თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მოდის ფოტოგრაფი მარიო ტესტინო თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ისეთ საერთაშორისო ჟურნალებთან და მოდის სახლებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Vogue, V Magazine, Vanity Fair, Gucci, Burberry, Versace, Michael Kors, Chanel, Estee Lauder და Dolce & Gabbana. ამასთანავე ტესტინო თავისი 40-წლიანი ფოტოგრაფიული კარიერის პარალელურად, სხვადასხვა დროს შემოქმედებითი დირექტორი, მუზეუმის დამფუძნებელი და რედაქტორიც ყოფილა. 2007 წელს მან ლონდონში საკუთარი კომპანია Mariotestino+ დააარსა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პერუში დაბადებულმა მარიო ტესტინომ 1976 წელს მშობლიური ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ჯონ ვიქერსის და პოლ ნუგენტის სტუდიაში სწავლობდა. პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შთაგონებულმა თავისი კარიერა ბრიტანული ვოგისთვის გადაღებული ფოტოთი დაიწყო, რომელზეც სტილისტ ლუსინდა ჩემბერის ვარცხნილობა იყო გამოსახული. 90-იანი წლების დასაწყისში ტესტინო პერიოდულად, განსაკუთრებით კი ზაფხულობით, პერუში ბრუნდებოდა და შთაგონებას, რომელიც ევროპული კულტურისთვის ახალი და განსხვავებული იყო, ხშირად სამხრეთ ამერიკაში ეძებდა. "მე ვამჩნევ ჩემი საქმიანობის ევოლუციას, ვცდილობ, რომ ჩემი ახალგაზრდობის წლები ფოტოებში გავაცოცხლო", - ამბობდა ტესტინო.
ტესტინოს შთაგონება კი, რომელიც ხელოვანის შემოქმედებაში გენდერულ როლებს არღვევს და მასკულინურისა და ფემინურის სინთეზს წარმოადგენს, ამასთან ხაზს უსვამს ადამიანის სექსუალობას და მგრძნობელობას. ტესტინო გამორჩეულია იმითაც, რომ თავისი ექსტრაორდინალური გზებით ადამიანის ცხოვრების ყველაზე ღია, სპონტანურ და ინტიმურ მომენტებს აღწერს. ის ამასთანავე ცნობილი ვარსკვლავების, სუპერმოდელების და არტისტების ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
ჩვენი დროის ჯონ სინგერ სარჯენტი - ეს ზედმეტსახელი ლონდონის ეროვნული გალერიის კურატორმა პერენს პეპერმა შეარქვა მარიო ტესტინოს, რომლის 2002 წელს მოწყობილ გამოფენაზე გალერიის ისტორიაში დამთვალიერებლის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ტესტინოს არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი და სუპერმოდელი გადაუღია. ცნობილია, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუზა სუპერმოდელი ქეით მოსია, თუმცა, როგორც თავად ტესტინო ამბობს, მის მიერ აქამდე შექმნილ პროექტებს შორის განსაკუთრებული 1997 წელს Vanity Fair-ისთვის გადაღებული პრინცესა დაიანას ფოტოსურათები იყო.
"პრინცესა დაიანას გადაღება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს გადაღება თავისთავად განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ დაიანამ მთლიანად გამიღო კარი და შემიშვა მის სამყაროში", - ამბობს მარიო ტესტინო. ფოტოგრაფმა მაშინ სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც გადაიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე სწორედ დაიანამ მოახდინა.
ასეთივე მნიშვნელოვანი და ეპოქის კულტურული ცხოვრების ამსახველი ფოტოები ტესტინოს არქივში მრავლად მოიძებნება, ამიტომაც ალბათ გასაკვირი არ არის ის უამრავი პერსონალური გამოფენა, რომელიც ფოტოგრაფს მსოფლიოს უამრავი ქალაქის, მათ შორის პარიზის, ლონდონის, მადრიდის, ამსტერდამის, ტოკიოსა და ნიუ-იორკის ყველაზე მნიშვნელოვან გალერეებში გაუმართავს, თუმცა მისი გალერეებთან და მუზეუმებთან ურთიერთობა მხოლოდ ფოტოგრაფიით არ შემოიფარგლება. გარდა ფოტოგრაფიისა, ცნობილია მისი თანამედროვე ხელოვნებისადმი ინტერესიც.
"ფოტოგრაფია ჩემთვის ტექნიკური საშუალებაა იმისათვის, რომ მომენტი აღვბეჭდო, ვიმოგზაურო უცხო ადგილებში, შევხვდე უცნობ ადამიანებს... ხელოვნება კი მოულოდნელი აღმოჩენების პროცესია, ხელოვნების დანიშნულება არ არის მხოლოდ თეთრ კუბში იზოლირებული გამოსახულების ჩვენება, ეს არის ნამუშევართან, ზოგჯერ ხელოვანთანაც კი დიალოგში ჩართვა იმისთვის, რომ რაღაც ახალი შექმნა", - ამბობს ტესტინო. დიალოგი, რომელზეც ტესტინო საუბრობს, თავად ისეთ არტისტებთან კოლაბორაციით შექმნა, როგორებიც კიტ ჰარინგი, ვიკ მუნისი და ჯულიან შნებელი არიან.
დაწერე კომენტარი