გლობალური პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, ასევე ხელოვნება და ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა მუზეუმები, გალერეები და ხელოვნების ბაზრობები, დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც მსოფლიოში გამოფენათა გამართვის ახალი პრაქტიკა გააჩინა. ეს კი ნამუშევრების ონლაინ სივრცეში განთავსებას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ კი ვენის ციფრულმა სააგენტომ treat.agency-იმ ახალი პლატფორმა Not Cancelled შექმნა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების კოლექტიურ გამოფენებს, საგანმანათლებლო ვირტუალურ ტურებს, საუბრების სერიებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს მნახველს.

 

Not Cancelled-ის ონლაინ გამოფენა-გაყიდვის არტ-კვირეული უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ვენაში, ბერლინში, ვარშავასა და პარიზში გაიმართა.



12 მაისს კი Not Cancelled პლატფორმის ონლაინ გამოფენა-გაყიდვაზე ქართული არტ სცენაც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ე.ა. საზიარო სივრცე, გალერეა LC Queisser, პატარა გალერეა , Window Project და გალერეა ნექტარი იქნებიან წარმოდგენილნი. კურატორი ელენე აბაშიძე, რომელიც ე.ა. საზიარო სივრცის დამფუძნებელია, ხელოვან მაია ნავერიანის 2000-იანი წლების დასაწყისის სერიის ნამუშევრებს, ხოლო Window Project ახალგაზრდა ქართველ არტისტს შოთიკო აფციაურს წარმოადგენს. ხელოვან თეა გვეტაძის ნამუშევრებს დამთვალიერებელი გალერეა LC Queisser-ის მეშვეობით იხილავს. ამასთან, პატარა გალერეა ანა ჩადუნელის შემოქმედებას, ხოლო გალერეა ნექტარი ნესტან აბდუშელიშვილის ნამუშევრებს შესთავაზებს მნახველს. 



“ციფრული გამოცდილება ვერ ჩაანაცვლებს გალერეებში ფიზიკურ ვიზიტებს, თუმცა Not Cancelled პლატფორმის მეშვეობით გვსურს ადგილობრივი და საერთაშორისო არტ სცენის არა მხოლოდ კრიზისის დროს გადარჩენა, არამედ მათი გაძლიერება”, - განმარტავს იშტვან სილაგი, Not Cancelled პლატფორმის ინიციატორი.