Ai Weiwei: Never Sorry (2012)
Alison Klayman
Ai Weiwei: Never Sorry პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია თანამედროვე ჩინელი ხელოვანისა და აქტივისტის, აი ვეივეის შესახებ, რომელიც ჩინეთის რეპრესიული პოლიტიკური სისტემის შეცვლას ცდილობს. აი ვეივეის სახელი არა მხოლოდ ხელოვნების მოყვარულთა წრეში სმენიათ, თუმცა მისი ასეთი პოპულარობა თუ საკულტო აღიარება მსოფლიოში ბევრისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია. მის შემოქმედებაში გარკვევის შესაძლებლობას კი ფილმი აუცილებლად მოგცემთ. ეს არის ისტორია დისიდენტ ხელოვანზე, რომელიც პოლიტიკისა და ხელოვნების საზღვრებს შლის და აკრძალვების მიუხედავად, მაინც აგრძელებს თავისი ხელოვნებით მასობრივი აუდიტორიის შთაგონებას და მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებას. ამის საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ აი ვეივეის 81-დღიანი და შემდეგ ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. ეს არტ-დოკუმენტური ფილმი მათთვისაც საინტერესო იქნება, ვინც აღნიშნული ჟანრით ნაკლებადაა დაინტერესებული.
Abstract: The Art of Design (2017 - )
ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალი Abstract: The Art of Design დიზაინის სხვადასხვა დარგს მოიცავს. მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს დიზაინის მრავალფეროვან დისციპლინებს, იმოგზაუროს ინოვაციური არტისტების გონებაში და შეიტყოს, თუ როგორ მოქმედებს დიზაინი ცხოვრების ყველა ასპექტზე. სერიები ეთმობა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებს, როგორიცაა ფოტოგრაფია, ილუსტრირება, გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურა, ავტომანქანის, ინტერიერის, სცენის, კოსტიუმებისა თუ შრიფტის დიზაინი და სხვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სერიების უფასოდ ნახვა შეზღუდული დროით ნეტფლიქსის Youtube არხზეა შესაძლებელი.
MARINA ABRAMOVIC: THE ARTIST IS PRESENT (2012)
Matthew Akers, Jeff Dupre
დოკუმენტური ფილმი Marina Abramovic: the Artist Is Present თვალს ადევნებს ცნობილი სერბი პერფორმანს-არტისტის მარინა აბრამოვიჩის მზადებას მისი მთავარი რეტროსპექტივისთვის, რომელიც ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. აბრამოვიჩი აღნიშნულ პერფორმანსზე 7 საათზე მეტხანს, ყოველდღე, სამი თვის განმავლობაში, საკვებისა და წყლის გარეშე, მის წინ მჯდომ დამთვალიერებელს თვალებში უმზერდა. საკუთარი სხეულის მედიუმად გამოყენება, ფიზიკური და მენტალური საზღვრების გამოცდა, ჯანმრთელობის გარისკვა ხელოვნებისთვის მარინა აბრამოვიჩის ხელწერისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანი ავტორსა და პუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობათა სისტემას იკვლევს.
Yarn (2016)
Una Lorenzen
დამეთანხმებით, რომ “ძაფი” სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის არც ისე ეფექტური თემაა მაყურებლის მოსაზიდად. თუმცა ამ მატერიამ დაამტკიცა, რომ მას ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, როცა ხელოვანის ხელში ხვდება. ფილმი Yarn მოგვითხრობს საერთაშორისო ხელოვანების - აგატა ოლეკსიაკის, იგივე Olek-ის, თინა თორუდოთირ თორვალდარის, ტოშიკო ჰორიუჩი მაკადამისა და ტილდე ბიორფორსის მიერ ძაფის გორგლებისგან შექმნილ არაორდინარულ ისტორიებსა თუ პროვოკაციულ იდეებზე, და ვრწმუნდებით, რომ ნებისმიერ მარტივ ხელობას აქვს უმაღლეს ხელოვნებად ქცევის პოტენციალი.
