Super 8 Camera
ამბობს, რომ ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, კინოსთვის კი ძალიან კარგ დროს დაიბადა. ცუდი - იმიტომ რომ იმ დროს ესპანეთს ფრანსისკო ფრანკო მეთაურობდა, რომელმაც ქვეყანაში ის ერთადერთი კინოსკოლაც კი დახურა, სადაც მადრიდში ახალჩასულს, ჯერ კიდევ 18 წლის პედრო ალმოდოვარს სწავლის გაგრძელება სურდა. თუმცა კინოსადმი ინტერესი მასში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საკუთარი სახსრებით Super 8 Camera-ს შეძენა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მაინც მოახერხა.
იმის გამო რომ კამერას ხმის ჩამწერი არ ჰქონდა, კადრებს შორი ხედებით ძირითადად პარკებში, აივნებიდან და ფანჯრებიდან იღებდა. არც განათება ჰქონია, თუმცა, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე ამბობს, გაუმართლა, რომ ესპანეთი ბუნებრივად მზიანი და ნათელი ადგილია. Super 8 კამერით ალმოდოვარმა ათამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომლებიც ძირითადად ოჯახური ურთიერთობების და სექსუალობის ირგვლივ ტრიალებდა, მათ შორის ისეთი პროვოკაციული შინაარსისაც, როგორებიცაა La caída de Sódoma (The Fall of Sodom) და Sexo va, sexo viene ( Sex Goes, Sex Comes).
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საჯარო ჩვენება ალმოდოვარისთვის იმ დროს საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომაც, მათ ძირითადად მეგობრების წრეში, კლუბებსა და გალერეებში უჩვენებდა. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კი, რომელიც მაყურებელმა იხილა, „პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონებია“, რომელშიც მთავარ როლს პედრო ალმოდოვარის საყვარელი კარმენ მაურა ასრულებს.
La Movida
1980 წელს სან სებასტიანის ფესტივალზე ნაჩვენებმა სადებიუტო ფილმმა კრიტიკოსების მოწონება ვერ დაიმსახურა, უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ „პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები“ ძალიან დაბალი ხარისხის და ღირებულების ფილმი იყო, რომელშიც „ვულგარული იუმორის“ გარდა ვერაფერს შეხვდები. კრიტიკოსების ამგვარი რეაქცია შესაძლოა ბუნებრივიც კი იყო, რადგან იმ პერიოდში ფრანსისკო ფრანკოს მიერ დანატოვარი მაჩოისტური კულტურა არც ალმოდოვარის საყვარელი ტრანსსექსუალი და ჰომოსექსუალი გმირების მისაღებად იყო მზად და მას ალბათ არც კიჩური პოპკულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკისთვის ემეტებოდა ადგილი თანამედროვე ესპანურ კინემატოგრაფში. მით უმეტეს, ფილმის წარმომავლობა პედრო ალმოდოვარის დაწერილ პროვოკაციულ სცენარს, General Erection-ს უკავშირდება, რომლითაც ალმოდოვარმა 1977 წლის ესპანეთში ჩატარებულ არჩევნებს (General Election) დასცინა. სცენარის ფილმად ქცევის იდეა ალმოდოვარს თეატრალურ ჯგუფ Los Goliardos-თან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა, ამავე პერიოდს დაემთხვა შეხვედრა კარმენ მაურასა და ფელიქს როტეტასთან, რომლებმაც ალმოდოვარი დაარწმუნეს, რომ General Erection-ზე დაყრდნობით რეჟისორს სადებიუტო ფილმი გადაეღო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთლიანი ბიუჯეტი 500 000 პესეტას არ აღემატებოდა, „პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონები“ ეკრანებზე მაინც გამოვიდა, იმდროინდელი კულტურული მოძრაობის, La Movida-ს მთავარ სიმბოლოდ იქცა და დროთა განმავლობაში ადამიანებმაც აღმოაჩინეს, რომ დღეს თუ რაიმე გვიყვარს ამ რეჟისორის ფილმებში, სწორედ ის „ვულგარული“ შავი იუმორია, რისთვისაც თავიდან ძალიან აკრიტიკებდნენ.
