1995 წლის 7 აპრილს ნიუ-იორკში, როკფელერის ცენტრში, კლაუდია შიფერმა, ნაომი კემპბელმა, კრისტი ტორლინგტონმა და ელ მაქფერსონმა რესტორანი Fashion Cafe გახსნეს.
რესტორნის გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 28 წლის მოდის ბიზნესით დაინტერესებული ტომასო ბუტი და მისი ძმა ფლორენციიდან შტატებში ჩავიდნენ. ამ პერიოდში, 1995 წელს, სუპერმოდელების - ნაომი კემპბელის, კლაუდია შიფერისა და ელ მაქფერსონის პოპულარობა პიკს აღწევდა, რის გამოც ძმებმა მათთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
მას შემდეგ, რაც მოდელები Fashion Cafe-ს სახეები გახდნენ, რესტორანი მოდასთან, მიმზიდველობასა და გართობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა ჟურნალისტი და ავტორი მაიკლ გროსი წერდა: “პროექტი ძალიან სასაცილო მეჩვენებოდა, ასეთი თემატიკის მქონე რესტორნები მხოლოდ ტურისტების სატყუარაა.” გროსის კომენტარს წიგნის, Brand Failures-ის ავტორი მეტ ჰეიგი გამოეხმაურა: “კავშირი მოდელებსა და საჭმელს შორის არც ისეთი ნათელია, სიტყვა "მოდა" არც ერთ ადამიანს არ აგრძნობინებს, რომ მას შია.”
მოდელებმა, რომლებიც კაფეს სახეს წარმოადგენდნენ, მენიუში პატარა ცვლილებები შეიტანეს, სადაც მათ სახელებს იპოვიდით. მაგალითად, ელი მაქფერსონის კრევეტები, ნაომი კემპბელის თევზი და ბურბუშელა, ხოლო კლაუდიას ვაშლის ვაფლები, რომელსაც კლაუდიას ბლინებსაც უწოდებდნენ. გარდა ამისა, კაფე სტუმრებს სხვა არჩევანსაც სთავაზობდა, მაგალითად, მოდის ტარტს.
Fashion Cafe-ის გახსნას მსახიობები, დიზაინერები ჯანი და დონატელა ვერსაჩეები, ასევე, მუსიკოსები Duran Duran და the Spin Doctors ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დაპატიჟებულნი იყვნენ სხვა მოდელებიც - ტაირა ბენქსი, კეროლ ალტი და რა თქმა უნდა, თავად ბუტის მეუღლე, სუპერმოდელი დანიელა პესტოვა.
კაფეში, ყველაფერს ნახავდით. კედლებზე მოდის ჟურნალების სურათები იყო ჩამოკიდებული. სასადილოს შუაგულში თითქოს მოდის ჩვენება იყო გამართული, სადაც ბობ მაკიმ შემოწირულობის სახით კაფეს ტანსაცმელი აჩუქა. რესტორანში ასევე ნახავდით მადონას საკულტო კონუსისებურ ბიუსტჰალტერს, რომელიც ჟან-პოლ გოტიემ შეუკერა. გარდა ამისა, კაფეს არმანის მიერ ჯუდი ფოსტერისთვის შეკერილი შარვალ-კოსტიუმი ამშვენებდა, რომელიც მსახიობს ოსკარის ცერემონიალზე ეცვა, როცა ფილმისთვის The Silence of the Lambs ჯილდო დაიმსახურა. მიუხედავად მაღალი მოდისა, რასაც რესტორანში შეამჩნევდით, კაფის მომსახურე პერსონალი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდ - მათ შავი პერანგები და უბრალო ჟილეტები ეცვათ.
გახსნიდან ოთხი თვის განმავლობაში კაფეში დაახლოებით 30 000 მაისური გაიყიდა. თითო მაისური $16 ღირდა, ხოლო ქუდები $18. გარდა ამისა, სხვა უფრო ძვირი ნივთებიც იყიდებოდა რესტორანში.
1996 წელს რესტორანი იგივე სახელწოდებით ლონდონში, ხოლო შემდეგ შვიდ ქალაქში - მათ შორის, ნიუ-ორლეანში, ჯაკარტასა და ბარსელონაში გაიხსნა. ბუტები გეგმავდნენ კიდევ უფრო მეტი რესტორნის გახსნას, მაგრამ არსებულმა ხარჯებმა მათ მოგებას გადააჭარბა.
ძმები ბუტები სხვადასხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ქემბელმა ძმებს დღეში 10 000 დოლარის მოპარვაში დასდო ბრალი, მას მერე, რაც ძმებმა საერთო საქმეში ინვესტიციების ჩადება აიძულეს მოდელებს. არსებული ვითარების გამო, შიფერმა საქმიდან გასვლა გადაწყვიტა, მიზეზად კი ქემბელთან ძველი უთანხმოებები დაასახელა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 1998 წელს ორივე რესტორანი დაიხურა, ხოლო ძმებ ბუტებს ბრალი წაუყენეს რამდენიმე მუხლით, მათ შორის, თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის.
2000 წელს ისინი დააკავეს, აშშ დაატოვებინეს და პატიმრობა იტალიაში შეუფარდეს.
დაწერე კომენტარი