საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი იგივე ხელოვნების სასახლე, რომელთან ერთადაც პერიოდულად სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატების შესახებ ჩვენი სტატიებიდან გიამობობთ, თავის კედლებში სახვითი ხელოვნების ძალიან მდიდარ კოლექციას ინახავს. ამ კოლექციაში ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა თუ ელენე ახვლედიანის ნამუშევრებთან ერთად ისეთ ხელოვანებს შეხვდებით, როგორებიც არიან ირაკლი გამრეკელი და კირილ ზდანევიჩი, რომელთაც ქართული ფუტურიზმის, როგორც მეოცე საუკუნის ახალი კულტურული მიმდინარეობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში  ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.  ამ სტატიაში სასახლესთან ერთად წარმოგიდგენთ კირილ ზდანევიჩის სასახლეში დაცულ ნამუშევრებს და უფრო ახლოდან გაგაცნობთ გამრეკელისა და ზდანევიჩის როლს ქართული ფუტურიზმის ისტორიაში.

1909 წლის 20 თებერვალს პარიზში გაზეთ "ფიგაროში" იტალიელი პოეტის, ფილიპო ტომაზო მარინეტის "ფუტურიზმის მანიფესტი" გამოქვეყნდა,  რითაც იმდროინდელ კულტურაში ახალ და ძალიან საინტერესო მიმდინარეობას -  ფუტურიზმს ჩაეყარა საფუძველი. ეს ლათინური სიტყვა, ქართულად რომ მომავალს აღნიშნავს, მომდევნო წლებში ხელოვნების სრულიად განსხვავებულ, ექსპერიმენტულ ფორმასა და შინაარსში გამოვლინდა, რადგან მისი ფუძემდებლის აზრით, როგორც ეს მანიფესტში იყო ნათქვამი, სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს თავის მხრივ ცვლილებები ხელოვნებისთვისაც უნდა მოეტანა. ფილიპო მარინეტის  ფუტურიზმის მანიფესტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში პეტერბურგში რუსულ ენაზეც დაიბეჭდა და თუკი იტალიური ფუტურიზმი, უმეტესწილად, არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში გამოვლინდა, რუსულმა ფუტურიზმმა თავისი გზა ლიტერატურაში იპოვა. ორი ძალიან ცნობილი რუსი მწერლის-  ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ბორის პასტერნაკის სახელებიც სწორედ ამ მიმდინარეობას უკავშირდება.



ლიტერატურაა ქართული ფუტურიზმის დაბადების ადგილიც, რომელიც იტალიური და რუსული ფუტურიზმის, კონსტრუქტივიზმისა და რუსული "ლეფის" (ხელოვნების მემარცხენე ფრონტი) ნაზავს წარმოადგენდა. ქართველი ფუტურისტების  პირველი საღამო  1922 წლის 23 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, ერთი თვის შემდეგ კი გაზეთ "პოეზიის დღეში" მათი მანიფესტი -  "საქართველო - ფენიქსი" გამოქვეყნდა, რომელსაც სიმონ ჩიქოვანი, ბესო ჟღენტი, აკაკი ბელიაშვილი, პოლ ნოზაძე, დავით გაჩეჩილაძე, მზია ერისთავი, ნიკოლოზ თავდგირიძე, გრიგოლ ორაგველიძე და ალექსანდრე გაბესკირია აწერდნენ ხელს"



 „უარვყოფთ, რაც ჩვენს უკან არის და ამიერიდან საქართველო ჩვენგან იწყება. ჩვენ შევიყვარეთ მანქანის კვამლში გაჟანგული ბრბო, აღტაცებით ტაშს რომ უკრავს რევოლუციას. უარვყოფთ წარსულს, რადგან ის არის სამლოცველო ბებრების და მომაკვდავების, ვაღიარებთ ქართველ ხალხს მსოფლიოს მესსიად და ვაარსებთ ფუტურიზმს...“.


იმის უარყოფა, რაც მათ უკან იყო, ფუტურისტებმა წინამორბედი "ცისფერყანწელებით" დაიწყეს  -   „დავარტყათ თავში ლირიკას ჩექმა და დავადინოთ ცისფერი სისხლი“, – წერდა სიმონ ჩიქოვანი, რომელსაც დანარჩენების მსგავსად სჯეროდა, რომ ქართული მწერლობის და ზოგადად, კულტურის მომავალი არა ძეგლებსა და მუზეუმებში, არამედ რუსთაველის ქუჩაზე, ჭადრის ხეებიდან ხმამაღლა წაკითხულ მათ ლექსებში იყო. ამ ეპატაჟურმა, შინაარსითაც და ფორმითაც დესტრუქციულმა ტექსტებმა ჭადრებიდან ცოტა ხანში პირველი ფუტურისტული გამოცემის, H2SO4-ის ფურცლებზე გადაინაცვლა. როგორც ჩანს,  "მავნებლური" ქართული კლასიკური მწერლობის უკვალოდ გასაქრობად მათთვის ყველაზე ძლიერი იარაღი გოგირდმჟავა აღმოჩნდა, რომელმაც საბოლოოდ თავისი მიზანს, რა თქმა უნდა, მაინც ვერ მიაღწია, რადგან აქ დაბეჭდილი ტექსტების ხარისხი ქართულ კლასიკურ მწერლობას ძალიან ჩამოუვარდებოდა, თუმცა ჟურნალმა, როგორც თავისთავადმა კულტურულმა მოვლენამ, ქართულ მოდერნიზმში თავისი ადგილი მაინც დაიკავა.