მოძრაობამ, რომელიც მადრიდში დაიწყო, დროთა განმავლობაში ესპანეთის სხვა ქალაქებიც მოიცვა. ლიტერატურის, კინოს, სახვითი ხელოვნების და მუსიკის იმდროინდელი წარმომადგენლები რეჟიმის მიერ ტაბუდადებული თემების სააშკარაოზე გამოტანით გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. პედრო ალმოდოვარი კი თავისი ფილმებით La Movida-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელად რჩებოდა. გარდა სადებიუტო ფილმისა, ამ პერიოდს მიეკუთვნება ალმოდოვარის მეორე ფილმი Labyrinth of Passion, რომელსაც მიუხედავად უკეთესი სარეჟისორო ტექნიკისა, იმაზე ბევრად უფრო ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე „პეპი, ლუსი და ბომის...“, ალბათ იმიტომ რომ რეჟისორმა აქ კიდევ უფრო მეტი სასიყვარულო და სექსუალური თავგადასავალი გვიჩვენა, თანაც არანაკლებ „ვულგარული“. what have I done to deserve this ალმოდოვარის მეოთხე, La Movida-ს სიაში კი მესამე ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ისევ კარმენ მაურა ასრულებს. იტალიური ნეორეალიზმისადმი მიძღვნილ ფილმში რეჟისორი მისთვის დამახასიათებელი იუმორით ზღვრამდე მისული ოჯახური ურთიერთობების დრამას გვიჩვენებს.
El Deseo
1985 წელს ძმებმა პედრო და აუგუსტინ ალმოდოვარებმა კინოკომპანია El Deseo დააფუძნეს. პროფესიით მასწავლებელი აუგუსტინი კომპანიის ფინანსურ მხარეს მართავდა, პედრო კი პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც თავად მოესურვებოდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე ხუმრობს, საკუთარ კომპანიაში ფილმის გადაღება რეჟისორისთვის უჩვეულო ფუფუნებაა: „აუგუსტინს ევალებოდა, რომ როგორც რეჟისორი დამოუკიდებელი და თავისუფალი ვყოფილიყავი, რაც აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევაა, მარტინ სკორსეზესაც კი არ აქვს ამის შესაძლებლობა“.
El Deseo-ს პირველი ფილმი „სურვილის კანონია“, ეს არის აგრეთვე პირველი კინოსურათი, რომელშიც რეჟისორმა აქცენტი ჰომოსექსუალი წყვილის ურთიერთობაზე გააკეთა. ჰომოსექსუალი კინორეჟისორისა და მასზე შეყვარებული ანტონიოს დრამატულმა ურთიერთობამ წარმატებით მოიარა უამრავი საერთაშორისო კინოფესტივალი და კრიტიკოსების მხრიდან შეფასდა, როგორც ალმოდოვარის კარიერაში ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც ჩანს, აუგუსტინის მიერ შექმნილი თავისუფალი გარემო ალმოდოვარისთვის ჰაერივით საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან El Deseo-ს მეორე ფილმმა „ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“ რეჟისორს ოსკარის ნომინაციის სახით კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა.
Who need a man?
ალმოდოვარის კინო ქალების კინოა, აქ კაცების ადგილი უბრალოდ არ არის, თუ არის, ისიც იმისთვის, რომ მათ მიერ ჩადენილი შეცდომების გამო ნერვიულ აშლილობამდე მისული ქალები კიდევ უფრო შეგვიყვარდეს. მგონია, რომ ფილმში კარმენ მაურას პერსონაჟის მიერ ნათქვამ ფრაზას : „ვის რაში სჭირდება კაცები, მექანიკის სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე მათი ფსიქოლოგიის...“ ალმოდოვარის ყველა ქალი ეთანხმება.
და მაინც მათ გამო ისტერიკული, ეჭვიანი, სასოწარკვეთილი, მაგრამ იმედიანი და ოპტიმიზმით სავსე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები პედრო ალმოდოვარის მთავარი სიყვარულია, ალბათ იმიტომაც რომ კალსადა დე კალტრავაში, იქ, სადაც 1949 წელს ალმოდოვარი დაიბადა, პედროს ყველაზე ძვირფასი მოგონებები ძირითადად მხოლოდ იმ ქალებს უკავშირდება, რომელთა გარემოშიც გაიზარდა.
„მაშინ როცა კაცები მუშაობდნენ, ქალები ახალი სიცოცხლის დაბადებას, ურთიერთობებს და სიკვდილს უმკლავდებოდნენ“, – ამბობს პედრო ალმოდოვარი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ეს ციტატა თავიდან ბოლომდე გამოხატავს ქალის როლს მის ცხოვრებაშიც და კინოშიც, სადაც ყველაზე მთავარ წინააღმდეგობებს სწორედ ქალები ლახავენ, კაცები კი ყველა ისტორიაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ.
