კაცუშიკა ჰოკუსაის ცნობილი ტალღა, რომელიც დღეს იაპონიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ ცვლილებებს, რომელთა მორევშიც მეცხრამეტე საუკუნის ევროპა აღმოჩნდა, როდესაც იაპონიის იზოლაციის დასრულების შემდეგ დასავლეთი ამომავალი მზის ქვეყნის კულტურას ეზიარა. მსოფლიომ გაიცნო და იმთავითვე შეიყვარა იაპონური გრავიურები, როგორც სამყაროს შორეული კუთხის ისტორიის, კულტურის, წეს-ჩვეულებების, ყოველდღიურობის სილამაზის აღქმის უნიკალური მთხრობელი, რომელმაც ევროპული ხელოვნების გეზზე განსაკუთრებული გავლენა იქონია.
გრავირების ტექნიკას ჩინეთში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცნობდნენ. თავდაპირველად გრავიურებს ბუდისტური ტექსტების გასავრცელებლად უმეტესად ბერები იყენებდნენ. იაპონელმა ხელოვანებმა წარმავალი ყოველდღიურობის გრავიურებზე გადმოტანა მეჩვიდმეტე საუკუნიდან - ედოს პერიოდიდან - დაიწყეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა იაპონური გრავიურების ყველაზე ცნობილი ჟანრი - უკიო-ე, რომელიც “მცურავი სამყაროს ნახატებს” ნიშნავს.



იაპონური გრავიურების მთავარი ნიშანი ბრტყელი ფიგურებია. მაშინ, როცა ევროპული ფერწერა ცოცხალი თუ არაცოცხალი ობიექტების სივრცულობის გადმოსაცემად აქტიურად ხვეწდა და იყენებდა ჩრდილების ტექნიკას, რათა ნამუშევარი რეალური ყოფილიყო, იაპონური გრავიურების ოსტატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა  ფორმებს, გამოკვეთილ კონტურებსა და მკვეთრ ფერებს ჰქონდა.



იაპონურმა გრავიურებმა განვითარებისა და პოპულარობის მწვერვალს თავად იაპონიაში მე-18 საუკუნეში მიაღწია. ფერებთან ერთად ნამუშევრების თემების მრავალფეროვნებაც იზრდებოდა; გრავიურებზე  შეხვდებით სუმოს მოჭიდავეებს, იაპონური თეატრის - კაბუკის - მსახიობებს, გეიშებს, მაღალი კლასის საზოგადოების ქალბატონებს. აღნიშნული გრავიურები, გარდა გამორჩეული და დახვეწილი ვიზუალისა, ისტორიისა და კულტურის ერთგვარი სახელმძღვანელოცაა. მათი ცქერისას მნახველი თითქოს დროში მოგზაურობს და ეცნობა სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებს, მათ ჩაცმულობას, ჩვეულებრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაოს, სილამაზის აღქმის თავისებურებებს.



იაპონური გრავიურების დიდი ნაწილი ლანდშაფტებისა და იაპონიის სეზონების სილამაზის დაფასებას ეძღვნება. მათ შორის უპირობოდ გამორჩეულია კაცუშიკა ჰოკუსაის “ფუჯის მთის 36 ხედი”, რომელთა შორისაცაა ცნობილი “კანაგავას დიდი ტალღა”. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კაცუშიკა ჰოკუსაი იაპონური გრავიურების ყველაზე სახელგანთქმული და ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია, რომლის ნამუშევრებსაც, დღეს, ფაქტობრივად, მთელი სამყარო იცნობს. ჰოკუსაისთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრები ეკუთვნის უტაგავა ჰიროშიგესაც. ჰიროშიგეს ნამუშევართა სერია “ტოკაიდოს 53 გაჩერება” ხელოვნების მოყვარულთა შორის დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.



უკიო-ეს მიმართულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თავისებური შუნგა, ანუ ეროტიკული ხასიათის გრავიურებია. აღსანიშნავია, რომ სექსი და სიშიშვლე იაპონიაში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა და არა ტაბუდ, როგორადაც ეს დასავლურ კულტურაში იყო მიჩნეული. გარდა ხელოვნებისა, შუნგას ტიპის გრავიურები სექსუალური განათლებისთვისაც აქტიურად გამოიყენებოდა. 1722 წელს შუნგა იაპონიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკრძალეს, თუმცა ამ აკრძალვამ ეროტიკული ხასიათის გრავიურებისადმი ყურადღება და ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.



იაპონური გრავიურებისადმი ინტერესი მალე ამომავალი მზის ქვეყნის საზღვრებს გასცდა და დასავლეთი მთლიანად მოიცვა. მე -19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იაპონური ხელოვნების გავლენა კულტურის ყველა სფეროში იგრძნობოდა. ამ პროცესს ფრანგულად Japonisme ეწოდება. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია უკიო-ეს ჟანრმა, რომელმაც, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია იმპრესიონიზმზე. იაპონურმა გრავიურებმა იმპრესიონისტ მხატვრებს დაანახვა ბრტყელი ობიექტების მშვენიერება, აგრეთვე, ის, რომ სილამაზე რთული დეტალების სრულყოფილ და რეალისტურ გადმოცემაში სულაც არ იყო. იაპონური გრავიურებით შთაგონებულ მხატვრებს შორის იყო ვან-გოგიც, რომელიც გარდა იმისა, რომ საკუთარ ნახატებში უკიო-ესთვის დამახასიათებელ სტილს აქტიურად იყენებდა, იაპონური გრავიურების შეგროვებითაც იყო გატაცებული.



მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიომ მომნუსხველი ბრტყელი კომპოზიციები პირველად იხილა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იაპონური გრავიურებისადმი ინტერესი და სიყვარული, მისი გავლენა თანამედროვე ხელოვნებაზე ყოველდღიურად იზრდება. მხატვრები, ილუსტრატორები, გრაფიკული დიზაინერები, არქიტექტორები - მათ ნამუშევრებში კარგად ჩანს გრავიურებზე გამოსახული იაპონური ლანდშაფტებით, გეიშებითა და სხვა დამახასიათებელი დეტალებით აღფრთოვანება. არსებული ვითარება და ხელოვნების ამჟამინდელი ტენდენციები მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ დასავლეთის თავზე მოქცეული იაპონური ტალღა სამყაროსა და ხელოვნების გეზს მომავალში კიდევ დიდხანს განსაზღვრავს.