სხვა თუ არაფერი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ H2SO4 ვიზუალურად ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ირაკლი გამრეკელის მიერ იყო შექმნილი, რომელიც ერთ-ერთ გამოფენაზე რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა მის მიერ ილუსტრირებული ოსკარ უაილდის "სალომეათი" აღმოაჩინა.  "სალომეათი" მოხიბლულმა რეჟისორმა გამრეკელი მაშინვე რუსთაველის თეატში მთავარ მხატვრად მიიწვია. სწორედ აქ შექმნა გამრეკელმა სპექტაკლების - შექსპირის "ჰამლეტის", "ოტელოს", შილერის "ყაჩაღების" და რობაქიძის "ლამარას" სასცენო მხატვრობის ნიმუშები,  რომლებიც მხატვრის ფუტურისტული გავლენებითა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ლაკონიური და ამავე დროს, მონუმენტური კონსტრუქციებით ხასიათდებოდა.


ვიზუალურად გამრეკელის მიერ შექმნილი H2SO4 ქართველი ფუტურისტების ერთადერთ ბეჭდურ გამოცემას არ წარმოადგენდა. მეორე იყო "ლიტერატურა და სხვა", რომელსაც მწერალი ნიკოლოზ ჩაჩავა რედაქტორობდა, მხატვრული გაფორმება კი ამ შემთხვევაში კირილ ზდანევიჩს ეკუთვნოდა. გამრეკელის მსგავსად, ქართული ფუტურიზმისა და თეატრალური მხატვრობის ისტორიაში კირილ ზდანევიჩი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურაა. ზდანევიჩიც რუსთაველის თეატრში კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა, სადაც მისი პირველი ნამუშევარი ერნსტ ტოლერის პიესა "გაზი” იყო. გარდა სპექტაკლების გაფორმებისა, ის წიგნის გრაფიკაში დიზაინერადაც მუშაობდა,  აფორმებდა გამოფენებს და ამავდროულად, როგორც დამოუკიდებელი მხატვარი, ფუტურიზმის გარდა, სხვადასხვა მიმდინარეობაში, მათ შორის, კუბიზმში, იმპრესიონიზმსა და პრიმიტივიზმში, საკუთარ ნამუშევრებსაც ქმნიდა.


კირილ ზდანევიჩის მიერ გაფორმებული "ლიტერატურა და სხვას" მეორე ნომერი აღარ გამოსულა. 30-იანი წლების დასაწყისისთვის კი ქართველ ფუტურისტთა დაჯგუფება საერთოდ დაიშალა. მისმა წევრებმა თავიანთი შემოქმედებითი გზა სხვადასხვა სფეროებში გააგრძელეს:  სიმონ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ ჩაჩავამ - პოეზიაში, ნიკოლოზ შენგელაიამ - კინოში, აკაკი ბელიაშვილმა - პროზაში, ჟანგო ღოღობერიძე და პოლ ნოზაძე კი, სამწუხაროდ,  1937 წლის  ცნობილ რეპრესიებს   შეეწირნენ.


მიუხედავად იმისა, რომ ქართული  ფუტურიზმი  კირილ ზდანევიჩისა და ირაკლი გამრეკელის გამო თეატრალურ მხატვრობასა და 1929 წელს  რეჟისორ კოტე მიქაბერიძის მიერ გადაღებულ და გამრეკელის მხატვრულად გაფორმებულ ფილმშიც - "ჩემი ბებია" - გამოვლინდა, ეს მიმდინარეობა, უმეტესწილად, მაინც ლიტერატურის საკუთრება იყო, რომლის ეპატაჟური და "ზაუმური"  (ჭკუისმიღმური ენა) ელემენტები შესაძლოა მაშინ მართლაც სიგიჟედ ჟღერდა, თუმცა ის, ამავე დროს, მომავლისთვის, ანუ დღეისთვის, იქ, სადაც  თავისი ადგილი წარმოედგინა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ძალიან საინტერესო და მყარ კულტურულ საფუძველს ამზადებდა.