ალმოდოვარის არც ერთ ფილმში არ უმკლავდებიან ქალები ტრაგედიას და სიკვდილს, ისე როგორც მის 2006 წელს გადაღებულ „დაბრუნებაში“. პენელოპე კრუსი, სოლა დუენასი და კარმენ მაურა სწორედ იმ ქალების სახეებს წარმოადგენენ, რომელთა გვერდითაც ალმოდოვარი იზრდებოდა, ფილმის ძირითადი სცენებიც სწორედ ლა მანჩას პროვინციაშია გადაღებული. პირველი კადრი კი სასაფლაოდან იწყება. ალმოდოვარი ამბობს, რომ მთავარი ამბავი სწორედ სიკვდილზე და სიკვდილთან დაკავშირებულ ძალიან მდიდარ კულტურაზეა, რომელიც ამ პროვინციაში არსებობს, ეს კულტურა კი არა მხოლოდ ტრაგიკულ, არამედ ყველანაირი ხასიათის და თაობის ქალებს აერთიანებს. ფილმის სცენარი თითქოს წრეზე უნდა დატრიალდეს და რაიმუნდას ტრაგიკული ისტორია მის შვილსაც უნდა შეემთხვას, თუმცა პენელოპე კრუსის პერსონაჟი იმაზე ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე თავისივე დედა, რომელმაც მოძალადე მამისგან შვილის დაცვა ვერ მოახერხა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და მსახიობი ქალის ნომინაციაში ოქროს პალმის რტო დაიმსახურა, გარდა ამისა პენელოპე კრუსი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე და ოსკარზეც.
ალმოდოვარის ისტორიებში ქალის სახე ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებული და რეჟისორისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, სხვანაირად წარმოუდგენელია მაყურებელს ერთნაირად გიყვარდებოდეს ინფანტილური და ძალიან ძლიერი, სასოწარკვეთილი და მებრძოლი, ჰომოსექსუალი ან თუნდაც ტრანსექსუალი მეძავი, დეპრესიული, მხიარული და ჭრელ, ხანდახან ვულგარულ ტანისამოსში გამოწყობილი ქალები, რომლებსაც სიყვარულის და ვნების გამო ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ წასვლა. შეიძლება რომელიმე მათგანი არ მოგწონდეს, მაგრამ შეუძლებელია არ გიყვარდეს ან მათში რაიმე მიუღებელი იყოს, ეს კი ნამდვილად ის არის, რაც მხოლოდ ალმოდოვარს შეუძლია - მიგაღებინოს და შეგაყვაროს ის, რისაც რეალურ ცხოვრებაში გეშინია, არ მოგწონს ან გაკომპლექსებს და ამას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით ახერხებს – დაგცინის სიყვარულნარევი იუმორით, რომელიც ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევაშიც კი არასდროსაა ზედმეტი.
“ყველაფერი დედაჩემის შესახებ”
ალმოდოვარს ყველანაირი ქალი უყვარს, თუმცა ყველაზე დიდი და გულწრფელი სიყვარული მხოლოდ დედის მიმართ აქვს. დედის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ხატი მან შექმნა ფილმებში - „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ და „ხულიეტა“ . პირველმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად, ოსკარი, BAFTA და ოქროს გლობუსი დაიმსახურა. ფილმში დედაშვილური ურთიერთობების გარდა, გაჟღერებულია საზოგადოებისთვის ისეთი პრობლემატური საკითხები: როგორებიცაა შიდსი, ჰომოსექსუალიზმთან და ტრანსექსუალიზმთან დაკავშირებული სტერეოტიპები.
„ვუძღვნი ყველა მსახიობ ქალს, ვისაც ქალის როლი შეუსრულებია, ყველა მსახიობ კაცს, ვინც როლისთვის ქალი გამხდარა, ყველა ადამიანს, ვისაც უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო. ვუძღვნი დედაჩემს....“ – ამბობს პედრო ალმოდოვარი კონკრეტულად ამ ფილმზე, თუმცა ყველა დანარჩენ ფილმშიც, სადაც დედის სახე ჩანს, სინამდვილეში ალმოდოვარი თავისი და დედამისის ურთიერთობის შესახებ გვიყვება. ეს ურთიერთობა ყველაზე მტკივნეულად და დრამატულად „ხულიეტაში“ ჩანს, სადაც უკვე გარდაცვლილ დედასთან ურთიერთობის დანაკლისის და მისი გარდაცვალებით გამოწვეული სიცარიელის გამო რეჟისორს თითქოს სინანული იპყრობს, თუმცა მიუხედავად ტკივილისა, ალმოდოვართან თითქმის ყოველთვის ყველაფერი ოპტიმისტურად, უფრო სწორად, ზღაპრული ოპტიმიზმით, სასწაულებრივად მთავრდება.
