ჯუდი ჩიკაგო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფემინისტი არტისტია, რომლის კარიერაც 1960-იანი წლებიდან იწყება. როგორც თვითონ ამბობს, 60-იანებში ერთადერთი კომპლიმენტი, რომელიც  ხელოვან ქალს შეიძლება მიეღო, მისი ნამუშევრების მამაკაცების ნამუშევრებთან შედარება იყო. თუმცა, მიუხედავად კარიერის დასაწყისში არსებული პრობლემებისა, რომლებიც სწორედ მისი სქესით იყო განპირობებული, დღეს ჯუდი ჩიკაგო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანია, რომლის გამოფენებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმართება.




კარიერის დასაწყისში ჩიგაკო მინიმალისტურ ხელოვნებაზე მუშაობდა. მისი შემოქმედების პირველი ათწლეული ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური, საინტერესო და ნაკლებად ცნობილია. 1965-1973 წლებში არტისტმა ისეთი ნახატები და ინსტალაციები შექმნა, რომლებშიც ფერს მარტივი გეომეტრიული ფორმების მეშვეობით იკვლევდა. შეიძლება ითქვას, რომ მინიმალიზმი ჩიკაგოს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი იყო, რადგან სწორედ ამ მიმართულებამ ჩამოაყალიბა ის სტილი, რომელშიც მან მოგვიანებით გააგრძელა მუშაობა. 


მისი ადრეული პერიოდიდან ასევე, საინტერესოა პიროტექნიკის საშუალებით შექმნილი ნამუშევრები. 1968-1974 წლებში ჩიკაგომ საკმაოდ კომპლექსური ფეიერვერკების სერია შექმნა, რომელიც კალიფორნიის რამდენიმე წერტილში სპეციფიკური პერფორმანსების გამართვასაც გულისხმობდა. ამ ნამუშევრების ერთი ნაწილის მიზანი პეიზაჟში ფემინური იმპულსის ჩართვა იყო. სხვა ნამუშევრები კი ისტორიის დასაწყისში ქალების მიერ შესრულებული აქტივობების - ცეცხლის შენახვის ან ქალღმერთების მსახურების - თავიდან გააზრებას გულისხმობდა.




1970-იანი წლებიდან ჯუდი ჩიკაგომ აბსტრაქტული იკონოგრაფიის ფემინურ გამოცდილებასთან შერწყმა უფრო ღიად დაიწყო. ისეთ მნიშვნელოვან ნამუშევრებში, როგორებიცაა Through the Flower, Let It All Hang Out და Heaven is for White Men Only არტისტი საკუთარი, როგორც  ხელოვანი ქალის პირად გამოცდილებას უსვამდა ხაზს. ეს ნამუშევრები მოგვიანებით სერიაში - Great Ladies გადაიზარდა, რომელშიც ჩიკაგომ სხვადასხვა ისტორიული ქალის ჩვენება დაიწყო. სწორედ ეს პერიოდი და ამ დროს მიღებული ცოდნა გახდა ბიძგი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრისთვის - The Dinner Party. 



The Dinner Party ქალების ისტორიისა და მიღწევების ერთგვარი მონუმენტია, რომელიც 1974-1979 წლებში იქმნებოდა. ეს არის მასიური სამკუთხა ფორმის მაგიდა, რომელიც 39 ქალის არტისტულ გამოსახულებას აერთიანებს. გარდა ამისა, მასზე დატანილია კიდევ 999 მნიშვნელოვანი ქალის და, ასევე, იმ ქალების სახელები, რომლებიც ჯუდი ჩიკაგოს ასისტენტები იყვნენ. ისტორიულ ფიგურებს შორის არიან იშთარი, საფო, არტემისია ჯენტილესკი, ემილი დიკინსონი, ვირჯინია ვულფი, ჯორჯია ო’კიფი და სხვები. “იმის გამო, რომ მამაკაცებს ისტორია აქვთ, მათთვის ძნელია წარმოიდგინონ, თუ როგორია მის გარეშე გაიზარდო.” - წერს ჯუდი ჩიკაგო. შეიძლება ითქვას, რომ The Dinner Table სწორედ ქალების ისტორიული მემკვიდრეობის გაერთიანების მცდელობაა.


