რადიო ჯიპას ხელმძღვანელის, გიორგი ჯაბადარის ვლოგში, რომელსაც Hammock Magazine-ის გვერდზე ამიერიდან ყოველ კვირას იხილავთ, თქვენთვის საინტერესო ადამიანები აქტუალურ სოციალურ, კულტურულ თუ სპორტულ ამბებზე ისაუბრებენ.
გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ჯაბადართან, რომელიც ახალი პროექტის შესახებ უფრო ვრცლად გიამბობთ.
გიორგი, როგორ გაჩნდა რადიო ჯიპას ახალი პროექტის იდეა და რატომ დაინტერესდი, რომ ის ჟურნალ Hammock-თან ერთად განგეხორციელებინა?
15 წელია, რაც რადიო ჯიპა არსებობს, თუმცა დღეს ჩვენი ჩვეული დღის წესრიგი მთლიანად ამოტრიალდა. ამიტომ მეტი ხელმისაწვდომობისთვის აპლიკაციები IOS-სა და Android-ზე შევქმენით. უნივერსიტეტის სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, აკადემიური მიმართულებით რადიოსთან ინტეგრირება გვსურდა. ერთ კვირაში ბლოგი - Blog.radiogipa.ge ჩავუშვით, საბოლოოდ კი რადიო ვლოგად გარდავსახეთ და სხვა ფუნქციაც შევმატეთ. ამ ყველაფრის შექმნა GIPA-ს მენეჯმენტის გვერდში დგომის გარეშე შეუძლებელი იყო, რისთვისაც გამოვიყენებ შესაძლებლობას და მადლობას გადავუხდი მათ. რაც შეეხება თქვენთან თანამშრომლობას, ჩემთვის ეს კიდევ ერთი დიდი სიახლეა, რადგან მიმაჩნია, რომ თქვენი ჟურნალი კულტურის სფეროში განსხვავებულ და ღირებულ პროდუქტს ქმნის. ვფიქრობ, ერთ საქმეს ვემსახურებით და რაც მთავარია, გვყავს საერთო ახალგაზრდული აუდიტორია. სწორედ ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის გადამწყვეტი ფაქტორი.
გვესაუბრე პროექტის კონცეფციის შესახებ…
ჩვენი პროექტის კონცეფცია აქტუალურ თემებზე უშუალო საუბარს გულისხმობს. ელექტრონული მუსიკის ხაზს საგანმანათლებლო ნაწილიც დავუმატეთ, რომლებშიც ადამიანები ბევრ ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ თუ კულტურულ სიახლეებს აღმოაჩენენ და ამავე დროს ჩვენი სტუმრები მათ თავიანთ ინდივიდუალურ გამოცდილებას გაუზიარებენ.
რის მიხედვით შეარჩევთ თემებსა და სტუმრებს?
„დღეს ყველას კორონავირუსთან დაკავშირებული თემები აინტერესებს. ამიტომ, ჩვენც გადავწყვიტეთ გვესაუბრა, თუ როგორ შეცვალა ვირუსმა სხვადასხვა სფეროში დღის წესრიგი. მეორე გადაცემა მთლიანად სპორტს დავუთმეთ, უამრავი ღონისძიება იგეგმებოდა საქართველოში, მაგალითად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო,ფეხბურთში კი სრულიად ისტორიული მატჩის, საქართველო-ბელორუსის მოლოდინში ვიყავით, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს არენაზე იმართებოდა, რაგბშიც ბევრი ცვლილებები იყო. ასევე, კულტურაში, კინოს სფეროში, უტა ბერიას ფილმის, „უარყოფითი რიცხვების“ პრემიერა უნდა გამართულიყო. ყველა ეს ღონისძიება კი ვირუსის გამო, სამწუხაროდ, გადაიდო. თუმცა, გვსურს ნელ-ნელა ვირუსის თემასაც გავცდეთ და თავისუფალი პლატფორმა შევქმნათ, ეთერს ძირითადად ახალგაზრდებს დავუთმობთ, რომლებსაც მათთვის საინტერესო თემებზე საუბრის საშუალება მიეცემათ. რაც შეეხება, სტუმრებს, ჯერჯერობით იმ ადამიანებს ვირჩევთ, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით კომპეტენტურები არიან.
გიორგი, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებიან თქვენი მსმენელები და მაყურებლები?
ჩვენი სეგმენტი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა, თუმცა დღეს, განურჩველად ასაკისა, ყველას აინტერესებს, რა იქნება მომავალში და როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, ამიტომ, ვფიქრობ, ამ გადმოსახედიდან ნებისმიერი ადამიანის ინტერესებს ვერგებით.
რა არის თქვენი პროექტის მიზანი, საბოლოოდ მაინც რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?
ჩვენი მიზანი ღირებული პროდუქტის შექმნაა. ელექტრონული მუსიკით ვიზიდავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ვაპარებთ საგანმანათლებლო პროექტებს. ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდები არიან, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ე.წ. ამინდს თავად ქმნიან. ამიტომ გვსურს, რომ რაღაც ფასეული შევუქმნათ, იმისთვის რომ ხვალ იმაზე უფრო ინფორმირებულები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. გარდა ამისა, ვცდილობთ, მარტივად, მოკლე დროში, ყველაზე კომფორტულად მივაწოდოთ საზოგადოებას მათთვის სასარგებლო ინფორმაცია, რომ თუნდაც მომავალში, უფრო მომზადებულები დავხვდეთ და გავუმკლავდეთ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას.
დაწერე კომენტარი