წითელი
„ფერი იდეალურს ხდის საგანს და უფრო მეტ ხელოვნურ ღირებულებას ანიჭებს. საგნები, დეკორაცია, ტანსაცმელი... ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩემი ფილმების ხასიათს და ხაზს უსვამს იმას, რაც მე მაინტერესებს: ამბავი განვითარდეს თავისთავად, ხასიათი კი განსაზღვროს ემოციებმა“.
ფერი, რომელიც ალმოდოვარის ფილმებში ხასიათს განსაზღვრავს, წითელია. ალმოდოვარის პოპკულტურისგან აღებულ ესთეტიკაში არაფერი არ არსებობს ამ ფერის გარეშე და, როგორც თავად ამბობს, იმ ემოციას, რაც ესპანური კულტურისთვისაა დამახასიათებელი, ყველაზე უკეთ სწორედ წითელი გამოხატავს.
„წითელი ყველაზე მეტად მიყვარს, ყველაზე ექსპრესიული ფერია და ესპანეთში ერთდროულად სიცოცხლეს, ცეცხლს, სიკვდილს, სისხლს, სიყვარულს და ვნებას გამოხატავს – ეს ყველაფერი კი ესპანეთის სიმბოლოა“.
გარდა ძირითადი კოსტიუმებისა და ინტერიერისა, ალმოდოვარი დეტალებშიც კი ხშირად უფრო მეტად წითელ ფერს იყენებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე წითელი ფილმი კი 1991 წელს გამოსული „მაღალი ქუსლებია“, სადაც სცენის დეკორაციიდან დაწყებული, მსახიობების ჩაცმულობით თამთავრებული, ყველაფერი მის გარშემო ერთიანდება.
ისევ პენელოპე და ანტონიო
„ტკივილი და დიდება“ - ასე ჰქვია პედრო ალმოდოვარის ბოლო ფილმს, რომლის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმში ალმოდოვარის საყვარელი პენელოპე კრუსი და ანტონიო ბანდერასი თამაშობენ, სადაც ეს უკანასკნელი თავად შემოქმედებით კრიზისში მყოფი პედროს პროტოტიპია. ანტონიო ბანდერასს აქამდე ალმოდოვარის არაერთ ფილმში უთამაშია, თუმცა „ტკივილი და დიდება“, შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლია, რომლისთვისაც ოქროს პალმის რტო უკვე მიიღო და შეიძლება მალე ოსკარიც დაიმსახუროს.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით, სიყვარულით, მარტოობით და სასოწარკვეთით გამოწვეული ტკივილი ალმოდოვარის შემოქმედების თანამდევია, „ტკივილი და დიდების“ ყურებისას შთაბეჭდილება გრჩება, რომ დიდებით მოსილ, ხმაურიან, სიცოცხლითა და იუმორით სავსე პედრო ალმოდოვარს წლების მატებასთან ერთად ახლა, როგორც არასდროს, ისე აწუხებს ამ ყველაფრით გამოწვეული შიში. ეს შიში კი იმდენად დიდია, რომ თითქოს ტკივილი ყველანაირი დიდების ადგილს იკავებს, იმდენად, რომ მისთვის დამახასიათებელი იუმორისთვისაც კი არ რჩება დრო.
თუმცა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, ის, რასაც ვერაფერი ცვლის, ალმოდოვარის ჩვეული ზღაპრული ოპტიმიზმით დასრულებული ამბავია. ამბავი, რომლის სხვისთვის მოყოლა ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კია, რადგან შუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ერთდროულად დაუჯერებელი და თან ბანალური სიუჟეტი, რომლის ყველაზე შთამბეჭდავ კინოკადრებად ქცევა მხოლოდ პედრო ალმოდოვარს შეუძლია, მას, ვისაც სწორედ თავისივე ფილმების გამო ნამდვილად შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ... მგონი, ჩვენ ყველა მართლა ძალიან საინტერესო დროს დავიბადეთ.
დაწერე კომენტარი