ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ანდრო ერაძე თანამედროვე ქართული სახელოვნებო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს. მისი შემოქმედება ხშირად დაკავშირებულია ისეთ დროსა და სივრცეზე დაფუძნებულ ნამუშევრებთან, როგორებიცაა ვიდეო, ფოტო, ინსტალაცია და ქუჩის ხელოვნება. ანდროს ნამუშევრები მითიურსა და დოკუმენტურ სამყაროს შორის არსებობს, რაც ქმნის ილუზიას, რომელშიც ლოგიკა დარღვეულია და არსებული ფაქტებით ყურადღება ჩვენ მიერ საგნების წვდომის შესაძლებლობებზე თუ კონკრეტული ნარატივის გაღვივებაზე მახვილდება. ხელოვანის პირველი პერსონალური გამოფენა - Fireworks ღამით მრავალფერად აფეთქებულ ცის ფოტოსურათებს წარმოადგენდა, რომლებიც ჩამსხვრეულ მინებში ჩასმულები ისეთ ეფექტს ქმნიდნენ, თითქოს ფოტოდან ხმაურიანმა ფეიერვერკებმა ამოხეთქეს. ანდრო მისი შემოქმედებით თხრობის ახალ ფორმებს ქმნის, რომლებშიც ხშირად ადამიანთა ფიზიკური არსებობა გამქრალია, თუმცა შესაძლებელია თვალი ვადევნოთ მის ზემოქმედებასა და გავლენებს. ამ თემას ეხმიანება ანდროს ახალი ნამუშევარი - All Hands Bury the Dead / ყველას ხელი მარხავს მკვდარს, რომელიც Kunsthalle Tbilisi-ის ფარგლებში შეიქმნა, ონლაინ გამოფენა კი მაისის ბოლომდე გრძელდება. არტისტისა და მისი შემოქმედების უკეთ გასაცნობად, ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვან ანდრო ერაძესთან.
რას ნიშნავს შენთვის ფოტოხელოვნება და რით გამოირჩევა იგი, როგორც მედიუმი?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ფოტოგრაფიის ენა, როგორც გამოხატვის ფორმა, ამაზე დაზუსტებით ლაპარაკი გამიჭირდება, რადგან მგონია, რომ საბოლოო ჯამში ის, რაც გამოარჩევს მას, მისი გადმოცემის არავერბალური ნაწილია, სადაც სამეტყველო მასალა დრო და სივრცე ხდება. საინტერესოა, როგორ შეიძლება გამოიყენო დროის კონკრეტული მონაკვეთი საკუთარი მეტყველების ნაწილად და მისცე მას მიმართულება. ამ დარგის უნარია დაიჭიროს კამერის წინ არსებული ხდომილება დროის დახმარებით, რომელიც მისი დაფიქსირების შემდეგ აღარ არასებობს და ერთადერთი დოკუმენტი, რაც რჩება, არის მისი ანარეკლი გამოსახულებაში. ალბათ, ესაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც დავინტერესდი ფოტოგრაფიით.
როდის და რატომ დაინტერესდი პირველად მოძრავი სურათით. რა იყო შენი შთაგონების წყარო, როდესაც ვიდეოზე მუშაობას იწყებდი?
აქაც რთულია რაიმე კონკრეტული მოცემულობის გახსენება. მგონია, რომ თუ გარკვეულ პროცესში შედიხარ, “პირველად მომხდარის” ათვლის წერტილი ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მოვლენები ერთმანეთს ბუნებრივად ებმიან. ალბათ ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი პროცესში ყოფნის, რომ ერთი მდგომარეობა ბიძგს აძლევს მეორეს და ასე გრძელდება უსასრულოდ. რაც შეეხება მოძრავ სურათს თუ ვიდეო გამოსახულებას, ვთვლი, რომ ჩემს ნამუშევრებთან მიმართებაში დიდ როლს ასრულებს კინემატოგრაფი. ეს არის ის ძირითადი შთაგონების წყარო, რომელიც მუდმივად მაოცებს და რომელშიც ულევ სააზროვნო მასალას თუ ემოციას ვპოულობ.
რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო, რომლითაც რეალურსა და მითიურ შორის მოქცეულ სამყაროს ქმნი, სადაც ადამიანთა ფიზიკური არსებობის კვალი გამქრალია, თუმცა ამავდროულად, მათი ზემოქმედებისა და გავლენების დაკვირვება შესაძლებელია?
სულ მქონდა გარკვეული მიჯაჭვულობის განცდა განსაზღვრული ადგილების მიმართ, სადაც ადამიანი შეიძლება ფიზიკურად არ ჩანდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი თანდასწრება ან კვალი იგრძნობა. ამ შეგრძნების უფრო მეტად გაღრმავების მცდელობებია ჩემს ბოლო ნამუშევრებში, სადაც პრინციპში ეს მოტივი იშლება და გამოსახულების მთავარ ღერძად იქცევა. ალბათ მცდელობა, რომ კონკრეტული გარემო პირობითი გახადო და ამ პრინციპით შექმნა ნამუშევარი, უკვე გარკვეულწილად მას მითოლოგიურ ელემენტს ანიჭებს, რაც გულისხმობს მის განზოგადებას და სახე ხატად, იმიჯად ქცევას. გამოსახულების ესეთი ფორმატით გამოყენება იძლევა შესაძლებლობას, რომ ხელშესახები ადგილები აქციო პირობით ტერიტორიად, სადაც დარღვეულია ამ სივრცის კონკრეტიკა.
არსებობს თუ არა კონკრეტული თემები, რომლებსაც განზრახ თუ ინტუიციურად ხშირად უბრუნდები?
მჯერა, რომ ადამიანის დამოკიდებულება ადამიანებისადმი, გარკვეული მოვლენების, საგნების თუ სამყაროს მიმართ დიდი ხნით ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, იქამდე სანამ ამის ანალიზს მოვახდენთ, და გარკვეულ მიმართულებას თუ ფორმას მივცემთ, ამიტომ ალბათ თემებისადმი ინტერესი ჯაჭვური პრინციპით ებმის ერთმანეთს და რთულია ზღვარი გაავლო განზრახ მიმართებასა და ინტუიციურს შორის.
ანდრო ერაძე, All Hands Bury The Dead 2019, HD 13:41
რა არის ის ძირითადი იდეა და გზავნილი, რომელსაც Kunsthalle Tbiilsi-ის ფარგლებში შექმნილი ვიდეო All Hands Bury the Dead გამოხატავს?
მთავარი ინტერესი, რაც მუშაობის დროს მქონდა, უკავშირდება იმ სურვილს, რომ ამესახა გარკვეული სივრცე ადამიანის თანდასწრების გარეშე და ამით მიმეცა ავტონომიურობა მოცემულობისთვის, სადაც ჩვენ არ ვართ, მაგრამ ვიგულისხმებით მის ნაწილად. ვიდეოს პირველ ფრაგმენტში ისმის ხმა, სადაც ადამიანი ტოვებს ტყეს და ამის შემდეგ გამოსახულება რჩება ცარიელ წერტილში, სადაც სიმარტოვე ხდება დაკვირვების საგანი. რა თქმა უნდა, აქ არ მქონდა სურვილი იმისა, რომ ასახულიყო ტყის მდგომარეობა, როგორც ობიექტური ან ჭეშმარიტი მოცემულობა, არამედ წარმომედგინა მისი სამეტყველო ენა და მეცადა მისი ასახვა, როგორც ცალკეული ცოცხალი ორგანიზმის. ამას თან დაერთო სურვილი, რომ გამეერთიანებინა იმ კავშირების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს გააჩნია ბუნებასთან, რამაც შექმნა მიზანსცენა, სადაც ბუჩქები და სახლი საერთო ლანდშაფტის ნაწილი ხდებიან და ქმნიან ერთ მთლიანობას. All Hands Bury the Dead / ყველას ხელი მარხავს მკვდარს - ეს საზღვაო რიტუალის ტერმინია, როდესაც გემზე მეზღვაური კვდება, მთელი ფლოტი დაკრძალვის ცერემონიას ატარებს, სადაც რამდენიმე მათგანი ფიზიკურად უშვებს გარდაცვლილის სხეულს ზღვაში, მაგრამ ამ რიტუალის მთავარი პრინციპი მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ისაა, რომ ყველას ჩართულობა თანაბარია განურჩევლად მათი ფიზიკური აქტივობისა დასაფლავებისას. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო პარალელი, რატომაც მომინდა, რომ ფილმისთვის ეს სათაური მიმეცა. მგონია, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ირიბად ვმონაწილეობთ ისეთ პროცესებში, რომლებიც ბუნებასთან გვაუცხოებს და ამის საპირისპიროდ გამიჩნდა სურვილი, რომ შემექმნა იმიჯი, სადაც ეს ორი მოცემულობა, როგორიცაა ბუნების და ადამიანის ურთიერთობა, ერთობლიობას შექმნიდა.
