“აკასაკა” თბილისში აზიური სამზარეულოს მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია, რომელიც მომხმარებლებს იაპონური დანადგარებითა და ტექნიკით მომზადებულ გამორჩეულ კერძებსა და საინტერესო ატმოსფეროს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო რესტორანი დროებით დახურულია, “აკასაკას” ერთგულ მომხმარებლებს მიტანის სერვისით სარგებლობა და საყვარელი კერძების სახლში დაგემოვნება ჩვეულებრივ შეუძლიათ.
Hammock Magazine გთავაზობთ ინტერვიუს “აკასაკას” თანადამფუძნებელ ნიკა ლეჟავასთან, რომელიც ბრენდის შექმნასა და ახალ რეალობაში მისი ფუნქციონირების შესახებ გვიყვება.
ნიკა, მოგვიყევით, როდის და როგორ გაჩნდა “აკასაკას” შექმნის იდეა?
იაპონიაში დავიბადე და გავიზარდე. “აკასაკას” შექმნის იდეა 5 წლის წინ დამებადა, როცა საქართველოში ჩამოვედი. ძალიან მინდოდა, იაპონური კერძები საქართველოშიც გაესინჯათ და შეეყვარებინათ. რესტორნის გასახსნელად იაპონიიდან სპეციალური ძვირად ღირებული დანადგარები ჩამოვიტანეთ, გეგმა კი საბოლოოდ 2018 წლის დეკემბერში განვახორციელე, როცა იაპონელ თანადამფუძნებლებთან ერთად ფალიაშვილის 33 ნომერში პირველი ობიექტი გავხსენი - ასე შეიქმნა “აკასაკა”.
რას გულისხმობს “აკასაკას” კონცეფცია?
აკასაკა ტოკიოს ერთ-ერთი უბნის სახელწოდებაა, რომელსაც სამსახურის შემდეგ იაპონელები განსატვირთად ხშირად სტუმრობენ. ეს უბანი რესტორნების სიმრავლითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა. სწორედ ასეთი ატმოსფეროს შექმნა მინდოდა ჩემს რესტორანშიც. “აკასაკას” შექმნით ჩემი მთავარი მიზანია, აზიური სამზარეულო საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციო.
“აკასაკა” იაპონური რესტორანია, თუმცა მხოლოდ სუშიზე არ ვართ ორიენტირებულები. სხვადასხვა კერძები გვაქვს, მათ შორის მთავარი კერძი რამენია, რომლისთვისაც ნუდლს რესტორანშივე სპეციალური დანადგარით ვამზადებთ.
რა გამოარჩევს “აკასაკას” საქართველოში არსებული სხვა აზიური რესტორნებისგან?
“აკასაკას” თანადამფუძნებლები იაპონელები არიან, იქ მეც ძალიან დიდი დრო გავატარე. კერძების მოსამზადებლად სპეციალურად იაპონიიდან ჩამოტანილ დანადგარებსა და ინგრედიენტებს ვიყენებთ, ჩვენი მზარეულებიც, ძირითადად, აზიელები არიან - ვფიქრობ, სწორედ ამით გამოვირჩევით სხვებისგან.
ვისთვის არის “აკასაკა”? დაგვიხასიათეთ თქვენი მუდმივი და ერთგული მომხმარებლები.
ჩვენი რესტორნის ირგვლივ უამრავი კომპანია თუ ოფისია, ამიტომ ჩვენი ერთგული მომხმარებლები სწორედ ამ დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები არიან, რომლებიც, ლანჩის გარდა, სამუშაო დღის ბოლოსაც დიდი სიხარულით გვსტუმრობენ. ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შორის გამოვარჩევდი იაპონური კულტურით, განსაკუთრებით, ანიმეებით დაინტერესებულ ადამიანებს. “აკასაკა” სტუდენტებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს, რადგან მათ სტუდენტურ მენიუს ხშირად ვთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კერძები თავად იაპონელებსაც ძალიან მოსწონთ.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როცა ამ საქმეს იწყებდით?
თავიდან ვფიქრობდი, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება რთული იქნებოდა, თუმცა ქართული ბაზარი უკვე იცნობდა აზიურ სამზარეულოს, ამიტომ, საბედნიეროდ, მომხმარებლებმა კარგად მიგვიღეს. ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის ობიექტის რემონტი და მყუდრო გარემოს შექმნა აღმოჩნდა, რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო.
რა გავლენა იქონია “აკასაკაზე” ბოლოდროინდელმა მოვლენებმა - კორონავირუსის გავრცელებამ და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ? როგორ ადაპტირდით არსებულ რეალობასთან?
ამჟამად ჩვენი ობიექტი არ ფუნქციონირებს, ამიტომ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს საყვარელი კერძების დაგემოვნება მიტანის სერვისის აპლიკაციების გამოყენებით შეუძლიათ. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ახალ რეალობაზე მორგება ჩვენთვის, ალბათ, უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან “აკასაკას” ერთგული მომხმარებლები მიტანის სერვისით კორონავირუსამდეც აქტიურად სარგებლობდნენ. ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებლებიც ნაკლებ დისკომფორტს განიცდიან, რადგან რესტორანშიც და მიტანის სერვისის შემთხვევაშიც კერძების უმეტესობას სპეციალურ ყუთებში ვათავსებთ, თანაც კურიერებიც სწრაფად მუშაობენ.
როგორც ყველას, ალბათ, თქვენც შეგეცვალათ სამომავლო გეგმები…
რა თქმა უნდა, გეგმები შეგვეცვალა. ჯერჯერობით “აკასაკა” მხოლოდ ერთი რესტორნით შემოიფარგლება, ამიტომ ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავდით, თუმცა არსებულმა ვითარებამ ყველაფერი შეცვალა. ამჟამად ჩვენი გუნდი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მაქსიმალურად მოსარგებად თავდაუზოგავად მუშაობს: მენიუში მიტანის სერვისისთვის უფრო მოსახერხებელი კერძების დამატებას ვაპირებთ, უფრო შორეულ გეგმებს კი მას შემდეგ მივუბრუნდებით, როცა ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება.
დაწერე კომენტარი