ძალიან საინტერესოა ჩიკაგოს მომდევნო სერიაც, Birth Porject (1980-1985), რომელზეც არტისტმა 150 მქარგველთან ერთად იმუშავა. სერია ბევრი სხვადასხვა კუთხით აღწერს შობის პროცესს, იქნება ეს მტკივნეული ფიზიკური გამოცდილება თუ მითოლოგია. ერთ-ერთ ინტერვიუში ჩიკაგომ თქვა, რომ მიქელანჯელოს “ადამის შექმნა” ისტორიის გაყალბებაა, რადგან ეს ნამუშევარი, რომელზეც მამაკაცი ღმერთი მამაკაც ადამიანს ქმნის, დანარჩენი მსოფლიოს სრულ იგნორირებას იწვევს. მას სურდა, თავისი ყალბი ისტორია შეექმნა - ნამუშევრები, სადაც ქალები ქალებს შობენ. სწორედ ასეთია სერიის ერთ-ერთი ნამუშევარი - The Creation.




Birth Project-ზე მუშაობისას ჩიკაგომ მასკულინურობის კონსტრუქტის კვლევაც დაიწყო და შექმნა სერია - PowerPlay. “ვიცოდი, რომ აღარ მინდოდა ქალის სხეულის საშუალებით ემოციების წარმოჩენა გამეგრძელებინა. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი - სიყვარული, ძრწოლა, სურვილი, ვნება და შიში - როგორც ხელოვანი ქალების, ისე მამაკაცების  მიერ სწორედ ქალის სხეულის ჩვენებით იყო გადმოცემული. მაინტერესებდა, რა შეგრძნებებს შეიძლება გამოხატავდეს მამაკაცის სხეული და, ასევე, მინდოდა გამეგო, რატომ იქცევიან ისინი ასე ძალადობრივად,” - თქვა არტისტმა.




1984 წელს ჯუდი ჩიკაგო პირველად დაინტერესდა ჰოლოკოსტითა და თავისი  ებრაული წარმომავლობით და  მეუღლესთან, ფოტოგრაფ დონალდ ვუდმენთან ერთად, ამ თემაზე დაიწყო მუშაობა. ჩიკაგო წერს: “The Holocaust Project ერთგვარი მოგზაურობაა ჰოლოკოსტის წყვდიადიდან იმედის სინათლემდე. ის დაფუძნებულია იმ ინტელექტუალურ, ფიზიკურ და ემოციურ მოგზაურობაზე, რომელიც მე და დონალდმა გავიარეთ. გამოფენა და წიგნი ემყარება ჩვენს რწმენას, რომ ჰოლოკოსტის გააზრება, რამდენად მტკივნეულიც  უნდა იყოს ეს, შეიძლება იმ სამყაროს უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ.”


პოსტმოდერნული ხელოვნების კარგი ნიმუშია 1994 წელს დაწყებული პროექტი Resolutions: A Stitch in Time. ამ სერიაში ერთმანეთს ანდაზები და ქარგვის ხელოვნება ერწყმის. ნამუშევრებში ტრადიციული ადათებისა და ანდაზების ახლებური ინტერპრეტაციებია შემოთავაზებული. მთლიანად სერია კი მიმოიხილავს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახი, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, ადამიანების უფლებები, დიალოგი, იმედი და ცვლილება. 


ჯუდი ჩიკაგოს შემოქმედებაში საინტერესოა მინით შექმნილი ნამუშევრებიც. ეს მასალა მან პირველად ჰოლოკოსტის პროექტში გამოიყენა და 2003 წელს ისევ დაუბრუნდა მას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვანის რეპერტუარში არის ბევრი სხვა მასალა და ტექნიკაც, მათ შორის, თუჯი, ოქრო, ბრინჯაო, მინა-ბრინჯაო და ვერცხლი-პალადიუმი. რაც შეეხება მინას, ის არტისტს ზედაპირის მიღმა არსებული ფსიქიკური რეალობის კვლევაში ეხმარებოდა.




არტისტის ბოლო სერია
- The End: A Meditation on Death and Extinction 2012-2018 წლებშია შექმნილი და სიკვდილს, საკუთარ მოკვდაობასა და ბევრი სხვა სახეობის ტრაგიკულ დასასრულს იკვლევს. სერია არტისტის კარიერის კულმინაციად ითვლება. აქაც მან ბევრი სხვადასხვა მასალა და ტექნიკა გამოიყენა, მათ შორის, კერამიკა, მინა და ბრინჯაო. მასალა ცხოვრების სირთულესა და მსხვრევადობას აღწერს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩიკაგოს ფაიფურზე შესრულებული china painting, რომელიც ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავია და შემაწუხებელი შინაარსის მიუხედავად, მნახველებს აიძულებს უფრო დიდხანს და უფრო ახლოდან უყურონ ნამუშევრებს. 


მთლიანობაში, ჯუდი ჩიკაგოს ვრცელი შემოქმედება ატარებს გზავნილს იმის შესახებ, რომ ხელოვნებას ადამიანების განათლების, შთაგონებისა და გაძლიერების საშუალებით შეუძლია მათ მოქმედებისკენ უბიძგოს.