Saving Banksy (2017)
Colin M. Day
განსხვავებით დოკუმენტური ფილმისა - Exit through the Gift Shop - რომელიც ცნობილი ბრისტოლელი სტრიტ არტისტის გაბედულ ხელოვნებაზეა ფოკუსირებული, Saving Banksy მოგვითხრობს ერთი ადამიანის მცდელობას გადაარჩინოს სან-ფრანცისკო აუქციონზე გაყიდვას. მსოფლიოში ცნობილმა სტრიტ არტისტმა Banksy-იმ 2010 წელს ქალაქ სან-ფრანცისკოში თავისი კვალი დატოვა. ის ალბათ ნაკლებად ელოდა, რომ მისთვის ჩვეულ “ვანდალიზმს” მოვლენათა ასეთი განვითარება მოჰყვებოდა. ფილმში ნაჩვენებია გალერისტებისა თუ შენობის მეპატრონეების მცდელობა დაისაკუთრონ Banksy-ის “ვირთხა”, რის გამოც სან-ფრანცისკოს სტრიტ არტს კედლებიდან ჭრიან და მუზეუმში ათავსებენ.
GERHARD RICHTER PAINTING (2011)
Corinna Belz
ეს არის დოკუმენტური ფილმი გერმანელ მხატვარ გერჰარდ რიხტერზე, ხელოვანზე, რომელიც ათწლეულები ერიდებოდა მედიასთან ურთიერთობას. ის პირველად 2007 წლის ფილმში, Gerhard Richter’s Window-ში გამოჩნდა, რასაც 2011 წლის დოკუმენტური ფილმი - Gerhard Richter Painting მოჰყვა, რომელიც მხატვრის საიდუმლოებით მოცულ შემოქმედებით პროცესს გვიჩვენებს. ფილმში ასევე ნახავთ იშვიათ საარქივო მასალას, რიხტერის ინტიმურ საუბრებს კრიტიკოსებთან, თანამშრომლებთან თუ გალერისტებთან. გარდა ამისა, მაყურებლისთვის ემოციური სანახავია 79 წლის მხატვრის არაორდინარული ტექნიკა, და აღმოჩენა იმისა, რომ გერჰარდ რიხტერის ნახატების ქვეშ მის მიერ დეტალურად შესრულებული “სხვა” ნახატები არსებობს, რომელთა 90% საღებავის შემდგომი დაფარვის შედეგად სამუდამოდ იმალება.
JEAN-MICHEL BASQUIAT: THE RADIANT CHILD (2010)
Tamra Davis
ნიუიორკელმა არტისტმა ჟან-მიშელ ბასკიამ ხელოვანთა სამყაროში 1970-იანი წლების ბოლოს დაიკავა ადგილი. თინეიჯერი სტრიტ არტისტიდან მსოფლიოში აღიარებულ მილიონერ მხატვრად ქცევას სულ რამდენიმე წელიწადი დასჭირდა, თუმცა მან ვერ გააცნობიერა, რომ ამხელა წარმატებას მისი განადგურებაც შეეძლო. ის 1988 წელს, 27 წლის ასაკში, ჰეროინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.
ბასკიას ახლო მეგობარი და რეჟისორი Tamra Davis საარქივო კადრებს თითქმის 20 წელი ეკრანს მიღმა ინახავდა, 2010 წელს კი ის დოკუმენტურ ფილმში, Jean-Michel Basquiat: The Radiant Child-ში საკულტო ხელოვანის არაფორმალურ ინტერვიუებს, ხატვის პროცესის კადრებს, მის საუბრებს მეგობრებთან თუ პარტნიორებთან, ასობით მის ენერგეტიკულ, სიტყვებით შექმნილ ნეო-ექსპრესიონისტულ ტილოებს აერთიანებს, და რაც მთავარია, რეჟისორი იმ კულტურულ კონტექსტს გადმოგვცემს, რომელიც აუცილებელია მათ გასაგებად.
დაწერე კომენტარი