როდესაც მარტო ყოფნა და თვითიზოლაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ადამიანები სეირნობასა და ბუნების დათვალიერებას მეტ დროს უთმობენ. ბუნება ბევრისთვის შთაგონების წყაროა და არც მაკქუინის სახლია გამონაკლისი. მას შემდეგ, რაც კარანტინის შესახებ წესები ამოქმედდა, ცნობილი ბრენდის თანამშრომლები მოგვიწოდებენ, რომ იზოლაციაშიც შევინარჩუნოთ კრეატიულობა და თავადაც დაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ მაკქუინის თაყვანისმცემლებმა არ მოიწყინონ. თავიდან #McQueenCreators-მა გამომწერებს გუნდის მიერ შეთავაზებული ნიმუშების გაფორმება შესთავაზა, ახლა კი  მომხმარებლების შემოქმედებითობის გამოვლენას ისახავს მიზნად.




„ბუნება ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო, ეს ყველაფერში ჩანს, რასაც ჩვენ მაკქუინში ვქმნით,  - აღნიშნა სარა ბარტონმა, მაკქუინის შემოქმედებითმა დირექტორმა, - ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებასთან კავშირია და ეს სურათებიც სწორედ ამის ანარეკლი იქნება“.


პროექტი #McQueenCreators  ბრენდის თაყვანისმცემლებს სთხოვს, რომ მათ გარშემო არსებულ ბუნებას სურათები გადაუღონ. იქნება ეს დახვეწილი ხეები, ყვავილები თუ თუნდაც საკუთარ  ეზოში დათესილი ბალახი. ბრენდის ინიციატორები მოგვიწოდებენ, რომ იზოლაციის დროსაც კი კრეატიულები დავრჩეთ. შეიძლება თქვენ ვერ ატარებდეთ თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბუნებაში, თუმცა შეგიძლიათ მას სურთები გადაუღოთ, ეს მაინც უფრო დიდხანს შემორჩება, ვიდრე თავად ბუნების ქმნილება.




„ბუნებისგან შთაგონების მიღება -  ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე - მისი სილამაზე და რეგენერაციის უნარი, იმედისა და მშვიდი ენერგიის სიმბოლოა“, - ვკითხულობთ ბრენდის განცხადებაში. „ამის გათვალისწინებით, ჩვენ პარალელურად გამოვავლენთ კარანტინის დროს გადაღებული სურათების სერიას, რომლებიც მაკქუინის თანამშრომელმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. ჩვენი თხოვნა მათთანაც ზუსტად იგივე იყო - გადაეღოთ თავიანთ გარშემო არსებული ბუნება“.


როგორც ყოველთვის, გამომწერებს თავიანთი გადაღებული სურათების სოციალურ მედიაში ატვირთვა მოეთხოვებათ, რომლებზეც @AlexanderMcQueen-ს, #McQueenCreatos-სა და #McQueenNature-ს მონიშნავენ. სურათები შეირჩევა და შემდეგ ბრენდის სოციალური მედიის საშუალებით გამოქვეყნდება.