა კვირეული გადაიდო, დავინახეთ, რომ უკვე აღარ არსებობდა არანაირი გზა, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები შეიკრიბებოდნენ და საკუთარ პროდუქტს წარმოადგენდნენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ვირტუალური სივრცე, სადაც ეს ადამიანები თავმოყრას და გარკვეული თანხის გამომუშავებას შეძლებდნენ. პროექტი, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი, ბიზნეს მისიით შეიქმნა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ერთდროულად ორივე მიზანს მივაღწევთ.

მოგვიყევით, როგორ მიმდინარეობს ვირტუალური დიზაინის კვირეული, რა სახის კონტენტია ხელმისაწვდომი თქვენს პლატფორმაზე და რით განსხვავდება ის Dezeen-ისთვის ჩვეული სტატიებისგან?

ჩვენი პლატფორმა ყოველდღიურად ვითარდება. მალევე გავიაზრეთ, რომ მხოლოდ ჩვენი რესურსით 10-კვირიან ფესტივალს საინტერესო კონტენტით ვერ დავტვირთავდით, ამიტომ მოვიწვიეთ სხვადასხვა კომპანიებიც.  ძალიან ბევრი კონფერენცია, ბაზრობა, მუზეუმი და ბრენდი, რომლებსაც მიმდინარე წლისთვის უამრავი გეგმა ჰქონდათ და პანდემიის გამო ვეღარ განახორციელეს, ფაქტობრივად ონლაინსივრცეში გადმოვიტანეთ. ეს კოლაბორაციები მართლაც ინოვაციურია და ასეთი რამ აქამდე ნამდვილად არ გაგვიკეთებია. რაც შეეხება ფორმატს, მგონია, რომ Zoom-ში ჩატარებული ინტერვიუები კიდევ უფრო სახალისო და საინტერესოა,  ნამდვილად გასაოცარია ის, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერის ეკრანიდან  ერთდროულად ინტიმური, სახალისო და შთამაგონებელი დიალოგი გქონდეს სამყაროს მეორე ნახევარში მყოფ ადამიანთან.


როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები ამ პირობებში?

ახლა მთავარი მიზანი ის არის, რომ ჟურნალი Dezeen პანდემიას გადაურჩეს. ყველა ბიზნესისთვის ნამდვილად ძალიან რთული პერიოდია, თუმცა სარეკლამო კოლაფსის გამო მედიასაც არანაკლები ფინანსური პრობლემა შეექმნა. ამიტომაც, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვირტუალური დიზაინის ფესტივალმა წარმატებით იმუშაოს.

როგორია თქვენი პირადი ხედვა Dezeen-ის მომავლის შესახებ?

ახლა ამაზე საუბარი ცოტა რთულია. პანდემიამდე გვქონდა გეგმა, რომ ჩვენი ბიზნესი კიდევ უფრო გაგვეზარდა, საერთაშორისო მასშტაბით მეტი ოფისი გაგვეხსნა და ახალი ინიციატივები განგვეხორციელებინა, თუმცა ყოველივე ეს ვირუსის გამო ახლა ჰაერშია. ახლა მგონი, უბრალოდ გადარჩენაც კი სრულიად საკმარისი იქნება.

Hammock ახალი ჟურნალია თანამედროვე კულტურისა და ცხოვრების სტილის შესახებ. ხომ არ გაქვთ რაიმე რჩევა ჩემთვის, როგორც მისი ავტორისთვის და ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის?

იყავით თანმიმდევრული და მუდმივი. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ხარისხიანი კონტენტის რეგულარული წარმოებაა, მაგრამ იმისთვის, რომ მკითხველი კვლავ დაბრუნდეს შენთან, ეს აუცილებელია. და კიდევ, თქვენი ჟურნალი უნდა იყოს ის, რაც თქვენ თვითონ ხართ. ყოველთვის წარმოიდგინე, რომ სწორედ ისეთი ადამიანებისთვის წერ, როგორიც შენ ხარ და ყოველთვის იფიქრე იმაზე, თუ რა დაგაინტერესებდა შენ თავად. წარმატების გასაღები ყოველთვის შენს პერსონაში და პირად ხედვაში ეძებე და არა მხოლოდ მკითხველთან, მათ შორის პარტნიორებთანაც. თუ რეკლამის დამკვეთები და ბიზნესპარტნიორები თქვენნაირი ადამიანები იქნებიან, ისინი აუცილებლად ჩადებენ ინვესტიციას თქვენში.


Dezeen-ზე ბევრი სტატია წამიკითხავს ქართველი არქიტექტორების, დიზაინერების და ხელოვანების შესახებ. რას ფიქრობთ მათზე, ან თუ არის მათ შორის ვინმე, ვინც თქვენი რჩეულია?

თბილისში ორჯერ ვიყავი ჩამოსული და ორივეჯერ ძალიან მოვიხიბლე ადგილობრივი შემოქმედებითი სცენით. განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, იმიტომ რომ დაახლოებით 80-იან წლებში ბერლინსა და ნიუ-იორკშიც მსგავსი სიტუაცია იყო, რაც ახლა თქვენთანაა. რაც შეეხება ჩემს რჩეულებს, განსაკუთრებით მიყვარს შოთიკო აფციაურისა და მაქსიმე მაჩაიძის ნამუშევრები.

2021 წლის გაზაფხულზე თამუნა ღვაბერიძის და ქეთუნა ყრუაშვილის ორგანიზებით თბილისის დიზაინის დღეები გაიმართება. ვიცით, რომ ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი თქვენც იქნებით. რას გვეტყვით თქვენი სამომავლო, მესამე ვიზიტის შესახებ და ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დღეებს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში?

სიამოვნებით დავბრუნდები თბილისში კიდევ ერთხელ... თბილისის დიზაინის დღეები, ვფიქრობ, რომ თავისთავად ძალიან კარგი იდეაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემოქმედებითი სცენისა და კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ზოგადად, მგონია, რომ დიზაინ-კვირეულები, კონფერენციები, ფესტივალები, ჟურნალები და ბლოგები სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ნიჭიერი ადამიანებისა და საინტერესო იდეებისთვის ახალი პლატფორმა შეიქმნას.