ისტორია, რომელიც ივ კლეინს და მისი ლურჯი ფერის მიმართ ობსესიას თან დაჰყვება, მისივე ახალგაზრდობას უკავშირდება. ისტორიის მიხედვით, 19 წლის კლეინი და მისი ორი მეგობარი – არმანდ ფერნანდეზი და პოეტი კლოდ პასკალი ნიცაში, საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე იწვნენ და სამყაროს იყოფდნენ. არმანდმა დედამიწა აირჩია, პასკალმა სიტყვები, ხოლო კლეინმა უკიდეგანო სივრცე, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო არსებობს და შემდეგ ცას ხელი მოაწერა. ეს სიმბოლური ჯესტია, რომელიც მის კარიერას წინასწარმეტყველებს. კლეინი, ხელოვნების საშუალებით ამ სივრცეში რაც შეიძლება უფრო ღრმად შეღწევას ლამობდა.

მოგვიანებით კლეინი წერდა, რომ ლურჯ ფერს არ აქვს საზღვარი, რომ ეს ფერი საზღვრებს და მის შეზღუდვებს ცდება. ყველა ფერს აქვს თავისი ასოციაცია, იქნება ის ფიზიკური თუ არა. ლურჯი ფერი კი ყველაზე მეტად ზღვასთან და ცასთან ასოცირდება, ხოლო ეს ორი რამ ყველაზე აბსტრაქტულია, რაც ბუნებაში გვხვდება.



ფრანგი ხელოვანი ივ კლეინი 1928 წელს დაიბადა. მან 1950-ებში რამდენიმე წელი იაპონიაში გაატარა, სადაც ძიუდოს ხელოვნებას ეუფლებოდა, შემდეგ ცხოვრობდა ლონდონში და ბერლინში, საბოლოოდ კი პარიზში დაფუძნდა. 1940 წელს კლეინმა ლურჯი მონოქრომების ხატვა დაიწყო. ამ ნამუშევრებისთვის ის ლურჯ პიგმენტ ულტრამარინს იყენებდა, მაგრამ ამ პიგმენტს დროის განმავლობაში გაფერმკთალება ახასიათებს, რაც კლეინს საშუალებას არ აძლევდა  მიეღწია სასურველი ესთეტიკისთვის.

კლეინმა სახელოვნებო მატერიალების მომწოდებელ ედუარდ ადამის დახმარებით შეძლო შეექმნა ისეთი ქიმიური ნაზავი ლურჯი ფერისა, რომელიც არ კარგავს დამახასიათებელ ინტენსიურობას და სიღრმეს. ამ ფერს მან საერთაშორისო კლეინის ლურჯი, ანუ IKB დაარქვა. 1960 წელს ხელოვანმა საერთაშორისო კლეინის ლურჯი (IKB) დააპატენტა, ნომრით 63471 და მისი კარიერის განმავლობაში თითქმის ექსკლუზიურად ამ პიგმენტს ხმარობდა. როგორც ვარაუდობენ, სწორედ  ქიმიური ნაზავის ხშირი გამოყენება გახდა კლეინის სიკვდილის მიზეზიც – 1962 წელს 34 წლის ხელოვანმა გულის შეტევა მესამედ ვეღარ გადაიტანა და გარდაიცვალა. დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს Adam Montmartre-ს (96 Rue Damrémont; 331/46-06-60-38), მაღაზიას პარიზში, რომელიც ადამის ბაბუამ 1898 წელს დააარსა და დღესაც ამ ოჯახს ეკუთვნის და შეიძინოს 1 ან 5-ლიტრიანი ქილა პიგმენტი Le Medium Adam25. ეს ზუსტად იგივე ფერია, რაც IKB, მაგრამ Klein Foundation-ის გამო მას არ ჰქვია იგივე სახელი.


სანამ კლეინი IKB-ს დააპატენტებდა და ლურჯის იდეალურ ფორმულას აღმოაჩენდა, მისი პირველი გამოფენა, სადაც ლურჯი მონოქრომები წარადგინა, პარიზში 1955 წელს გაიმართა. შემდეგ მან მილანში წარადგინა 11 იდენტური ლურჯი, უჩარჩოო მონოქრომის ნამუშევარი. ყველა ნამუშევარს კლეინმა სხვადასხვა ფასი დაადო და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ნამუშევრების სხვადასხვა ტიპის სპირიტუალობა იყო. ერთერთი მათგანი იტალიელმა ხელოვანმა ლუციო ფონტანამაც შეიძინა. ამ გამოფენით კლეინმა დაიწყო ის, რასაც ლურჯ რევოლუციას ეძახდა და მალე ლურჯმა ფერმა მოიცვა მისი შემოქმედების მთლიანი სპექტრი. სოლო გამოფენის აღსანიშნავად მან 1957 წელს 1001 ჰელიუმით გაბერილი ლურჯი ბუშტი გაუშვა პარიზის St-Germain-des-Prés უბანში.

მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი 1960 წლის მარტში პარიზში გაიმართა. კლეინი მაყურებლის წინაშე წარსდა 9 მუსიკოსთან ერთად, რომლებიც  მონოტონური-სიჩუმის (Monotone-Silence) სიმფონიას უკრავდნენ. სიმფონია 20 წუთი გრძელდება, შემდეგი 20 წუთი კი პერფორმანსი სიჩუმეში იმართებოდა. ამ პერფორმანსის დროს კლეინმა სამი შიშველი მოდელი დაიხმარა, რომლებმაც საკუთარი სხეულების ლურჯი იმპრინტი დატოვეს ტილოზე და შესაბამისად “ცოცხალი ფუნჯები” გახდნენ.

მოკლე კარიერის განმავლობაში კლეინმა ბევრი სხვადასხვა ტიპის, მატერიის და მედიუმის ნამუშევრის შექმნა შეძლო. ის დგამდა პერფორმანსებს, მუშაობდა ფერწერაში. მან 200-ზე მეტი ლურჯი მონოქრომი შექმნა IKB-ს გამოყენებით. ასევე ქმნიდა სკულპტურებს. 1962 წელს კლეინმა ნაიკის ლურჯი რეპლიკები შექმნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურა მისივე მეგობრის, ფრანგული ნუვო რეალისტი ხელოვანის, არმანის  ლურჯი სკულპტურაა.

კლეინის ობსესიას ლურჯ ფერთან დაკავშირებით სხვადასხვა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ. მისი ლურჯი მონოქრომები პირდაპირ ეწინააღმდეგება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოპულარულ დეპრესიულ მოტივებს აბსტრაქციულ ხელოვნებაში.

ულტრამარინის ლურჯი არის ფერი, რომელიც ანათებს და ისეთ განზომილებას ქმნის, რომელსაც თითქოს სხვა სამყაროში გადავყავართ. შესაბამისად კლეინის ლურჯი მონოქრომები არ ფუნქციონირებენ, როგორც რიგითი ნამუშევრები, მათი მიზანია წარმოადგინონ კარი, რომლის საშუალებითაც სხვა განზომილებას დავინახავთ და მაყურებელიც აზიარონ ამ გამოცდილებას.



კლეინი ასევე დაინტერესებული იყო void-ით და ნუკლეური ჰოლოკოსტის საფრთხით. კლეინის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება Void-ის ფუნდამენტები. Leap Into the Void მისი ცნობილი შავ-თეთრი ფოტოა (1960 წ.), რომელშიც ასახულია კლეინი, რომელიც უსასრულო სივცეში მოძრაობს. void-ი ეს არის სივრცე, რომელიც ჩვენი სამყაროს გარეთ არსებობს.

მან თქვა რომ, ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ვცხოვრობთ ატომურ ხანაში, სადაც ნებისმიერი ფიზიკური მატერია შეიძლება გაქრეს და მის მაგივრად აბსტაქტული სიცარიელე დარჩეს. მისი ინტერესი ამ სიცარიელის მიმართ ასევე აშკარაა, ლიტერატორისა და ფილოსოფოსის, gaston bachelard-ის ამ სიტყვებს კლეინი ხშირად მიმართავდა: “პირველად არის არაფერი, შემდეგ არის ღრმა არაფერი, და შემდეგ არის ლურჯი სიღრმე”.

ამასთან ერთად კლეინი კათოლიკე ქრისტიანი იყო. რელიგიურ ხელოვნებაში ლურჯი ფერი ხშირად გვხდება და მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჯოტო, რომელიც კლეინის ერთ-ერთი საყვარელი არტისტი იყო, ხშირად იყენებდა ლურჯ პიგმენტს თავის შემოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ კლეინის ლურჯი ნამუშევრები არ არის რელიგიური ხასიათის, მათში იგრძნობა ღრმა სპირიტუალურობა. კლეინისთვის ერთი სუფთა ფერის გამოყენება იყო გზა არა იმისთვის, რომ შეექმნა უბრალო ნამუშევარი, არამედ  შეექმნა სპირიტუალური, ალქიმიური შემოქმედება, რომელიც დროის და მატერიის საზღვრებს ცდება. კლეინი დაინტერესებული იყო კოსმიური სივრცით. IKB-ს საშუალებით კლეინმა epoca blu-ს ჩაუყარა საფუძველი, ეპოქას, რომელიც სივრცეს და ჩვენს განზომილებას ცდება.