ისეთი წიგნები, როგორსაც They Said books-ში შეხვდებით, დღეს ჩემი პროფესიული განვითარების და ინსპირაციის უმთავრეს წყაროდ იქცა. დიზაინი, გამოყენებული ფონტები, და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ესთეტიკური სიამოვნების და როგორც უკვე აღვნიშნე, ინსპირაციის წყაროა, ძირითადი კონტენტი კი საშუალებას მაძლევს მივიღო ინფორმაცია არქიტექტურის, დიზაინის, ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების, მოდისა თუ სხვა სფეროში არსებულ ახალ ტენდენციებზე და არ ჩამოვრჩე ტემპს.
სწორედ ასეთი გამომცემელია ჩემთვის ყველაზე საყვარელი IDEA books, რომელიც ვთვლი, რომ ყველასგან გამოირჩევა, თავისი ავტორებით, ფოტოგრაფებით და იმ თემატიკით, რომელზეც წიგნები იქმნება. IDEA-ს გამოცემები ძირითადად არასტანდარტული და ეკლექტურია. ყველაზე მეტად კი მათი ექსპერიმენტული კოლაბორაციები მომწონს.
IDEA-ზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია, მათი გამოცემების გამორჩევა კი ჩემთვის თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობ, GUCCI-ს ბოლო ორი წიგნი კარგად უსვამს ხაზს იმ მიდგომას, რომელზეც აქამდე გიყვებოდით.
Gucci by Harmony Korine
რეჟისორი, არტისტი, ფოტოგრაფი და სცენარისტი Harmony Korine, გამორჩეული რეალობის ალტერნატიული აღქმის სტილით და არასტანდარტული სცენარებით, 90-იანი წლების ფილმებიდან - “Kids” და “Gummo” ალბათ ყველას კარგად ახსოვს. სწორედ Harmony Korine-მ იმუშავა Gucci-ს და IDEA-ს მეოთხე ერთობლივ წიგნზე, რომელიც 2019 წლის მაისში გამოიცა და They Said Books-იც ზუსტად ამ დროიდან არის წიგნის ამაყი სტოკისტი.
წიგნზე თბილისში სტუმრობისას IDEA-ს დამფუძნებელი დეივიდ ოუენი მიყვებოდა, Harmony Korine-ს და Alessandro Michele-ს კოლაბორაციის ფანტასტიკურმა იდეამ მაშინვე შემაყვარა თავი და წიგნიც ზუსტად ასეთივე ფანტასტიკური გამოვიდა.
Gucci “Oviparity” by Yorgos Lanthimos
სურეალისტური თრილერებით ცნობილი რეჟისორი Yorgos Lanthimos და Gucci-ს კოლაბორაციაც არანაკლებ საინტერესოა. “The lobster”, “Teeth” და “Killing of a sacred deer”-ის რეჟისორმა Gucci-ს 2020 წლის Cruise კოლექცია რომში, ვილა ალბანის გალერეა ლედაში გადაიღო. თითქმის ყველა ფოტოში აქცენტი მარმარილოს თეთრ სკულპტურებსა და Gucci-ს ფერად ტანსაცმელში ჩაცმული, თეთრი პუდრით დაფარულ სახიანი მოდელების მიერ მათ განსახიერებაზეა გაკეთებული.
რადგან დღევანდელ ავტორებზე, არტისტებზე და ფოტოგრაფებზე ვლაპარაკობ, თანამედროვე სერბი ფოტოგრაფი და ავეჯის დიზაინერი ანა კრაშის წიგნს “Ikebana Albums” გამოვარჩევ. ძალიან მომწონს ანას ესთეტიკის და ფერების აღქმა, ამიტომ მისი ინსტაგრამის ხშირი სტუმარიც ვარ.
წიგნის, The world of Apartamento-ს სახელწოდებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წიგნად მოვიაზრო. ყოველთვის ყველაფერი მომწონს, რასაც კი Apartamento Magazine-ის გუნდი ქმნის, მათი გრაფიკული დიზაინის სტილი და ფერები ყველასგან გამოირჩევა, წიგნი კი მათ სამყაროზე მოიცავს ფოტოებისა და ინტერვიუების უდიდეს და ძალიან საინტერესო არქივს.
The school of life-ის გამომცემლობის ყოველი წიგნი აქტუალურია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც თვითგანვითარება თუ საკუთარი თავის უკეთესად შეცნობა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. წიგნებში გამომცემლობის დამფუძნებელი და ფილოსოფოსი Alain de botton გვიყვება ემოციური ინტელექტის მნიშვნელობასა და სხვა ასპექტებზე, მათი თამაშებიც კი ერთგვარი სავარჯიშოა, რომელიც ამ მიზნების მიღწევაში გვეხმარება.
წიგნი Self knowledge რომ დროდადრო გადავშალოთ ხოლმე, ალბათ ყველას ძალიან დაგვეხმარება.
არ ვიცი რა შეიძლება დაარქვა Purple Fashion Magazine-ს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჟურნალი. აღმოჩენების და ექსპერიმენტების სივრცე, სადაც თავს იყრიან ჩვენი დროის ყველაზე საინტერესო ადამიანები.
ალბათ მხოლოდ აქ შეიძლება ნახო Nobuyoshi Araki-ს თვალით დანახული Prada და Daido Moriyama-ს Saint Laurent-ი, გაიცნო wolfgang Tillmans-ი, როგორც ჟურნალის კონტრიბუტორი, ან წაიკითხო, როგორ უყვება Richard Prince-ი ნიუ-იორკის ამბებს ჟურნალის რედაქტორს, Oliver Zahm-ს.
Indie Magazines
Another magazine, Dazed, Antidote, 032c, Heroine და სხვა, საკმაოდ მძიმე წონის ჟურნალები ბევრჯერ ჩამომიტანია სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ კონტენტის დიჯიტალ ვერსია ძირითად შემთხვევებში ხელმისაწვდომია, ჩემთვის ამ ჟურნალებს სხვა დატვირთვა აქვს.
ჟურნალის გვერდებზე ედიტორიალის თუ ინტერვიუს განვითარება საერთოდ სხვანაირად ჰყვება იმ ამბავს, რომელიც ავტორს უნდოდა მოეყოლა. მიხარია, რომ ასეთი წიგნები და ჟურნალები, როგორც დასავლური კულტურის და ცივილიზაციის პატარა დეტალი, ჩვენს ქალაქში ხელმისაწვდომია.
დაწერე კომენტარი