ანდრო ერაძე, All Hands Bury The Dead 2019, HD 13:41, ვიდეო შექმნილია კუნსტჰალე თბილისის მხარდაჭერით.
რა ემოცია გინდა იგრძნოს დამთვალიერებელმა, რომელიც შენს ამ ნამუშევარს ნახავს?
ვერ ვიტყვი, რომ განსაზღვრული მაქვს რა ემოცია შეიძლება გამოიწვიოს მაყურებელში ჩემმა ნამუშევრებმა. ხშირ შემთხვევაში, პირიქით, უფრო საინტერესოა, როდესაც ნამუშევარი ახერხებს და მნახველში აღძრავს პირად გამოცდილებას, რისი გავლითაც მაყურებლის ინტერპრეტაცია შეიძლება გახდეს აღქმის მთავარი წერტილი.
დღეს, როდესაც თითქმის ყველაფერი ონლაინ სივრცეზე ადაპტირდა, როგორ განვითარებას უწინასწარმეტყველებდი ხელოვნების და მისი ნამუშევრების პრეზენტაციის ფორმას (თუნდაც ამ ნამუშევრის პრეზენტაციაც ხომ ონლაინ რეჟიმში გაიმართა)?
უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული ნამუშევარი მხარდაჭერილია კუნსტჰალე თბილისის / Kunsthalle Tbilisi მიერ და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ნამუშევრის ჩვენებაც ონლაინ გადავწყვიტეთ. საინტერესო ისაა, რომ კუნსტჰალეს ჯერჯერობით არ აქვს განსაზღვრული ერთი კონკრეტული სივრცე, სადაც გამოფენები ჩატარდება და მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ონლაინ დაიდო, მაინც ვფიქრობთ, მის ჩვენებაზე ფიზიკურ სივრცეში და ამაზე ერთობლივად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ონლაინში გადანაცვლება გარკვეულწილად ცვლის ნამუშევრის ინტენსივობას, მაგრამ მეორე მხრივ, მგონია, რომ საინტერესო პრაქტიკაა, რადგან ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად ის, რომ უფრო მეტი ადამიანი ნახულობს ნამუშევარს, ვიდრე ეს რეალურ გამოფენაზე ხდება, თუმცა მგონია, რომ სიცოცხლეში გამოფენის ნახვას მაინც ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ სივრცეზე ადაპტირება. ჩვენებაზე დასწრება სხვა ტიპის გამოცდილებაა, სადაც ყურების რეჟიმი კოლექტიურია, უფრო დახვეწილი ფორმა ეძლევა პროექციას, რომელსაც ადამიანების ჯგუფი ერთად უყურებს. პრინციპში ეს არ ვრცელდება მხოლოდ ვიდეო გამოსახულებაზე, იგივე შემიძლია ვთქვა ნებისმიერ სხვა სახელოვნებო დარგზეც.
ინსტალაციის ხედი/ Chaos Concept Store/ Fireworks/ 2016
ყველაზე მეტად რა გხიბლავს საკუთარ პროფესიაში?
არასდროს არ მიფიქრია ამაზე, მთავარი და გადამწყვეტი მომენტი ისაა, რომ არსებობდეს უპირობო აუცილებლობა კეთების, შექმნის, რომელიც დღემდე არ ვიცი კონკრეტულად საიდან მოდის. მეორე მხარეა უკვე ამის კონტროლი და მიმართულების მიცემა. მნიშვნელოვანია ალბათ ისიც, რომ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას მაქვს თავისუფლება და ეს ის ტერიტორიაა, სადაც მხოლოდ მე ვხვდები, როგორ უნდა ვიმოქმედო ყოველგვარი გარეფაქტორების გარეშე.
დაწერე კომენტარი