“8000 მოსავალი” დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი ქართული ღვინის მაღაზიათა ქსელია, რომელიც 295 საოჯახო, მცირე და ინდუსტრიული მეღვინეობის 1124 დასახელების ღვინოს სთავაზობს მის მომხმარებელს. მისია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს და შეიყვაროს კარგი ქართული ღვინო, “8000 მოსავლის” განმსაზღვრელი ნაწილია, რამაც ბოთლის ღვინოს დაგემოვნებასა და მის მიმართ განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
Hammock Magazine სტარტაპერთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს “8000 მოსავლის” თანადამფუძნებელ ირაკლი ჩხაიძესთან, რომელიც კომპანიის კრიზისული პერიოდის გამოწვევებსა და მის ალტერნატიულ გეგმაზე გვესაუბრება.
რა გამოწვევების წინაშე იდექით მაშინ, როდესაც ამ საქმეს იწყებდით?
სირთულეს თავიდანვე ბოთლის ღვინისადმი გაურკვეველი დამოკიდებულება წარმოადგენდა, თუმცა დღეს სიტუაცია ბევრად შეცვლილია და დახვეწილია მიდგომაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი პროდუქტი იყო ბაზარზე, მაინც მოვახერხეთ ის, რომ ისეთი ადამიანები დაგვეინტერესებინა და აგვენთო, რომელთაც თავის დროზე არანაირი კავშირი და ემოცია არ ჰქონდათ ქართულ ბოთლის ღვინოსთან. საწყის ეტაპზე დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა, რომ იქამდე მივსულიყავით, რაც დღეს “8000 მოსავლის” ცნობადობასა და ბრენდის მიმართ დადებით განწყობაში გამოიხატება.
რას გულისხმობს “8000 მოსავლის” კონცეფცია?
ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება ამ მისიიდან გამომდინარეობდა, რომელიც კონცეფციის ჩამოყალიბებაში გვეხმარებოდა. შემდგომში ამ გადაწყვეტილებებმა დაგვანახვა მიმართულება, თუ როგორ უნდა გაგვეზიარებინა ქართველი საზოგადოებისთვის ბოთლის ღვინის სმის კულტურა. როგორც გითხარით, როდესაც ჩვენ ვიწყებდით, საქართველოში ბოთლის ღვინო პოპულარული არ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაღაზია ქალაქის ურბანულ ნაწილში გაგვეხსნა და არა ტურისტულში და ჩვენი მისიის შესრულება ადგილობრივი მოსახლეობით დაგვეწყო. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ნებისმიერ ღვინოს გაევლო დეგუსტაცია და ისე გადაგვეწყვიტა მისი ჩვენს თაროზე მოხვედრის საკითხი. შესაბამისად, შევქმენით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, რომელთა შეფასებების გათვალისწინებითაც წყდება დღემდე კონკრეტული ღვინის არსებობა-არარსებობა ჩვენს ქსელში.
“8000 მოსავალი” თავიდანვე ფოკუსირებული იყო ქართულ ღვინოზე, რის გამოც არ გვსურდა არანაირი სხვა ალკოჰოლური სასმელის ჩვენს მაღაზიაში გაყიდვა. გვინდოდა, რომ პირველი ასოციაცია ჩვენს მაღაზიასთან სწორედ ღვინო ყოფილიყო და ყველაფერი ამისთვის მიგვეძღვნა. აქედან იყო განპირობებული ისიც, რომ ცხელი საკვები არ გვაქვს, რადგან ღვინოა დომინანტი და სხვა დანარჩენი მასთან მისაყოლებელი.
ასევე შევთანხმდით ფასზე, რომ ბარში ღვინოს სტუმარი მიირთმევდა მაღაზიის თაროს ფასით, რამაც უფრო ხელმისაწვდომი გახადა ბოთლის ღვინო ჩვენი სტუმრებისთვის. დღეს უკვე 295 სხვადასხვა საოჯახო, მცირე თუ ინდუსტრიული მეღვინეობის 1124 დასახელებას ვყიდით, რომელთა შორისაც თითოეულს თავისი ხასიათი აქვს.
როგორ დაახასიათებდით ადამიანს, რომელიც “8000 მოსავლის” მუდმივი მომხმარებელია?
ჩვენ ვერ ვყოფთ ჩვენს სტუმრებს ასაკის, შემოსავლების და სქესის მიხედვით, რადგან ყველა ასაკის ადამიანს ვხვდებით, ქალების და კაცების სტუმრობაც 50-50%-ზე იყოფა. ბოთლის ღვინის ფასი 8 ლარიდან იწყება და შესაბამისად, არ არის აუცილებელი დიდი ბიუჯეტი იმისთვის, რომ ჩვენი სტუმარი გახდეთ. ამიტომ გვერდი-გვერდ მაგიდაზე შეიძლება ნახოთ როგორც სტუდენტი, ისე, პირობითად, მაღალი შემოსავლის მქონე სტუმარიც. თუმცა, მგონია, რომ “8000 მოსავალის” სტუმრებს ახასიათებთ ალბათ ცნობისმოყვარეობა და ახლის ძიების სურვილი.
რა გავლენა იქონია 8000 მოსავალზე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და როგორ ადაპტირდით ახალ ალტერნატიულ რეალობაში?
რეალურად ჩვენ უფრო ემოციას ვყიდით, რის გამოც გადართულები ვიყავით იმაზე, რომ მოგვეწყო ისეთი სივრცე, რომლის დატოვების შემდგომაც ადამიანებს კვლავ მოსვლის სურვილი გაუჩნდებოდათ ან კარგი ღვინის დაგემოვნება თუ მოუნდებოდათ, ჩვენ გავახსენდებოდით. ამ ვითარებაში, როდესაც უცებ ვირტუალურ სამყაროში აღმოვჩნდით, ამგვარი ემოციების გადაცემა ბევრად რთული პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ, რადგან “8000 მოსავალს” გარკვეული ცნობადობა უკვე აქვს, შედარებით გამარტივდა ონლაინ გაყიდვებიც. მარტში, როდესაც უამრავმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, თვითიზოლაციის რეკომენდაციები და სხვადასხვა რეგულაცია დაწესდა, გადავწყვიტეთ, გარკვეული პერიოდი არ გვეაქტიურა კომუნიკაციის მხრივ და დაგვეცადა, სანამ ჩვენი საზოგადოება დამშვიდდებოდა. ეს პერიოდი კი ჩვენთვის გამოვიყენეთ და განვაახლეთ მანამდე უკვე შექმნილი ჩვენი ვებგვერდი. დავამატეთ ონლაინ სომელიეს ფუნქცია, რომელიც მარტივად მიმოწერის ან სატელეფონო ზარით მომხმარებელს მისთვის სასურველი ღვინის შერჩევაში ეხმარება. გარდა ამისა, 130-მდე ღვინოზე სხვადასხვა ფასდაკლება შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ერთი თვით უფასო მიტანის სერვისსაც დავპირდით. დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდება და ცალკე გამოვყავით საოჯახო მარნები, რომლის მიზანიც იყო მათი ღვინოების გაყიდვების გაზრდა, რადგან ის ფული, რაც ღვინოში იხარჯებოდა, რაიონებისკენ და სოფლებისკენ მიგვემართა.
როგორ შეიცვალა თქვენი სამომავლო გეგმები?
ცალსახად გამოიკვეთა ის, რომ ჩვენ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით აუცილებლად განვვითარდებით, გავიზრდებით და ჩვენი ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდება, თუმცა მისია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განმსაზღვრელია.
დაწერე კომენტარი