სტუდია გიბლის მუზეუმი გულშემატკივრებს ვირტუალურ ტურებს სთავაზობს მანამ, სანამ მუზეუმი შექმნილი ვითარების გამო თებერვლიდან დაკეტილია.
მუზეუმის ხილვა სტუდია გიბლის YouTube არხის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელზეც ჯერ მხოლოდ ოთხი ვიდეოა განთავსებული. გიბლის მუზეუმის სტუმრებისთვის ფოტოების გადაღება აკრძალულია, შესაბამისად, მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები მისი ხილვის მსურველებისთვის იდეალური შანსია.
პირველი ვიდეო მუზეუმის ერთ-ერთ ოთახს, Space of Wonder-ს გვიჩვენებს. ოთახის ჭერზე იხილავთ ფრესკას, რომლის შუაში მოღიმარი მზე არის გამოსახული, ხეები, რომლებიც ცამდე იზრდებიან და რომლებზეც, თუ კარგად დააკვირდებით, კიკის დაინახავთ ცოცხზე, „კიკის მიტანის სერვისიდან“ , ნაუსიკას „ნაუსიკა ქარების ველიდან“ თავის პლანერში და კიდევ სხვა მრავალ გიბლის პერსონაჟს.
მომდევნო ვიდეოს „გულის ჩურჩულში“ და „კატის დაბრუნებაში“ არსებულ ანტიკვარულ მაღაზიაში შევყავართ, სადაც ორიგინალ ჩანახატებსაც ვხვდებით ფილმებიდან - „ლაპუტა: ზეციური ტაძრიდან“ და „ქარი მატულობს”. მუზეუმმა ასევე მიუთითა, რომ სწორედ ამ ოთახში „იბადება ფილმი“.
შემდეგი ვიდეო შენობის მთავარი შესასვლელის ჩვენებით იწყება, რომელიც გაფორმებულია „ჩემი მეზობელი ტოტოროს“ თემაზე შექმნილი ფერადი მინის ფანჯრებით და გრძელი, მღვიმოვანი დერეფნის ჩვენებით გრძელდება. მუზეუმის განცხადების თანახმად, მისაღებ სივრცეს The Cake Room ეწოდება.
სულ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში მუზეუმში მდებარე Straw Hat Café-ს ვირტუალურად ხილვა შეგიძლიათ, რომელიც მუზეუმში ერთადერთი ადგილია, სადაც ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი