მსოფლიო პანდემიის გამო მილანის წლევანდელი ზაფხულის მოდის კვირეული დიგიტალურად ჩატარდება. ვირტუალური შოუს მოწყობის გადაწყვეტილება მოდის კომპანიების დასახმარებლად მიიღეს, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო მომხმარებლებთან ურთიერთობა არ შეეწყვიტათ. ინიციატივა იტალიელი დიზაინერების მხარდაჭერასა და მათი სათქმელის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას ისახავს მიზანად.
Camera Nazionale della Moda Italiana-ს (CNMI) განცხადებით, კვირეულზე, სახელწოდებით - Milano Fashion Week Digital, მამაკაცისა და ქალის პრეკოლექციები, ასევე, მხოლოდ მამაკაცის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც იქნება ნაჩვენები.
შოუ ვირტუალურ პანელებსა და შოურუმებსაც მოიცავს. იგი თითოეული დიზაინერის განსაზღვრულ ფორმატს, ფოტოებსა და ვიდეომასალებს ონლაინ რეჟიმში წარმოგვიდგენს. ეს შესაძლებლობების არეალს ზრდის და მონაწილეებს საშუალებას აძლევს კოლექციები მეტად კრეატიულად წარმოგვიდგინონ. მაგალითად, ფილმის, ინტერვიუს სახით ან სცენის მიღმა, ანუ კულისების კადრების პრეზენტაციით და ა.შ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი დიზაინერებიც, რომლებიც უფრო მეტად ტრადიციულ ჩვენებებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად, ერმენეჯილდო ზენა.
CNMI-ის პროექტი შანხაისა და ჰელსინკში გამართული ვირტუალური მოდის კვირეულის ნაკვალევს მიჰყვება და ფაქტობრივად, მათგან ნასწავლით ხელმძღვანელობს. იგი 14-დან 17 ივლისამდე თავის ვებსაიტსა და სხვადასხვა სოცპლატფორმებზე იტალიური მოდის “შეტყობინებებს” მოგვაწვდის.
CNMI-ის პრეზიდენტის, კარლო კაპასას აზრით, ვირტუალურმა მოდის კვირეულებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ის რეალური, ანუ ფიზიკური მოდის ჩვენებები, რომლებიც ამ წლის სექტემბერშია ჩანიშნული.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მილანის ივლისის ჩვენებები ვირტუალურადაა დაგეგმილი, სწორედ ჩვენი დროის მსოფლიო ეკონომიკური არასტაბილურობაა. როგორც წესი, ზაფხულის ეს დრო დიდი გაყიდვების პერიოდია, რომელიც კიდევ უფრო დიდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს ჩვენს ამჟამინდელ პანდემიურ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველივე ეს სექტემბრის ჩვენებების მოსამზადებლადაცაა საჭირო.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ სეზონზე დიზაინერების უმრავლესობა მცირე კოლექციებს შემოგვთავაზებს. კორონავირუსის გამო დაკეტილი ქარხნებისა და დროის სიმცირის გათვალისწინებით, ეს ფაქტი აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ რაოდენობრივი სიმცირე კოლექციების დეფექტებს ან მათ ნაკლოვანებას ნამდვილად არ უსვამს ხაზს.
დაწერე კომენტარი