მექსიკელი არქიტექტორი და ინჟინერი ლუის ბარაგანი დაიბადა 1902 წელს გვადალახარაში, მექსიკაში. მისი შემოქმედება თანამედროვე არქიტექტურაზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს. ის სივრცეს, ფერს და სინათლეს იშვიათი ოსტატობით იყენებდა. მისმა მშვიდმა და მომხიბვლელმა არქიტექტურამ 1980 წელს მას პრიცკერის პრემიაც მოაპოვებინა.
ძალიან ცოტა არქიტექტორს თუ აქვს ისეთი დამახასიათებელი სტილი – როგორიც ლუის ბარაგანს. მას სჯეროდა, რომ იდეალურ სივრცეს, რომელსაც არქიტექტორი მოაწყობდა, უნდა ჰქონოდა მაგიური, ჯადოსნური ელემენტები, მისი პროექტებიც ნამდვილად ასეთი გამოდიოდა – სურეალისტური. როგორც თავად ამბობდა, მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ ფილოსოფოსები, მხატვრები და პოეტები. ლუის ბარაგანი კარგად იცნობდა ფრანგი არტისტის და ლანდშაფტის დიზაინერის, ფერდინანდ ბაქის და არქიტექტორ ლე კორბუზიეს შემოქმედებას, მის ნამუშევრებში მათი გავლენაც საკმაოდ იგრძნობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბარაგანი ევროპაში მოგზაურობისას აღფრთოვანებული იყო მოდერნისტული არქიტექტურით, მექსიკაში დაბრუნების შემდეგ მისი შემოქმედებაში არცერთი მოდერნისტი არქიტექტორის გავლენა არ იგრძნობა. ლუის ბარაგანის შენობები სინთეზია მინიმალიზმისა და მექსიკური ხასიათისა – მკვეთრი ფერებისა და გრანდიოზულობისა.
გარემოს მანიპულირებით, განათების და ჩრდილის გამოყენებით მისი პროექტები შთამბეჭდავია მნახველისთვის. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მის იდეალებს კარგად ასახავს, არის San Cristóbal Estates (Cuadra San Cristóbal). ვარდისფერი კედლებით ცნობილ შენობაში ამჟამად გალერეაა და ღიაა დამთვალიერებლებისთვის. პროექტში არქიტექტურასთან ერთად, აღსანიშნავია ლანდშაფტის დიზაინიც, ასევე იგრძნობა არქიტექტორის გატაცებაც ცხენოსნობით – შენობას ორი დიდი აუზი აქვს – ადამიანებისთვის და ცხენებისთვის. ცხენები თავიანთ აუზზე ვარდისფერ კედელში ფართოდ გამოჭრილი ღიობიდან შედიან, რაც ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის. ეს ვარდისფერი ბოგინვილივის ფერია, სხვა ფერებიც ისეა შერჩეული, რომ ძლიერი კონტრასტი შექმნან მწვანე მცენარეებთან.
ასევე აღსანიშნავია Gilardi House – არქიტექტორის ბოლო პროექტი, რომელიც მის სიცოცხლეშივე დასრულდა. ეს უნდა ყოფილიყო სახლი წვეულებებისთვის, ორი 30 წლამდე მამაკაცისთვის – პანჩო გილარდისა და მარტინ ლუკესთვის. ბარაგანი უკვე აღარ მუშაობდა პროექტებზე, როდესაც ეს შეკვეთა შესთავაზეს და უარი განაცხადა მის დაპროექტებაზე, სანამ საპროექტო ტერიტორიას ნახავდა, სადაც ულამაზესი ჟაკარანდას ხე იდგა. არქიტექტორმა დამკვეთებს უთხრა, რომ პროექტს იმ შემთხვევაში მოჰკიდებდა ხელს, თუ ხეს შეინარჩუნებდნენ და სახლი მის გარშემო აშენდებოდა. სახლის ფერების შთაგონება მექსიკელი მხატვრის – ხესუს რეიეს ფერეირას მხატვრობა იყო, რომელშიც ასევე ჭარბობს ვარდისფერი. სახლს რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადაღებვა სჭირდება თავდაპირველი ფერების შესანარჩუნებლად.
არქიტექტორის საცხოვრებელ სახლშიც – Casa Barragan-შიც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშენდა, გვხვდება მისთვის დამახასიათებელი ვარდისფერი კედლები. სახლში დღეს მუზეუმია და 2004 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. ბარაგანი გარდაცვალებამდე ამ სახლში ცხოვრობდა.
მიუხედავად ლე კორბუზიეს გავლენისა, ბარაგანი არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებას, რომ სახლი საცხოვრებელი მანქანაა და მისი ფუნქციურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სილამაზე. ყველაზე უხერხულად თავს არქიტექტორების გარემოცვაში გრძნობდა, რადგან მათ დოგმებს ეწინააღმდეგებოდა. როგორც ამბობენ, მას არც ის ამპარტავნება ახასიათებდა, რომელიც თავის სფეროში ასეთი გავრცელებული იყო.
დაწერე კომენტარი